წყალდიდობა საქართველოში (განახლებადი)

მთავარი ფოტო: ნიკა საბულუა

ბოლო განახლება - 13:50 სთ.

თბილისში გუშინდელ წყალდიდობასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგაშო მდგომარეობა მოხსნილია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, დედაქალაქში ამჟამად სტაბილური სიტუაციაა და არც ერთი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "საგანგაშო სიტუაცია მოხსნილია, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ყველა იმ მისამართზე, რომელიც სტიქიამ დააზიანა, მთელი დღეა ვმუშაობთ და ვეხმარებით დაზარალებულებს", - აღნიშნა გიორგაძემ. რაც შეეხება წარმოქმნილი წყალდიდობის მიზეზს, რამაც 5 ადამიანი იმსხვერპლა, "საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი აღნიშნულს მდინარე მტკვრის დონის მატებას არ უკავშირებს და განმარტავს, რომ უბედური შემთხვევა ხევებიდან ჩამოწოლილმა ღვარცოფმა გამოიწვია.

ამ დროისთვის თბილისის ყველა ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია. შეზღუდვა მხოლოდ გულიას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. განსაკუთრებით დაზიანდა ფიზკულტურის ქუჩა, მუხიანის აგარაკები და წყნეთის გზა. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა სანიაღვრე ქსელები.
პრობლემები შეიქმნა მტკვრის მარცხენა სანაპიროზეც. ღამის განმავლობაში ვახუშატის ხიდი ჩახერგილი იყო, ამ დროსითვის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
მერიაში აცხადებენ, რომ დასუფთავების სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

--

მოქალაქეები, რომლებმაც სტიქის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანები მიიღეს და თბილისის კლინიკებში იყვნენ მოთავსებული, თავს კარგად გრძნობენ. მათ, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს. როგორც news.ge-ს თბილისის ვიცე-მერმა დავით ნინიძემ განუცხადა, თბილისის სხვადასხვა კლინიკაში მყოფ დაზარალებულებს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ, რის შემდეგაც მათ კლინიკები დატოვეს. შეგახსენებთ, რომ წუხანდელი წყალდიდობის შედეგად სულ 30-მდე დაზარალებულს დასჭირდა ამბულატორიული დახმარება. მათგან შვიდი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
--
გუშინ ღამით მოსული წვიმის შედეგად თბილისის თითქმის ყველა უბანში ქუჩები დაიტბორა.
მძიმე მდგომარეობაა წყნეთის ხევშიც. ადიდებული წყალი საცხოვრებელ სახლებში შევარდა. წყალმა ეზოებში შლამი და ტალახი ჩაიტანა. რთული მდგომარეობაა ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორიაონში, სადაც დატბორილია 9-სართულიანი შენობების პირველი სართული და მოსახლეობა ბინებიდან ეზოში გამოსვლას ვერ ახერხებს. დატბორილია ასევე ლიუბლიანას ქუჩის ეზოებიც. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო და სახანძრო სამსახურები, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა სარდაფებიდან და დატბორილი ეზოებიდან. მთაწმინდის რაიონში სარაჯიშვილის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევის დროს ადამიანები სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივების თქმით, შენობა ავარიული იყო. ძლიერმა წვიმამ თბილისის ზოგ უბანში ხეების წაქცევაც გამოიწვია, რაც ნიადაგის დარბილებითა და ქანების გადარეცხვითაა განპირობებული. ბოლო ასეთი შემთხვევა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეზოში მოხდა. სადაც დაახლოებით 45 წლის ნაძვი წაიქცა. წაქცევის შემდეგ ხემ შესასვლელი ჩახერგა და მისი დაჭრა გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.
---
საქართველოს პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში სტიქიის შედეგად მომხდარი უბედურების გამო, რასაც ტრაგიკული შედეგი მოყვა. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და თანაუგრძნობს მათ ახლობლებს.

შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი. წვიმა წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით 11 საათისათვის გაძლიერდა. ორთაჭალაში კოკისპირული წვის გამო მოვარდნილმა ღვაცოფმა მიწის ნაწილი მოწყვიტა, რამაც კოლექტორი ჩახერგა და მდინარე მტკვარი სავალ გზაზე გადავიდა. ფერდობებიდან ჩამოსულმა წყალმა ქუჩები და სახლები დატბორა და მანქანები ამოაბრუნა. წყალმა შლამი და მოგლეჯილი ხეები სახლებში შეიტანა. ამოყირავებული მანქანებისგან გზის გასათავისუფლებლად მძიმე ტექნიკის გამოყენებაც გახდა საჭირო. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, სტიქიის შემოტევის პირველი წუთებიდანვე წყალდიდობის ზონაში იმყოფებოდა თბილისის მერი გიგი უგულავა. დილის ექვსი საათიდან რამდენიმე ქუჩის გარდა ყველა გზა გათავისუფლდა.
--
სტიქიის შედეგად დედაქალაქისთვის მიყენებული ზარალი მასშტაბურია და ჯერ ბოლომდე დადგენილი არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა. დედაქალაქის მერია გამგეობებთან ერთად ამ დროისთვის წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლის. "ჯერჯერობით რთულია ზუსტად თქმა იმისა, თუ რა თანხას შეადგენს ზარალი. თუმცა, რა თანხაზეც არ უნდა იყოს საუბარი, აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება და ის გუშინვე დაიწყო. ზარალის ოდენობას ახლა ვითვლით. ძირითადი დაზიანებები სტიქიის ეპიცენტრში არსებულ შენობებზეა. ასევე დაზიანდა გზები, გარე განათება და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა", - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, მერია დაეხმარება ყველა ადამიანს, რომელიც გუშინდელი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
--
დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კრწანისში დატბორვა ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში არსებულმა ხელოვნურმა ტბამ გამოიწვია, - ამის შესახებ გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა .
"წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ყოფილ სამთავრობო რეზიდენციაში არსებული ტბა გასკდა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მე თვითონ, ღამის 4 საათზე ვიყავი იქ და დავათვალიერე ეს დახურული ტერიტორია. იქ ამის ნიშნები არ შეინიშნებოდა", - განმარტა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები, რომ დადგინდეს, ზუსტად რამ გამოიწვია წყლის მოვარდნა. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე იკვეთება ის სურათი, რომ იმდენად დიდი იყო მოვარდილი წყლის ნაკადი, რომ არსებულმა კალაპოტმა ვერ გაატარა და დარტყმა მიაყენა კალაპოტის ზემოდან დაშენებულ ოთახებს.
თბილისის მერის განცხადებით, იქ, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა და ადამიანები დაიღუპნენ, პრაქტიკულად ყველა უკანონო ნაგებობა იყო. "პრაქტიკულად ეს არის ყველა უკანონო ნაგებობა. აქ არის ავტოფარეხები და მათ უკან ხევში ჩაშენებული ოთახები", - განაცხადა უგულავამ.
--

დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება დღის მეორე ნახევარში სრულად აღდგება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ განუცხადა .

მისი თქმით, წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად, 60 ფიდერი დაზიანდა, ამის გამო თბილისის რიგ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ფანცულაიას განცხადებით, "თელასის" თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ და პირველ რიგში ელექტორენერგია სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს აღუდგა. "დღეს დილიდან კი 30 ავარიის ლიკვიდაცია მოხდა", - აღნიშნა ფანცულაიამ.

--

‎"ორთაჭალჰესის" ხელმძღვანელობის მტკიცებით, გუშინდელი წყალდიდობის შედეგად მოქალაქეების დაღუპვა მდინარე მტკვრის ადიდებას არ გამოუწვევია.რაც შეეხება თავად მტკვრის დონეს, ზვიად ჩუბინიძის განმარტებით, მდინარემ მხოლოდ 200 კუბით მოიმატა. "მდინარეში წყლის დონის მატებას ადგილი არ ჰქონია. მაქსიმალური რაოდენობა 650 კუბი დაფიქსირდა, წვიმამდე კი ის 450 კუბს შეადგენდა. 200 კუბის მატებას არც "ორთაჭალჰესისა" და სანაპირო ზოლისთვის პრობლემა არ შეუქმნია. ეს დასაშვები დონეა, წყალი გავატარეთ ყოველგვარი ექსცესების გარეშე. "ორთაჭალჰესის" კაშხალი 3 ათასი კუბი წყლის გატარებაზეა გათვლილი. ასე რომ, 650 კუბი მდინარე მტკვრისთვის არაფერია", - განმარტა ზვიად ჩუბინიძემ.

--
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს რკინიგზა, წყალდიდობის მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობს. როგორც აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში აცხადებენ ამ დროისთვის დაგეგმილი ყველა რეისი შესრულდა.
წვიმას პრობლემები არ შეუქმნია არც საქართველოს რკინიგზისთვის. რკინიგზის ცხელი ხაზის ინფორმაციით, მატარებლები ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად მოძრაობენ.
--
"წყალდიდობის დროს ან მის შემდეგ წყალი, შესაძლოა, იყოს დაბინძურებული მიკრორგანიზმებით, ბაქტერიებით, კანალიზაციის წყლით, სოფლის მეურობის ან სამრეწველო ნერჩენებით, ქიმიკატებით, და სხვა ნივთიერებებით, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული დაავადებები. კატეგორიულად აკრძალულია ასეთი წყლის გამოყენება ბავშვებისთვის”, - ამის შესახებ ინფორმაცია ვერმონტის ჯანდაცვის დეპარტამეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
მოსახლეობამ, რომელებიც სარგებლობენ ჭების ან ჭაბურღილების წყლებით ყურადღება უნდა მიაქციონ წყლის ფერს და სუნს. აუცილებელია ფერშეცვლილი და სუნის მქონე წყლის გადადუღება. წყალმა მინიმუმ 1 წუთი უნდა იდუღოს, რათა ის გამოიყენოთ სასმელად, საჭმლის მოოსამზადებლად, ხილის ან სხვა საკბევის გასარეცხად, პირის ღუს მოსაწერიგებლად ", - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ონკანის წყალს, მისი უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება შესაბამისი სამსახურების ვალდებულბას წარმოადგენს. თუმცა მოსახლეობამ ამ შემთხვევაშიც ყურადღება უნდა მიაქცოს იმ გარემოებას, ხომ არ მოხდა მაგისტრალის ან მაგისტრალისთვის მიერთებული მილების დაზიანება, საიდანაც შესაძლებელი იყო მისი დაბინძურება.
წყლის შეცვლილი ფერის და სპეციფიური სუნის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის სამსახურს, ხოლო წყალი აუცლებლად გადადუღდეს.

კომენტარი