შეყვარებული მარო მაყაშვილი სიკვდილის წინ მამას „რაიმე ტკბილეულის“ გაგზავნას სთხოვდა...

მარო მაყაშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში დაიბადა – მამა, კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი ცნობილი პოეტი და მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამააარებელი იყო, ხოლო დედა – თამარ გაბაშვილი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის ასული გახლდათ. მარო სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. სურდა უცხო ენების შესწავლა, მაგრამ არ დასცალდა. მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია.

როდესაც საბჭოთა რუსეთის XI არმია შემოესია საქართველოს, მის თავისუფლებას დაემუქრა, ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს, სამშობლოს დასაცავად მოუწოდა მათ. მაშინ დაირაზმა მთელი ქართველი ახალგაზრდობა, ერთი სულისკვეთებით მოცულნი ფარად და მახვილად ექცნენ სამშობლოს. სტუდენტებს არც გიმნაზიელები ჩამორჩენიან, მათაც შეუქმნიათ ასეული… მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო შალვა მაყაშვილი. “მივდივარო” – მოულოდნელად განუცხადა ოჯახის წევრებს, პოეტმა მამამ, კოტე მაყაშვილმა გზაც დაულოცა ნაუცბათევად დავაჟკაცებულ შვილს.

„… წადი, შვილო, შეასრულე,

რაც გიბრძანა შენმა გულმა…“

მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, 19 წლის მარომაც ფრონტზე მოხალისედ წასვლა გადაწყვიტა. მასთან ერთად მოხალისეებად წავიდნენ ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. 17 თებერვალს ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს, სადაც უკვე გააფთრებით იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებელი საქართველოსთვის. შემორჩენილია ამ პერიოდის მაროს წერილები, რომლებიც სავსეა პატრიოტული სულისკვეთებით.

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა…

23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც.

ზაქარია ფალიაშვილის “დაისის” მთავარ გმირს სახელი მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია, ასაკიც იგივეა…

ცნობილია, რომ მარო წერდა მოთხრობებს, მაგრამ შემორჩა მისი ჩანაწერების მხოლოდ მცირე ნაწილი.

მარო მაყაშვილის დღიურების ფრაგმენტები

მასალის მტავარ ფოტოდ მარო მაყაშვილის დღიურია, საქართველოს დროშაც მაროს დაუხატავს და ყდის მარჯვენა ზედა კუთხეში მიუწერია: “რასაცა გასცემ, შენია, რაც არა - დაკარგულია…”

„...ყველა ჩქარობდა წასულიყო ყანაზედ და მოეთოხნა პური, რომ წლის სარჩო შეეძინათ. ყველა ფუსფუსებდა, უმეტესად დედაკაცები. კაცები აქა-იქ სჩანდნენ, ისიც ან ძალიან ახალგაზრდები ან ბებრები. ყველა მირბოდა მდელოებისაკენ. ამ ფუსფუსში ბევრს ცრემლი ადგებოდა თვალთ. რა ამბავი იყო? აი რა: მუშა ხელი გამოილია. რამდენმა ყმაწვილმა ბიჭმა შესწირა თავი მამულს და რამდენი სხვა ქვეყანაში იყო და თავისი სამშობლო გასაუბედურებლად დაუგდო.

ამ ომმა ბოლო მოუღო მუშაობასაც და ბედნიერებასაც. რამდენმა დედამ გაგზავნა თავისი შვილი სასიკვდილოთ. რამდენმა დედამ ღამეები ლოცვაში და ტირილში გაატარა. საბრალო არსებანი. გაზარდეს რა წვალებით და ეხლა რა დღე დაადგათ. ნუთუ მაგისთვის შეწირა დედამ თავისი სიცოცხლე, რომ ვიღაცა გარეული ადამიანისათვის შესწიროს შვილი. სამშობლო, საქართველო აღარ იყო.

მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოს უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქათველი წაასხა. სად არის სამართალი. ერეკლევ, ერეკლევ, რაზედ დაგვღუპე? მართალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი. იმიტომ რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ, რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო!

გაზაფხულია, მოალერსე, მომღიმარი, მაგრამ ეს არავისზედ არ მოქმედობს. მათი ფიქრები სულ სხვაგან არის ან შვილებთან, ან ქმრებთან და ძმებთან, რომელნიც იქნება განგმირულნი გდიან ბრძოლის ველზედ. მოხუცებული კაცები მიიზლაზნებოდნენ მინდვრებისკენ გადაგდებული თოხებით და ხორბლით.

უკანაც ბავშვები მისდევენ წყლითა და პურით, მთელი დღის საგზლით. სიმღერა აღარ ისმის. სად არის ურმული და ჰოროველა? ყოველი ხორბალი ცრემლებით ითესება. მისი მთესველი იმას არ ევედრება ღმერთს, რომ კარგი მოიყვანოს ყანა და შიგ ღვთის თვალი დატრიალდეს და თავთავმა მიწაზედ დახაროს სიმძიმისაგან თავი. არა! ის ლოცულობს მისი შვილი ან მახლობელი მშვიდობით დაბრუნდეს ბრძოლიდან და მაგაზედ მეტი მას არა უნდა რა.

ნუთუ დადგება ის დრო როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე, მალე მოვიდეს ის დღე და ქედ მოხრილნი მარტო შენი მონები ვიყნეთ.

რა იქნა ძველი ჩვენი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრათ დარჩენილმა რუსმა. ოჰ, როგორ მძულან, მეტადრე ეხლა, ამ ომის დროს და მერე: ვკითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა! ეგ ერთი ერია მგონი ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი, ღმერთო, მოგვიმართე ხელი.

1918 წლის 20 მაისი

10 საათი საღამოსი

თბილისი

„…ამას წინათ მეხუთედ შემხვდა ”ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი, რისთვის, იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ… ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის… ამას წინათ თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო…

რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ…

20 მარიამობისთვე“.

„…მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? 17 ენკენისთვე.

„…თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ. 10 ოქტომბერი, 1918 წელი.

„...ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო? ძალა რომ მქონდეს მე…

რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა. 17 დეკემბერი (ახ. სტილით).

„...ჩემს უკან მოდიოდნენ ორი რუსი, ერთმა მათგანმა თქვა, როდესაც ქართული სიმღერა გაიგონა: “პოი ლასტოჩკა, პიო, ი მოგილი სებე როი”, აი რუსების უკანასკნელი გამომშვიდობება. ამ სიტყვით მოგვეგებნენ. ეს აზრი დაგვილოცეს.“

ჩემი ძმები და ამხანაგები,

ვინც შეიწირა ომმა წყეულმა,

ასე მგონია რაღაც განგებით

თეთრ წეროებად გადაქცეულან…

წეროთა გუნდი ყივის და ყივის

ისინი მართლაც ჩემი ძმებია.

სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი

და, ალბათ, ჩემი შესავსებია…

წერილი ფრონტიდან:

„…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო.

ჩემს მაროს

კოტე მაყაშვილი, 1921 .

დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი,

ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,

ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,

ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,

თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!

გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;

საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!

დავიღალე… დავიჩაგრე… და შენი ვარ მხმობელი,

ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,

სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..

დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!

მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!

მაროს მამა – ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?

როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!

შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!

შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,

სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,

და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,

წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!..“

მომზადებულია "მატიანეს" მიხედვით.

კომენტარი