განახლება თიბისის მთავარი ეკონომისტისგან - განაკვეთის აწევა, რომელიც ეკონომიკის ზრდას არ შეამცირებს

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა - განაკვეთის აწევა, რომელიც ეკონომიკის ზრდას არ შეამცირებს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 17 მარტის შეხვედრაზე, მზარდი ინფლაციური ზეწოლის გამო, საპროცენტო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით ასწია. საერთაშორისო დონეზე უფრო გავრცელებული ლოგიკით, აღნიშნულს, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, სადაც რეფინანსირების განაკვეთის აწევა გათვალისწინებული არ იყო, ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება უნდა გამოეწვია. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალი ზრდის მოლოდინს უცვლელად ინარჩუნებს. მიზეზი ისაა, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი და გარკვეულწილად ეკონომიკა, არა ერთ, არამედ სამ ვალუტაში ოპერირებს და ლარში გამკაცრება ევროსა და დოლარში შედარებით შერბილებას ნიშნავს. ამდენად, არ არის აუცილებელი, რომ სესხების ზრდა შემცირდეს. უფრო მეტიც, სტაბილური და/ან გამყარებადი ლარი ხელს შეუწყობს სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების გაუმჯობესებას და შესაბამისად, სულ მცირე ახლო პერსპექტივაში, ეს უფრო ძლიერი ზრდის სტიმულიც იქნება.

ლარის გამყარების სცენარის შემთხვევაში, თიბისი კაპიტალი არ პროგნოზირებს, რომ ლარის გამყარება არამდგრადი იქნება, რადგან ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და ასევე, განსაკუთრებით სავალუტო სესხების აღდგენის შემთხვევაში, საგარეო შემოდინებების დანაკლისის დაფინანსება საკმარისზე მეტიც კი შეიძლება იყოს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზის მხრივ, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს საშუალო ვადიან პერსპექტივაში პოლიტიკის შერბილების პროგნოზს. აღნიშნული გამკაცრების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ შერბილების ციკლი უფრო ადრე დაიწყება, ვიდრე ეს თიბისი კაპიტალის წინა საბაზო სცენარში იყო გათვალისწინებული.

თიბისის მთავარი ეკონომისტის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - Tbccapital.ge

კომენტარი