სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაინტერესებთ, რამდენ ევროს გამოიმუშავებენ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ქართველები?

გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის დაანონსებისთანავე ვებ-გვერდზე საქართველოდან 100 000-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. ისინი საზღვარგარეთ დროებითი სამუშაოს მაძიებლები არიან.

საინტერესოა, რამდენი მოქალაქე გაემგზავრება და რა პირობებში მოუწევთ მუშაობა. რამდენია მაქსიმალური ანაზღაურება, რომელიც შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებმა იმ სამ თვეში გამოიმუშაონ.

“პრაიმტაიმი” გერმანიის შრომითი პირობების შესახებ სასაუბროდ ლონდა ჯაფარიძეს დაუკავშირდა, რომელიც გერმანიაში 10 წელია ცხოვრობს და ოფიციალური მუშაობის ნებართვით იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოდან ჩასულებს გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, კვირაში მაქსიმუმ 48 საათი შეეძლებათ მუშაობა. ცნობილია, რომ სეზონურად დასაქმებულებს საათობრივი ანაზღაურება ექნებათ – ერთ საათში 9.5 ევრო.

მისი თქმით, დასაქმებულები საშუალოდ 3 000 ევროს საქართველოში ჩამოიტანენ, როცა მათი სამთვიანი კონტრაქტი ამოიწურება და სამშობლოში დაბრუნდებიან.

“გერმანიაში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკია, სადაც 30 წუთი შესვენებას ეთმობა. შრომის პირობები მკაცრად კონტროლდება, დამსაქმებლები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ მოვალეობებს და ასევე მოითხოვენ დასაქმებულთაგანაც, მაგალითად მობილური ტელეფონის გამოყენება ნებისმიერი სამუშაოს დროს, აკრძალულია.

რაც შეეხება ანაზღაურებას, სეზონური სამუშაოს შემთხვევაში, დასაქმებულმა საათში 10 ევრომდე შეიძლება გამოიმუშაოს. ახლა, საუბარია 9.5 ევროზე. კვირაში 48 საათზე მეტი სამუშაო კანონით იკრძალება, რადგან ეს შრომითი ექსპლუატაციით კვალიფიცირდება.

დღეში 8 საათიანი სამუშაოს პირობებში ერთ ადამიანს აქვს შესაძლებლობა გამოიმუშაოს მაქსიმუმ 76 ევრო. კვირაში, 5 სამუშაო დღეში ხელფასი 380 ევროს შეადგენს, ხოლო თვეში, საშუალოდ 24 სამუშაო დღეში ხელფასი დაახლოებით, 1 700 ევრომდე გამოდის, საიდანაც დასაქმებულს ხარჯი ქირის ნაწილსა და საკვებ პროდუქტებში აქვს.

დამსაქმებლები დარეგისტრირებულნი არიან ინდ. მეწარმეებად. ისინი დასაქმებულებისთვის ბინებს ქირაობენ და იქ ცხოვრობენ. დამსაქმებლები და დასაქმებულები ქირის ღირებულებას იყოფენ, დასაქმებულს თვეში ხელფასიდან 250 ევროს უქვითავენ.

რაც შეეხება კვებას, ეს გერმანიაში საკმაოდ იაფია. კვირაში 40 ევრო კვების პროდუქტებისთვის სრულად საკმარისია.საშუალო დონის კვებას კვირაში 160 ევრო სჭირდება. როგორც წესი, სეზონურ სამუშაოებზე ადამიანებს გზის თანხა არ სჭირდებათ, რადგან სამუშაო ადგილთან ახლოს ხდება მათი საცხოვრებლად განაწილება. გამოდის, რომ ერთ ადამიანს გამომუშავებული თანხიდან საცხოვრებელ ფართსა და კვებაში 410 ევრო ეხარჯება.

თვითნებურად საქართველოდან დროებით ჩამოსულებს არ აქვთ შესაძლებლობა ბინა იქირაონ, რადგან გერმანიაში ქირის ხელშეკრულება მინიმუმ 1 წელზე ფორმდება.

აქ ჩამოსული დასაქმებული თუ ტანსაცმელს ან სხვა ნივთებს შეიძენს, საშუალოდ თვეში 1 000 ევრო მაინც დარჩება. სამთვიან პროგრამაზე კი, 3 000 ევრო საქართველოში უნდა ჩამოიტანონ, რაც ჩვენს ქვეყანაში 12 000 ლარზე მეტია. ამ თანხით კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავის გატანას მათი ოჯახები შეძლებენ. ” – ამბობს გერმანიაში მცოხვრები ემიგრანტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100