ქუთაისში გარდაცვლილი 30 წლის მამაკაცის მეუღლე: შეუძლებელია თავი მოეკლა...დიდი ხანია საბერძნეთში ვარ, გუშინ ვურეკავდი და ყურმილს არ იღებდა, შემდეგ მეზობელს ვთხოვე შესულიყო

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახელებაში, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ზურა ჭონიშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი მეზობელმა იპოვა. შუახნის მამაკაცს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, მის ქმარს პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ არ სჯერა, რომ მისი ქმარი თავს მოიკლავდა.

,,მე დიდი ხანია საბერძნეთში ვარ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში ვურეკავდი და ყურმილს არ იღებდა, შემდეგ მეზობელს ვთხოვე შესულიყო და გაეგო ხომ არაფერი უჭირდა. ცოტა ხანში კი გავიგე, რომ თავი მოუკლავს. მას ისეთი ხასიათი ჰქონდა შეუძლებელია თავი მოეკლა, სულ ვეუბნებოდი ბავშვის ხასიათი გაქვს- მეთქი. დილით ბავშვის ხალიჩას წმენდდა, ჩვეულებრივად მესაუბრებოდა და როგორ დავიჯერო, რომ უცებ თავის მოკვლა გადაწყვიტა? ვფიქრობ, ეს არ არის თვითმკვლელობა. 180 მეტრი სიმაღლის კაცი, 230 მეტრზე როგორ ჩამოეკიდებოდა? ისიც გაუგებარია ვის უნდა მოეკლა იგი", - ამბობს გარდაცვლილის მეუღლე ნინო ჭონიშვილი.

იგი საბერძნეთიდან დღეს დილით ჩამოფრინდა.

მამაკაცის მეზობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილს არც ეკონომიკური და არც ოჯახური პრობლემები არ ჰქონია, ამიტომ გაუგებარია რატომ მოიკლა თავი.

გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში მოათავსეს და დღეს დილით სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის პასუხები ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


წყარო: kutaisipost.ge

კომენტარი