ლისის ტბასთან დაჭრილი 41 წლის მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ლისის ტბასთან რამდენიმე დღის წინ დაჭრილი 41 წლის მამაკაცი კლინიკაში დღეს გარდაიცვალა - ამ ინფორმაციას რეგიონალურ ჰოსპიტალშიც ადასტურებენ.

შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება რამდენიმე პირს შორის ლისის ტბის მიმდებარედ მოხდა. 41 წლის მამაკაცი ერთ-ერთ ავტომობილში დაჭრეს, შემდეგ კი საკუთარ სახლთან მიატოვეს.

გამოძიება 19-109 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაძლებელია გამოძიების მიმდინარეობისას მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

მათივე ცნობით, მომხდარში ბრალდებული ამ დრომდე არაა დაკავებული.

კომენტარი