სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, მათ შორის ყოფილ და მოქმედ პოლიციელებს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, მათ შორის ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა - ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

როგორც ქვემო ქართლის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსულმა ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 370-ე მუხლის ნაცვლად, 143-ე მუხლის 25-143-3ა-თი წაუყენა ბრალი პროკურატურამ.

,,გიორგი გეთაშვილს ბრალი დაუმძიმდა, ბრალის ფორმულირება შეიცვალა, ის დაკავებული იყო სსკ-ის 370 მუხლით, ხოლო ახლა დაკავებულია სსკ-ის 143 მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3ა-თი, ანუ ეს მუხლი ითვალისწინებს, ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას. ანუ ბრალდების ვერსია და ვარაუდი არის, რომ თურმე, ჩვენ პოლიციელებთან ერთად დავგეგმეთ ჩვენი მეგობრის გატაცება, ეს არის აბსურდი, არანაირ ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება. წარმოუდგენელია, როდესაც პოლიციელის ფორმა აცვია, როგორ შეიძლება შენ განცდა გქონდეს, რომ შენს მეგობარს იტაცებს. ეს ერთი და მეორე, როგორ შეიძლება შენი მეგობარი გადასცე პოლიციელებს, რომ შემდგომ მათ თუ სხვებმა, აღნიშნული პიროვნება მოკლან, ეს მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ ეს ბრალდება განწირულია, დღის სინათლეს ვერ იხილავს“ - განაცხადა გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა.

მისი ინფორმაციით, გიორგი გეთაშვილთან ერთად, პროკურატურამ ბრალი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს 143-ე მუხლით წაუყენა რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღვეთას გულისხმობს, გ.ა-ს კი ბრალი სსკ-ის 109 მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც გეთაშვილის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გარდა, ამ ეტაპზე ადვოკატი დაკავებულებიდან დანარჩენ ოთხს არ ყავს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100