ბიძინა ივანიშვილი - „შავი სიის“ პროცესი გუშინ არ დასრულებულა, ეს იქნება მუდმივი პროცესი

„შავი სიის“ პროცესი გუშინ არ დასრულებულა, ეს იქნება მუდმივი პროცესი და გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება შეეძლოს“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, ამის შესახებ მან ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, ამდენად ინიციატივა არ არის წინასაარჩევნო.

„მე არ შევეცდები ამ სიტუაციის აღწერას, რომ „შავ სიასთან“ დაკავშირებით რა მოხდა, პრემიერზე ადრე მე მივეცი დაპირება, თუ გახსოვთ, როდესაც კვირიკაშვილს მე საჯაროდ მივეცი შენიშვნა რომ ხალხის ნაწილი, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბის ზღვარს კიდევ უფრო მიღმა წავიდა და გაღარიბდა, კვების რაციონი შეიცვალა ძალიან ბევრმა, და აქ იყო დაგვიანებული ქმედებები და დავპირდით, რომ წლის ბოლომდე მოვახერხებთ საზოგადოების ამ ნაწილს დავეხმაროთ. ამიტომ ნუ ჩათვლიან ამას საარჩევნოდ, რამეთუ, ჯერ კიდევ მაისში გაკეთდა ჩემგან ამაზე განცხადება. ეს არის კარგი მაგალითი იმის, რომ თუ ცდილობ, შეიძლება გამოგივიდეს კიდეც. მთავრობა, რომელიც დღეს ახალი სახით წარმოსდგება, ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც დავიწყეთ ზემოდან და ბოლომდე, მუნიციპალიტეტის დონეზე მოვახერხებთ, რომ ასეთივე ვერტიკალი დავამყაროთ. როგორი მთავრობაც გვყავს დღეს, ასეთივე იქნება ნებისმიერ მუნიციპალიტეტში მერი და საკრებულო, ასე იქნება მოწოდებული, რომ მაქსიმალური გააკეთოს და შეეცადოს ხალხს შეუმსუბუქოს. შევეცადეთ? ვიმუშავეთ? ბევრი შრომა დავხარჯეთ, მაგრამ გამოვიდა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მაგალითად მმართველი პარტიის ლიდერმა მცხეთა მოიყვანა, სადაც, მისი თქმით მშენებლობა პრაქტიკულად შეჩერებულია.

„იცით, რომ UNESCO-ში შეტანასთან დაკავშირებით იქ კითხვები იყო, ამიტომ ბიუროკრატიამ მარტივად გადაჭრა და გააჩერა ყველაფერი. ხალხი ელემენტარულად პატარა მიშენებასაც ვერ გააკეთებს. მოკლე დროში ვიწვალეთ და გუშინ ეს საკითხიც დაიძრა და გადაიჭრა. ასეთი უნდა იყოს დამოკიდებულება და ეს უნდა გაგრძელდეს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


კომენტარი