ანდრეს მამიკინსი: საქართველო კორუფციასთან ბრძოლას წარმატებით აგრძელებს

საქართველო კორუფციასთან ბრძოლას აგრძელებს და ჩემი აზრით, წარმატებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსმა პირველ არხს განუცხადა.

როგორც ანდრეს მამიკინსმა აღნიშნა, კორუფცია ძალიან დიდი პრობლემაა ბევრი ქვეყნისთვის.

„კორუფცია პრობლემაა გერმანიაში, ლუქსემბურგში, შვედეთში და ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოში. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა, მაგრამ თქვენ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. საქართველოს ამ ბრძოლას აგრძელებს და ჩემი აზრით, წარმატებით. მინდა, წარმატება გისურვოთ. მე ვხედავ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას სურვილს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მედია გარემოს, საქართველოში გაცილებით თავისუფალი გარემოა, ვიდრე თქვენს მეზობელ ქვეყნებში. ვგულისხმობ სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს”, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

ამასთან, მამიკინსმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვაზე დებატების ერთად გამართვის წინააღმდეგი იყო.

„მოლდოვა და საქართველო ორი განსხვავებული ქვეყანაა. მოლდოვას ჰყავს პრორუსული პრეზიდენტი, პროევროპული პარლამენტი და პროევროპული მთავრობა. მოლდოვაში მძიმე კორუფციული გარემოა. მოლდოვა არ ახდენს დემონსტრირებას სურვილის და პოლიტიკური ნების რეფორმების გასაგრძელებლად, როგორც ამას საქართველო აკეთებდა დ აკეთებს. ბევრი მიზეზის გამო, არ მსურდა, რომ მოლდოვაზე და საქართველოზე ერთდროულად გამართულიყო დებატები. მოლდოვამ და საქართველომ ერთად მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ამ ეტაპზე სხვადასხვა ხარისხის წინსვლა და წარმატება აქვთ. ბევრ ჩემს კოლეგას არ მოსწონს, რომ მოლდოვაზე და საქართველოზე ერთად უნდა გავმართოთ დებატები, მაგრამ ამის შეცვლა ახლა აღარ შეიძლება”, – განაცხადა მამიკინსმა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია. ანგარიშში შეფასებულია საქართველოსთან ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების დონე.

კომენტარი