სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

google-ში დაკრეფილი ყვავილები და ინტერნეტის მფარველი წმინდანის კონკურსი

რას შვრები, როგორ ხარ, სად იყავი, ვინ ნახე, რა გეცვა და რა გეხურა - ასეთი მეგობრული დაკითხვით იწყება ხოლმე საღამოს სოციალურ საიტზე „გამწვანება“. პასუხებიც ერთფეროვანი, გაცვეთილი, შაბლონური, დაზუთხული.

„ან მე, ან კომპიუტერი“ - ყურადღებას ითხოვს დედა, ხოლო მამაჩემს რომ კითხოთ, პატიოსან, წესიერ და ოჯახისშვილ გოგოს საერთოდ რა უნდა ინტერნეტში. არადა, რომ დავძებნე და გადავიკითხე, ინტერნეტი თავისი ასაკით სწორედ რომ მშობლების თაობას მიჰყვება ფეხდაფეხ.

გაცილებით შორს წავიდნენ კათოლიკეები და კერძოდ ვატიკანი, როცა გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საგანგებოდ შექმნილ საიტზე ინტერნეტის მფარველი წმინდანის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადეს. კანდიდატები მრავლად ჰყავდათ: წმინდა ისიდორე, წმინდა თეკლა, წმინდა პედრო, წმინდა რიტა... შერჩევა რამდენიმე წელს ისე გაიწელა, რომ ბოლოს თავად რომის პაპმა, იოანე პავლე მეორემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა: ინტერნეტი - ესაა კაცობრიობის ცოდნის ენციკლოპედია... და მისი მფარველობა წმინდა ისიდორე სევილიელს უნდა დაეკისროსო. არჩევანი არგუმენტებით დასაბუთდა: ისიდორე სევილიელი - მსოფლიოში პირველი ენციკლოპედიის („ეტიმოლოგია“) ავტორი და უკანასკნელი ადამიანია, ვისთვისაც ლათინური მშობლიური ენა გახლდათ.

მართლმადიდებლური სამყარო მსგავსი ტიპის წმინდანებს არ სცნობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის ამ აღმსარებლობის მქონე ბევრ ქვეყანას, რომ ინტერნეტს, სულ ცოტა, დაბადების დღე მაინც გადაუხადოს და თან წელიწადში რამდენჯერმე: მაისში, აპრილში, სექტემბერში...

ვინც ცრუმორწმუნე არ არის და არც საიუბილეო 40 წელი აშინებს, შეუძლია გაიხსენოს და აღნიშნოს, რომ პირველი ელექტრონული წერილი 1971 წელს რეი ტომლინსონმა საცდელად ერთი კომპიუტერიდან მეორეში წარმატებით გაგზავნა. ასე ამუშავდა ელექტრონული ფოსტაც.

მომდევნო წელს იმავე ტომლინსონმა ფოსტისთვის „@“ ნიშანი შექმნა, ე.წ. „ძაღლუკა“, რომელიც ქართულში რუსული „საბაჩკას“ პირდაპირი თარგმანით დამკვიდრდა, მაშინ როცა იგივე @ ნიშანი ბერძებისთვის „იხვის ჭუკია“, დანიელებისთვის „სპილოს ხორთუმი“, გერმანელებისთვის „მაიმუნი თავდაყირა“.

მსოფლიო ქსელში ჩართულმა „ყუთმა“ თანდათან ყველა ჩაიტია და სამყაროც თითქოს დაპატარავდა: 1995 წელს Classmates.com-ის მეპატრონე რენდი კონრადი პირველ სოციალურ ქსელს ქმნის და www ნიშანი საქმიანი, ბიზნეს-პოლიტიკური წრეების გარდა ჩვეულებრივი მოქალაქეების, რიგითი მომხმარებლების დაინტერესების საგანი ხდება. დაკარგული ნაცნობების პოვნისა და კომუნიკაციის წყურვილს მოკლებულთა რაოდენობამ მოკლე დროში რამდენიმე ათეულ მილიონს გადააჭარბა.

მაინც რითი იზიდავს ასე ვირტუალური სამყარო ადამიანებს? ამ კითხვაზე პასუხის ძიებამ ფსიქოლოგები ახალი ფენომენის აღმოჩენამდე მიიყვანა, სახელად: „მარტოობა ბრბოში“. მათი დასკვნებით, ინტერნეტი - ესაა ერთგვარი მიკროსამყარო, სადაც ადამიანს თავისუფლად და უკომპლექსოდ შეუძლია აჩვენოს თავი; გარემო, სადაც ძლიერდება სოციალური სტიმულაცია და მაღლდება თვითშეფასების დონე. აქ თავისუფლად შეგიძლია იყო სხვათა დამკვირვებელიც: ვინ სად ისწავლა ან სწავლობს, ვინ სად მუშაობს, სად სადილობს, როგორ აცვია, თავისუფალ დროს რითი ერთობა, რა ტიპის ადამიანები ახვევია გარს და ა.შ. ამ შემთხვევაში სტიმულაცია ორმხრივია, თითოეული მომხმარებელი მიმღემთან ერთად ხდება გამცემიც. სინამდვილეში კი მთელ ამ კიბერურთიერთობებს მაინც წარმოსახვითი ხასიათი აქვს. ეს იგივეა, ყოველდღე უყურო საინფორმაციო გამოშვებას და მის წამყვანთან ნაცნობობის განცდა დაგეუფლოს.

ვირტუალური კვაზიურთიერთობები წარმატებულია პირადი ცხოვრების სფეროშიც. მდედრობითი სქესი სარკის ნაცვლად თავს ე.წ. „ვებკამერაში“ იწესრიგებს, მამაკაცებიც აღარ იღლიან თავს ფიქრით რომანტიკული შეხვედრების მოსაწყობად, აქ ყველაფერი ზედმეტად მარტივადაა: შეხვედრის ადგილი - ონლაინ სასაუბრო, ყვავილები - უეკლო და გუგლში დაკრეფილი.

მსოფლიოს უკვე აქვს სკაიპით ონლაინქორწინების მაგალითებიც. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის ერთი სფერო, რომელშიც ინტერნეტი უძლურია და კიბერსამყაროში გაზარმაცებულ ორივე სქესს რეალური ნაბიჯისკენ უბიძგებს - დემოგრაფია. საბედნიეროდ, ვერც ერთი დღეს მოქმედი სოციალური ქსელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის გაჩენას.

წარმოსახვით სამყაროს თან ხელოვნური ემოციებიც ერთვის: არითმეტიკული ნიშნებით გაღიმება, ხარხარი, მოწყენა, ტირილი, კოცნა, გაბრაზება, გაოცება, იმედგაცრუება...

თანამედროვე ლინგვისტურ გლოსარიუმებში უკვე შეტანილია ახალი ერთეული სახელად „სმაილის ენა“. მაგალითად, გერმანელი ლინგვისტი ვერნერ ვაიტი თავის 2005 წელს გამოცემულ „სოციოლინგვისტიკაში“ ცალკე ენობრივ ერთეულად გამოყოფს „სმაილს“, როგორც „სპეციალურ ენას ინტერნეტში“, როგორც „ვირტუალური კომუნიკაციის ახალ საშუალებას“. ცოტა უფრო ადრე, 2001 წელს მაიკლ ბაისვენგერმა ის, როგორც „ჩატკომუნიკაციის ენა“, ისე მოიხსენია. ლინგვისტების შენიშვნით სმაილს, როგორც სპეციალური ენას, თავისი ანბანიც აქვს და ის 23 გრაფემას ეყრდნობა. ესენია: ( ) { } < > / + \ * - = ; : 8 9 @ p o x C D I.

----------

ყველაფერი ისევ თავიდან იწყება - სასაუბროში მწვანე შუქი მაქვს და ცნობისმოყვარეთა დაკითხვა-მოკითხვებიც არ აყოვნებს: რას შვრები, როგორ ხარ, სად იყავი, ვინ ნახე, რა გეცვა და რა გეხურა. პასუხებიც ერთფეროვანი, გაცვეთილი, შაბლონური, დაზუთხული.

ხოლო, საკმარისია, ვირტუალურ ალბომს ერთი ახალი ფოტო შევძინო და მნახველთა ინტერესის ტალღა უფრო მძლავრი და წამლეკავი ხდება, შესაბამისად მათთან გამართული დიალოგებიც უფრო მრავალფეროვანი: „შე უძალიანესმაგრადლამაზო, სად გადაიღე?“; „როდის გადაიღე? ვინ გადაგიღო?“; „ეე, აქ რა გაცვია, ახალია? ჰმ, მე რატომ არ მახსოვს...“; „ვარცხნილობა შეიცვალე თუ მეჩვენება? ჩოლკები თითქოს ოდნავ განზე გაქვს“...

აბეზარი დიალოგის ბოლო შეკითხვას კი ასეთი, ცნობისმოყვრეობის ახალი ტალღის წარმომშობი პასუხით ვტოვებ:

„ - დაგილაიქა?

-არა, დამიკომენტა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100