სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სუს-მა თიანეთის გამგეობის რამდენიმე თანამშრომელი დააკავა

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე რამდენიმე საჯარო მოხელე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის არქიტექტურის და ზედამხედველობის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი, ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ბადრი ჯიმშიტაშვილი და ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში ლია დორეული, შპს "ნიკარემსტროის" ფილიალის დირექტორი და შპს "რაზას" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა საჯარო მოხელეებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურეობრივი უფლებამოსილება და სრულად არ იქნა შესრულებული თიანეთს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო, სარემონტო სამუშაოები.

მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს და დაადასტურეს, რომ თითქოსდა სრულყოფილად იყო შესრულებული სამუშაოები.

"თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მამული მამულაშვილმა ხელი მოაწერა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც მოხდა კონტრაქტორი კომპანიებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვა. ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, 123 240 ლარი შეადგინა,"-განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მომხდარზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.


წყარო: რუსთავი 2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100