ბრიტანელი მკვლევარები: Internet Explorer – ის მომხმარებლებს დაბალი IQ აქვთ

ის მომხმარებლები, ვინც ბრაუზერ Internet Explorer – ის იყენებს, ინტელექტის დაბალი კოეფიციენტით (IQ) ხასიათდებიან. ამ დასკვნამდე ბრიტანული საკონსალტინგო ფირმის, AptiQuant – ის მკვლევარები მივიდნენ.

„ბი–ბი–სის“ ინფორმაციით, მათ ინტერნეტის მომხმარებლებს IQ ტესტი შესთავაზეს, შედეგები კი იმის მიხედვით გამოვლინდა, ვინ რა ბრაუზერით სარგებლობდა. აღმოჩნდა, რომ Internet Explorer – ის მომხმარებლებს გაცილებით დაბალი (საშუალო მაჩვენებელზე ნაკლები) IQ აქვთ, ვიდრე მათ, ვინც Chrome –ს, Firefox–ს და Safari–ს იყენებს. ინტელექტით განსაკუთრებით გამორჩეულები კი ბრაუზერების – Camino–ს და Opera–ს მომხმარებლები არიან.

ექსპერიმენტში მონაწილეობა ქსელის 100 ათასმა მომხმარებელმა მიიღო. შედეგები მონაცემთა ბაზაში იქნა შეკრებილი, იმ ინფორმაციასთან ერთად, თუ რა ბრაუზერით სარგებლობენ ტესტის მონაწილეები. შედეგების მიხედვით, Internet Explorer – ის მომხმარებლების ინტელექტის კოეფიციენტი დაახლოებით 80–ის ფარგლებში მერყეობდა, ბრაუზერ Chrome – ის, Firefox–ის და Safari–ის მოყვარულებმა 100–ზე მეტი ქულა დააგროვეს, სამაგიეროდ, ონლაინ უმცირესობამ, Opera–ს და Camino–ს მომხმარებლებმა საუკეთესო შედეგი – 120 აჩვენეს.

AptiQuant განმარტავს, რომ IE ბრაუზერის მოხმარება სულაც არ ნიშნავს აუცილებლად ინტელექტის დაბალ მაჩვენებელს. უბრალოდ, ის იმაზე მეტყველებს, რომ დაბალი ინტელექტის კოეფიციენტის მქონე მომხმარებლებში, ეს ბრაუზერი უფრო პოპულარულია. კემბრიჯის უნივერსიტეტის სტატისტიკური ლაბორატორიის პროფესორი დევიდ შპიგელჰალტერი კი კვლევას სკეპტიკურად ეკიდება და ასევე, მიიჩნევს, რომ ამ შედეგების გამოქვეყნება, IE – ს მომხმარებლების შეურაცხყოფაა. ამ ინფორმაციის გავრცლების შემდეგ კი, არ არის გამორიცხული, კომპანია AptiQuant –ს სასამართლოს წინაშე წარდგომაც მოუწიოს.

კომენტარი