ნათლიის ლოცვა

ღმერთო, შეიყვარე ჩემი ნათლული,
და დამიფარე მე, როგორც ნათლია.
მომმადლე ძალა, რომ შევიძინო სიბრძნე,
რომელიც მაკლია,
მომმადლე სიბრძნე, რომ განვიძარცვო ცოდვა,
რომელიც მაცვია,
მომანიჭე სიმტკიცე, რომ მივიღო სასჯელი,
რომელიც მკაცრია.

მაჩუქე რწმენა, რომ ანგელოზები
საცერში გაცრიან
ჩემს გონებას,
რათა ვილოცო ჩემი ნათლულისთვის,
რომ კოკას ჩემს ხელებზე დაცლიან,
რათა სუფთა ხელებით ჩამოვკიდო
ჩემს ნათლულს ჯვარი,
რომ რწმენას ჩემს სულში ჩაღვრიან,
რათა ვაზიარო ჩემი ნათლული,
საკურნებლად სულისა და ხორცისა.

ღმერთო, დაიფარე ჩემი ნათლული,
რადგან დღეიდან ვარ და მქვია
მისი ნათლია,
და მეშინია ყოველი ცოდვის,
რომელიც შეიძლება ელის
მის სულს და სხეულს,
ჩემს სულს და სხეულს.
ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლული,
რომლის ყოველი შეცოდება ახი იქნება
ჩემზე - ნათლიაზე,
თუ ვერ ვილოცებ ჩემი ნათლულისთვის,
და მას ჩემს გარეშე აცრიან
ანგელოზები სულის ცხონებისკენ გზაზე,
თუმცა კი, მაინც აცლიან
გაიზარდოს და მისცემენ შანს,
თავად გადაარჩინოს ნათლია.

ღმერთო, დაიფარე ჩემი ნათლია,
რომელმაც მიტვირთა და მე კი,
დღეს იმდენი ცოდვა მაცვია,
ძლივსღა მიმათრევს...

ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლია,
რათა არ მოეკითხოს ჩემს გამო.
ღმერთო, დალოცე ჩემი ნათლული,
რათა სიბრძნე არ მოაკლდეს ჩემს გამო.

კომენტარი