მასწავლებელთა დღე ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლაში აღინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მასწავლებელთა დღე და სკოლის 115 წლის იუბილე ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებს მიულოცეს.

“დღეს ჩვენ გვაქვს ახალი სკოლა. მოხდა მე-17 სკოლის რეაბილიტაცია, სადაც არის თანამედროვე სივრცე, ახალგარემონტებული ოთახები, საკლასო ინვენტარი, სპორტული მოედანი. ამ სკოლას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებ. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მასწავლებლებს მივულოცავ პროფესიულ დღესასწაულს. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია განათლების სექტორი, მომავალ თაობაზე ზრუნვა. დაგეგმილი გვაქვს არაერთი პროექტი. მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილ პედაგოგებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

„ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს. უდიდესია თქვენი დამსახურება ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. თქვენი ცოდნა და შრომისმოყვარეობა მომავალი თაობების კეთილდღეობისა და სრულფასოვანი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საფუძველი განათლებული და გონიერი მომავალი თაობაა, რომლის ღირსეული აღზრდა მნიშვნელოვანწილად თქვენზეა დამოკიდებული. დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას და მადლიერებას თქვენ მიმართ. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას“ - მიმართა პედაგოგებს გიორგი თავამაიშვილმა.

სტუმრებმა ახალრეაბილიტირებული სკოლაც დაათვალიერეს, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის მიხედვით მოწესრიგდა სკოლის ინფრასტრუქტურა, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, გარემონტდა საკლასო ოთახები, მოწესრიგდა სველი წერტილები. სკოლა აღიჭურვა ახალი სასწავლო და საოფისე ინვენტარით.

პროექტის მიხედვით სკოლის შიდა ეზოში აშენდება ახალი სპორტული დარბაზი.სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულდება 2017 წელს.

აღსანიშნავია, რომ მე-17 საჯარო სკოლის ისტორია 1902 წლიდან იღებს სათავეს. სკოლის ხანგრძლივი არსებობის მიუხედავად დღემდე არ გააჩნდა დახურული სპორტული დარბაზი. მიუხედავად ამისა მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქალაქის სპორტულ ღონისძიებებში და სხვადასხვა ჩემპიონატებში არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია ლაშა გობაძე, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სკოლის დირექცია და პედაგოგები მიესალმებიან სპორტული დარბაზის მშენებლობას მათი მოლოდინით ახალი დარბაზი მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მოუტანონ სკოლას.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯემალ სურმანიძე და ბათუმის რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე ესწრებოდნენ.

კომენტარი