მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის შთამომავლებს

ძალიან დიდი მოვლენა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ლევილის შატოს“ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების პროცესი.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პირველი რესპუბლიკის შთამომავლებს, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოსთვის ლევილის მამულის დაბრუნების განზრახულობათა ოქმს ხელი გუშინ მოაწერეს.

„ლევილის მამული ყოველთვის იყო ქართველთა საკუთრება. გუშინ მოეწერა ხელი ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, შემოდგომამდე, „ლევილის შატო“ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადმოეცემა. ეს არის ძალიან დიდი მოვლენა“, - განაცხადა პრემიერმა დიასპორის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, დიასპორის ფორუმი, რომელიც საქართველოში მეორედ ტარდება, არის შესანიშნავი პლატფორმა, რათა თანამემამულეებმა მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია საქართველოს დღევანდელი ყოფის შესახებ, უზრუნველყოფილი იყოს მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში და მაქსიმალურად შეეცადონ, გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც დღეს საქართველოს სახელმწიფო მათ დასაბრუნებლად ქმნის.

კომენტარი