სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი გაბუნია: "ტალგატ ბაიტაზიევმა ბათუმის პორტი კოლაფსამდე მიიყვანა"

"ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის" დირექტორის, ტალგატ ბაიტაზიევის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე სარჩელი შევიდა სასამართლოში. ქართული და საერთაშორისო კომპანიები ბაიტაზიევს სახელშკრულებო პირობების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ დღეს "სააგენტო პირველში" გამართულ პრესკონფერენეციაზე ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ და შპს "ტრანსსისტემის" დირექტორმა გელა ლაითაძემ გააკეთეს განცხადება.

დიმიტრი გაბუნია (კომპანია "ტრანსსისტემის" ადვოკატი) : "ტალგატ ბაიტაზიევის პერსონით და მისი მოღვაწეობით ბათუმის პორტში აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ქართული სამართალდამცავი ორგანოები. საქმე ეხება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს, რომელსაც მართავს საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანი. ტალგატ ბაიტაზიევი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს, არამედ მთლიანად ბათუმის პორტის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე. ტალგატ ბაიტაზიევმა, რომელიც ტავის ქვეყანასი გარეულია არაერთი კრიმინალური დაჯგუფების გარიგებებში, დღეის მდგომარეობით, ბათუმის პორტი მიიყვანა კოლაფსამდე. ეს გულისხმობს იმას, რომ ტვირთები გადაზიდვა წინა წლებთან შედარებით კატასტროფულადაა შემცირებული, ორი კვირის წინ იყო გაფიცვა, ბროკერები ვეღარ მუშაობენ და ასე შემდეგ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საბოტაჟი ქართული კომპანიებისა და ზოგადად ბათუმის პორტის მიმართ.

ის მიზანმიმართულად ეწევა კომპანია "ტრანსსისტემის" შევიწროვებას, ასევე ადგილი აქვს, გარკვეულ კორუფციულ გარიგებებს. ჩვენ სარჩელს შევიტანთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ასევე საჩივრით მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას"

პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა კომპანია "ტრანსსისტემის დირექტორმა გელა ლაითაძემ:

"ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველზე წარმატებულია ბათუმის პორტის ბაზარზე. თუკი "ტრანსსისტემის" შესვლამდე პორტის მშრალი ტვირთის გადაზიდვის საშუალო მაჩვენებელი 1 მილიონ ტონამდე იყო, კომპანიის მუშაობის შემდეგ ის მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოწმობს "ტრანსსისტემის" 3 წლის მონაცემები, რომელიც ასე გამოიყურება: 2011 წელი- 1 514 125,55ტ; 2012 წელი _ 1 573 485,62 ტ; 2013 წელი _ 1 576 342,63 ტ. 2013 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ტალგატ ბაიტაზიევმა დაიწყო ჩვენი შევიწროვება, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ პარალელურ რეჟიმში, მან 2013 წელს შექმნა რამდენიმე ახალი კომპანია, მათ შორის ერთ-ერთი "ჯპმს გრუპი" პირადად ჩვენს კონკურენტად. მიუხედავად რამდენიმეთვიანი გამოცდილებისა, ამ კომპანიამ ასევე 2013 წლის ივნის-ივლისში ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კომპანიას მიეცა ნავსადგურის საბაზისო ტარიფებიდან 20%-ნი ფასდაკლება ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე."

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ასევე წერილობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ყაზახეთის საელჩოს საქართველოში და კომპანია "ყაზტრანსოილის" წარმომადგენლობას, ყურადღებით შეისწავლონ აღნიშნული საკითხები და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა BICT -მა უკვე შეიტანა სარჩელი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. ამ შემთხვევაში, დავის საგანი გახლავთ ბათუმის ნავსადგურის მხრიდან უკანონოდ და ხელშეკრულების პირობების დარღვევით ტერმინალის საქმიანობის შევიწროვება.

რაც შეეხება ტალგატ ბაიტაზიევის საეჭვო რეპუტაციას, ამის შესახებ ყაზახურ პრესაში არაერთი სტატია გამოქვეყნდა. Taszhargan.info -ს ცნობით, სკანდალი 2013 წლის თებერვალში დაიწყო. ძებნა გამოცხადდა ერთ-ერთი დიდი რეგიონის ხელმძღვანელზე, რომელსაც ბრალად ედებოდა 35 ადამიანისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფების შექმნა. დამნაშავეთა ჯგუფმა სახელმწიფოს 71 მილიარდი ტენგეს (100 ტენგე - 1 ლარი) ზარალი მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ბათუმის პორტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ტალგატ ბაიტაზიევია, რომელიც ბათუმის პორტის დირექტორად პორტის მმართველმა კომპანიამ "ყაზტრანსოილმა" 2012 წლის დეკემბერში დანიშნა.

ყაზახეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ბაიტაზიევი ატირაუს რეგიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. სწორედ ამ რეგიონში მოქმედებდა ზემოთ ხსენებული დაჯგუფება. ბანდის წევრები ქმნიდნენ კომპანიებს, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის. მსგავსი კომპანიების შექმნასა და შავი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი ტალგატ ბაიტაზიევი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100