სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი თავდგირიძე: "ხუდონჰესის აშენება ნიშნავს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას"

თუკი საქართველო ჰიდრორესურსების ოპტიმალურ ათვისებას შეძლებს, მას შანსი ეძლევა გლობალური ენერგობაზრის მოთამაშე გახდეს და პარტნიორებს გარკვეული პირობებიც უკარნახოს.

ექსპერტთა შეფასებით, წყლის რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს, ამ შანსს რეალობად აქცევს, მით უფრო, რომ წყალი მალე ნავთობისა და გაზის მსგავსად უმნიშვნელოვანესი რესურსი გახდება.

ბოლო პერიოდში, ენერგორესურსების ფლობა და ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. უკრაინის კრიზისმა, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებამ და ამ ანექსიაზე დასავლეთის არც თუ მკვეთრმა სანქციებმა, დასავლეთს ნათლად დაანახა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების წილი სწრაფად უნდა შეამციროს, რადგანაც რუსეთი პარტნიორებზე ენერგობერკეტების აქტიურად გამოყენებას არ მოერიდება. საქართველოს შემთხვევაში კი, რომელიც რუსეთის პოლიტიკური ინტერესის რეგიონში მდებარეობს, ამ ბერკეტების გამოყენების შანსი იზრდება.

"თუ ჩვენ არ გვექნება დივერსიფიცირებული ენერგეტიკული წყაროები, რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ბერკეტებს (საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის 70% რუსეთიდან ახორციელებს, ამასთან სავაჭრო პარტნიორთა სამეულშია). უკრაინის კრიზისს არავინ ელოდა, არავინ ელოდა, რომ იანუკოვიჩის პრეზიდენტად ყოფნა-არყოფნას შეეწირებოდა რუსეთ-უკრიანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. საქართველოს შემთხვევაში, რომელსაც რუსეთისთვის მტრული სახელმწიფოს როლი აქვს მორგებული, რუსეთი არცერთი ბერკეტის გამოყენებას მოერიდება. ენერგეტიკული ბერკეტი კი, ერთ-ერთი იქნება. ჩვენ უსწრაფესად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე", – აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში გიორგი თავდგირიძე.

მისი თქმით, ენერგომიმწოდებლების დივერსიფიცირება ქვეყნის დამოუკიდებლობის მახასიათებელია, რასაც ცხადყოფს ევროპისა და უკრაინის რუსეთთან დამოკიდებულების მაგალითები და ამ ქვეყნებზე პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის ფაქტები.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ დღეს მსოფლიო ძირითადად ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადადის, თუმცა მის მისაღებად მაინც უმეტესად, ნავთობი, გაზი ან ქვანახშირი ჭირდება, რაც ასევე რომელიმე მიმწოდებელზე დამოკიდებულებას ნიშნავს. ამ ფონზე ყველაზე კარგი ალტერნატივა და მომგებიანი, წყლის რესურსის ათვისებაა.

"საქართველოს ეძლევა შანსი იმდენი ელექტროენერგია აწარმოოს, რამდენიც გვჭირდება და ამავე დროს იყოს ექსპორტიორიც. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ელექტროენერგია და ჰიდროენერგეტიკა უახლოეს პერიოდში გახდება ისეთივე რესურსი, როგორიც არის ნავთობი და გაზი. ამ რესურსის ოპტიმალური გამოყენება საშუალებას მოგვცემს გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ამ რესურსის მფლობელია და შეძლებს გარკვეული პირობები უკარნახოს პარტნიორებს. ვხდებით ენერგობაზრის მოთამაშეები", – ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველომ რაც შეიძლება მეტი ჰესი უნდა ააშენოს, მით უფრო ისეთი მნიშვნელოვანი როგორიცაა ხუდონჰესი. ხუდონჰესის აშენება ნიშნავს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას."

გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის პროექტზე გამოთქმული პროტესტი, გარკვეული პირების მიერ ადამიანების ემოციების მართვის მცდელობაა.

"ხუდონჰესის გარშემო ხდება მოსახლეობით სპეკულირება. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი კონტრიბუცია უნდა შევიტანოთ ამ ქვეყნის მშენებლობაში. ვიღაცა ჯარში მიდის და იქ წირავს თავს სამშობლოს, ვიღაცამ საკუთარი ინტერესები უნდა დათმოს, მით უფრო რომ ამ ინტერესებისთვის ინვესტორი მათ საკმაოდ დიდ სოციალურ-ფინანსურ პაკეტებს სთავაზობს. ცალსახაა, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა ხაიშელის ფინანსურ-სოციალური ინტერესი და მათი ღირსება უნდა იყოს დაცული. ყველა იმ პირს, ვინც ამ ადამიანების ზურგს უკან არის ამოფარებული და თემით სპეკულირებს, ვინც ემოციებზე აგებს თავის პოლიტიკას, ძირითადად საკუთარი მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს. ხაიშელების პრობლემა ყველაზე ადვილი მოსაგვარელია, თუ არსებობს სახელმწიფოს ნება და ეს ნება, ვფიქრობ, უნდა არსებობდეს. ამასთან, ინვესტორი მზადაა, სერიოზული ფინანსური პაკეტი შესთავაზოს ყველა ხაიშელს.

საქართველოს სჭირდება ბევრი ჰესის მშენებლობა", – ამბობს ექსპერტი.

მისი შეფასებით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, მათ კარგად უნდა აუხსნან ყველა ის სარგებელი, რაც თითოეული ჰესის თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობაა. მათ უნდა იცოდნენ მსოფლიოს ეკონომიკური ტენდენციები, რომ ერთნაციონალური ბიზნესკომპანიები ბუნებაში ფაქტობრივად აღარ არსებობს, უნდა იცოდნენ ცუდია თუ კარგი რუსული კაპიტალის შემოსვლა, რა საფრთხეები და დადებითი მხარეები აქვს დასავლურ კაპიტალს, ან ოფშორული ზონებიდან კაპიტალის შემოსვლას.

„სახელმწიფოს საქმეა აუხსნას მოქალაქეებს რას მოუტანს ამ პროექტის განხორციელება ქვეყანას და რომ არ არის საუბარი მხოლოდ ბიუჯეტში გადახდილ 20 მილიონზე... თუ ამის სწორად ახსნა არ მოხდა, კიდევ უამრავ პროექტთან დაკავშირებით გვექნება მუდმივი პრობლემები", – ამბობს თავდგირიძე და პრეზიდენტსა და პრემიერს მოუწოდებს ჩავიდნენ ხაიშში და მოსახლეობას თავად აუხსნან პროექტის მნიშვნელობა და შედეგები. მით უმეტეს, რომ ხუდონჰესის სახით სვანეთში ერთ-ერთი თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება და ეს სვანეთის განვითარებისთვის ბიძგის მიმცემი იქნება.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთავრობას სწორი პოლიტიკა აქვს, თუმცა აკლია სისწრაფე და გადაწყვეტილებების მიღებისას მოიკოჭლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100