ინდოეთში წასასვლელად ვიზები საჭირო აღარ იქნება

მსოფლიოს 180 ქვეყნისთვის ინდოეთი სავიზო რეჟიმს აუქმებს. ამ ქვეყნების სიაში საქართველოც აღმოჩნდა.

”ტურისტები 30-დღიან ვიზას პირდაპირ ჩვენს აეროპორტებში მიიღებენ. დაახლოებით, ექვსი თვე დაგვჭირდება ქვეყნის 26 ძირითად აეროპორტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ასე რომ, ამ შეღავათით ვიზიტორთა პირველ ნაკადი ოქტომბერში ისარგებლებს”, – განაცხადა ინდოეთის დაგეგმვის მინისტრმა რაჯევ შუხლამ. შუხლამ ხსენებულ გადაწყვეტილებას ”ისტორიული” უწოდა და განაცხადა, რომ ის ქვეყანაში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების შეუწყობს ხელს. მთავრობა გეგმავს, ელექტრონული ვიზების გაცემის სისტემაც დანერგოს, კერძოდ, სპეციალური ვებგვერდის შექმნას, რომლის მეშვეობით ტურისტებს საშუალება ექნებათ, ვიზა წინასწარ მოითხოვონ და მოსაკრებელიც გადაიხადონ. შესაბამისად, ნებისმიერ აეროპორტში ის სამ დღეში მზად იქნება. უვიზო მიმოსვლა არ შეეხებათ მხოლოდ 8 ქვეყნის, მათ შორის, პაკისტანის, სუდანის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, ნიგერიის, შრი-ლანკისა და სომალის მოქალაქეებს. შუხლამ მიზეზების დასახელებისგან თავი შეიკავა. ამ დრომდე ინდოეთს გამარტივებული სავიზო რეჟიმი 11 ქვეყანასთან, მათ შორის, ფინეთთან, იაპონიასა და სინგაპურთან ჰქონდა.

კომენტარი