სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საიას“ თავმჯდომარე და ხმალაძე პროკურატურას მოუწოდებენ დაინტერესდეს ტარყაშვილის ოჯახის განცხადებით

2011 წლის 17 ოქტომბერს, უამრავი მოწმის თვალწინ მოკლული 23 წლის ჩოგბურთელის, ზურა ტარყაშვილის ოჯახი, მკვლელობის ბოლომდე გამოძიებას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც უშედეგოდ ითხოვს.

გარდაცვლილის დედამ, თამილა კოჭლამაზაშვილმა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა მედიის წარმომადგენლებს. მისი თქმით, ზურა ტარყაშვილი 5-მა კრიმინალმა: დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა, დავით ჯოხაძემ (მისი ბიძაშვილი, ცნობილი კრიმინალი სოსო ჯოხაძე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მეგობარია ) და საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შვილობილის ქმარმა, მაკა ჩიჩუას სიძემ, მინდია გოგოჭურმა მოკლეს. ტარყაშვილების განცხადებით, გოგოჭურს პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს.

„პრესა.ჯი“ ბოლო ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღოს პასუხი, რა ურთიერთობა აქვს მარგველაშვილს მკვლელობაში დადანაშაულებულ გოგოჭურთან.

გამოცემის წარმომადგენელთან საუბრისას, გუშინ, პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ განაცხადა, რომ მისთვის თამილა კოჭლამაზაშვილის ბრალდება ცნობილია და აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პოზიციის მოწოდებას დღეს შეეცდებოდა. თუმცა დღეს, ქალბატონმა მჟავანაძემ დაპირება არ შეასრულა და გვითხრა რომ ამ თემის თაობაზე საქმის კურსშიც კი არ იყო.

პრეზიდენტის შვილობილის (ასე უწოდებს მარგველაშვილი მაკა ჩიჩუას შვილს ერთ-ერთ ინტერვიუში), მაშო ჩიჩუას ქმრის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე საუბარს გაურბიან მმართველ გუნდშიც. თუმცა, დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე თვლის რომ ამ საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„პრესა.ჯი“: რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ მისი შვილის ერთ-ერთი მკვლელი, გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას სიძე, მაშო ჩიჩუას მეუღლე, მინდია გოგოჭურია და მას პრეზიდენტი მფარველობს...

ვახტანგ ხმალაძე: აღნიშნულის შესახებ არაფერი ვიცი, განცხადებაც არ მომისმენია. შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როდესაც არის სისხლის სამართლის დანაშაულზე რაიმე ინფორმაცია, ამისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართონ პროკურატურას... ხოლო პროკურატურამ უნდა გამოიძიოს...

- ოჯახი და მათ შორის პრესა ცდილობს მიიღოს პასუხი კითხვაზე, რა ურთიერთობა აქვს მარგველაშვილს მკვლელობაში დადანაშაულებულ გოგოჭურთან, თუმცა ის ამ კითხვას არეართი მოწოდების მიუხედავად, არ პასუხობს... თქვენი აზრით, უნდა გასცეს თუ არა, პირველმა პირმა ამ სერიოზულ ბრალდებას პასუხი?

- ხშირად ისეთი სახის ბრალდებები ისმის ხოლმე, რომ მათზე პასუხის გაცემას უბრალოდ აზრი არ აქვს. თუმცა, ამ კონკრეტულ ბრალდებაზე, მე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ამ თემის ირგვლივ არაფერი ვიცი. ალბათ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, საჭიროდ მიაჩნია თუ არა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არის რაიმე მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ“.

დეპუტატი ეკა ბესელია კი აცხადებს რომ ტარყაშვილების ოჯახს, საქმის ობიექტურ გამოძიებაში დახმარება მისთვის არ უთხოვია. ეს მაშინ, როცა მოკლულის ოჯახის წევრები პირადად ჩავიდნენ ქუთაისში და შეხვდნენ ბესელიას მოადგილეს, გედევან ფოფხაძეს. ის სრულად ჩააყენეს საქმის კურსში. ხოლო ბესელიას სახელზე განცხადება დაწერეს.

ოჯახის წევრები ასევე შეხვდნენ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსაც, რომელსაც დეტალურად აღუწერეს პრეზიდენტის შვილობილის მეუღლის მონაწილეობა ამ მკვლელობაში. მიუხედავად ამისა, ქალბატონი ეკა ვერც მკვლელობის ფაქტს იხსენებს და ვერც მარგველაშვილის ფავორიტ გოგოჭურს.

ეკა ბესელია: უკაცრავად მართლა არ ვიცი, რაზე საუბრობთ, ვინ არის გოგოჭური?

„პრესა.ჯი“: მინდია გოგოჭური არის მარგველაშვილის მეგობარი ქალის სიძე, პრეზიდენტის შვილობილის ქმარი. მას ოჯახი 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს, პრეზიდენტს კი, მის მფარველობაში...

- არა, ეს ისტორია არ ვიცი, ჩემთვის არავის მოუმართავს“...

„პრესა.ჯი“, კითხვით, უნდა გასცეს თუ არა, მოკლულის ოჯახის ბრალდებას გიორგი მარგველაშვილმა საჯაროდ პასუხი, უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც დაუკავშირდა.

ვაშაძე: „ჰკითხეთ მარგველაშვილს, რატომ არ სცემს პასუხს...“, - გვირჩევს იგი..

მარგველაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალს ეხმაურება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, კახა კოჟორიძეც, რომელმაც პროკურატურას ტარყაშვილის ოჯახის ბრალდებაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

კახა ჯოჟორიძე: „ეს არის გამოძიების საქმე, მას ეკისრება ვალდებულება, რომ სრულყოფილად გამოიძიოს საქმე. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველა ის პირი, ვინც ამ მკვლელობაში მონაწილეობდა.

როდესაც მოკლულის ოჯახის წევრები მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს. უნდა დაკითხონ თუნცად გარდაცვლილის დედა, საიდან და რატომ ადებს ამა თუ იმ ადამიანს ხელს.

რაც შეეხება იმ საკითხს, მფარველობს თუ არა, მარგველაშვილი ამ პირს და გოგოჭური მონაწილეობდა თუ არა, მკვლელობაში, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს“.

P.S: სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში, ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი ვიდეო გავრცელდება. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესროლა ზურა ტარყაშვილს მინდია გოგოჭურმა, რამდენჯერმე, რუსთაველზე, მაგთისა და მაღაზია ლუტეციას შორის, შემდეგ კი იარაღი დააგდო, გზა გადაკვეთა და „თბილისი მარიოტის“ მიმართულებით გაიქცა.

ჩვენი ინფორმაციით, ვიდეო-ფირზე დაფიქსირებულია სხვების დანაშაულიც. მათ შორის დავით რუსიშვილის, დავით ჯოხაძის, ივერი გოგბერაშვილისა და ირაკლი აგლაძის.

რაც შეეხება მკვლელობას, ის 2011 წლის 17 ოქტომბერს მოხდა. მოკლულის მშობლების თქმით, დღემდე, 5 მკვლელიდან მხოლოდ ორია დაკავებული, ერთი დაუსწრებლად გაასამართლეს, ხოლო ჯოხაძეს და გოგოჭურს მკვლელობის ბრალდებაც კი არ აქვთ წაყენებული. ოჯახის თქმით, გოგოჭურს მარგველაშვილი მფარველობს, ჯოხაძეს - წულუკიანი. მკვლელობის მოტივი ბრმა შურისძიება გახდა. ოჯახი აცხადებს რომ მკვლელობაში გოგოჭურის მონაწილეობის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს.

„ჩვენ მოგვიანებით შევიტყვეთ რომ ზურას ერთ-ერთმა პირველმა მინდია გოგოჭურმა ესროლა. ეს კადრებშიც ჩანს.

მეტიც, პროკურატურა პირად საუბრებში არც მალავს რომ რუსიშვილის, აგლაძისა და გოგბერაშვილის გარდა, მკვლელები არიან ჯოხაძეც და გოგოჭურიც.

პროკურატურაში გვპირდებიან რომ მათ მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ, თუმცა, უკვე დიდი ხანია ამას უშედეგოდ ველოდებით“, - აცხადებს მოკლულის ოჯახი.


წყარო: http://presa.ge/new/?m=crimes&AID=24101

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100