ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან ინვენტარის თბილისში გადმოტანა დაიწყეს

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან ინვენტარის თბილისში გადმოტანის პროცესი დაიწყო. გადაზიდვის შესახებ 18 500 ლარიანი ხელშეკრულება პარლამენტის აპარატმა კომპანია "ევროტრანსთან" გააფორმა, რომელმაც შესაბამისს ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულების გათვალისწინებით, კომპანია "ევროტრანსმა" გარკვეული ინვენტარი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობიდან, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში უნდა გადმოზიდოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა, საუბარია დასაწყობებული ინვენტარის გადმოტანაზე.
"ბევრი რამ დასაწყობებულია ქუთაისის შენობაში, რომელსაც პარლამენტი არ იყენებს. მაგალითად, თბილისის პარლამენტის შენობის სასადილოს მოწყობილობა წამოღებულია ქუთაისში და ერთი წელია, საწყობშია. ქუთაისში გადმოტანილია ავეჯი, რომლის გამოყენების საჭიროება ქუთაისში არ არის. ამიტომ ინვენტარი, რომელიც ერთ წელზე მეტია, დასაწყობებულია, ნელ-ნელა თბილისში გადმოიზიდება" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ მარაქველიძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი თბილისში ამოქმედდება და ამაზე შესაბამისი გადაწყვეტილება სამართლებრივ დონეზე იქნება მიღებული, ავეჯის და ტექნიკის ნაწილს, რომელსაც ახლა ქუთაისში იყენებენ, თბილისში გადმოიტანენ, ნაწილი კი ქუთაისში დარჩება. მარაქველიძე ხაზგასმით აცხადებს, რომ "ქუთაისის შენობა უვარგის მდგომარეობაში არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება".
შეგახსენებთ, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში სხდომათა დარბაზების აღდგენა მიმდინარეობს, რაც კომპანია "სონის" მეშვეობით ხორციელდება. სრულყოფილად აღჭურვილი დარბაზების ჩაბარებას პარლამენტის აპარატი მარტის ბოლოსთვის ელოდება, თუმცა გარკვეული სამუშაობი უფრო ადრეც დასრულდება.

კომენტარი