ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე პროკურორების აცილებას ითხოვს

ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეზე პროკურორების აცილებას ითხოვს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ადვოკატებთან ერთად 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას შუამდგომლობა დააყენა საქმის პროკურორების აცილების შესახებ. ამის მოტივად დაცვის მხარის ადვოკატმა ოთო კახიძემ დაასახელა ის გარემობა, რომ მერაბიშვილი, როგორც მთავრობის ყოფილი წევრი, ბრალდებული უნდა ყოფილიყო და მის მიმართ დევნა უნდა განეხორციელებინა მთავარ პროკურორს, ხოლო დღევანდელ პროცესზე მყოფი ბრალდების მხარის წარმომადგენლებიდან არც ერთი არ არის მთავარი პროკურორი.
პროცესის მიმდინარეობისას საკუთარი პოზიცია გამოთქვა ვანო მერაბიშვილმაც. მისი თქმით, ივანიშვილი და ღარიბაშვილი მასზე პირად ანგარიშსწორებას ახორციელებენ, რის გამოც კარგი იქნებოდა თუ მოხდებოდა საქმეზე არსებული პროკურორების შეცვლა.
"ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ანგარიშსწორების გამო არ გაუფუჭონ კარიერა ამ ახალგაზრდებს, წავიდნენ ისინი და კარგი იქნება თუ მოვა ასაკოვანი პროკურორი, რომელიც დღე-დღეზე პენსიაზე გავა და სირცხვილისა და დანაშაულის განცდა არ ექნება", - განაცხადა მერაბიშვილმა.
ბრალდების მხარემ დაცვის შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე აღნიშნულ შუამდგომლობაზე სათათბიროდ გავიდა. შესაბამისად, სასამართლოში მიმდინარე პროცესზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა.

კომენტარი