ბანკი „რესპუბლიკა“ და თანამედროვე ხელოვნება

ბანკ „რესპუბლიკის“ ორგანიზებით ხელოვან ნინო ჩუბინიშვილის („ჩუბიკას“) გამოფენა გაიმართება

ბანკი „რესპუბლიკა“ თავისი კლიენტებისა და პარტნიორებისათვის თბილისში, „მწერალთა სახლში“ ხელოვან ნინო ჩუბინიშვილის – ჩუბიკას ნამუშევრების გამოფენას აწყობს. გამოფენაზე სხვა ნამუშევრებთან ერთად ჩუბიკას ბოლოდროინდელი ქმნილებები, მის მიერ შემუშავებული უნიკალური ტექნოლოგიით შესრულებული ტყავის სკულპტურები იქნება წარმოდგენილი. გახსნის დღეს გაიმართება ცნობილი ქართველი მუსიკოსების, ნიკა მაჩაიძისა და ტუსია ბერიძის კონცერტი. პროექტის ფარგლებში ჩუბიკა სტუდენტებისათვის მასტერკლასს ჩაატარებს.

თეიკო კანდელაკი, ბანკ „რესპუბლიკის“ კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს ფრანგული და ქართული კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას. საზოგადოებას ახსოვს ახლო წარსულში განხორციელებული მასშტაბური კულტურული პროექტები. ამჯერად, ჩვენი სურვილია ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს გავაცნოთ ხელოვან ნინო ჩუბინიშვილის ინოვაციური ტექნოლოგიით შესრულებული სკულპტურა „ელენა“, რომელიც ჩუბიკამ ბანკ „რესპუბლიკის“ მხარდაჭერით შექმნა. გამოფენისთვის ჩვენი პარტნიორის, „მწერალთა სახლის“ ანტურაჟი შევარჩიეთ, რაც, შოუს ელემენტებთან ერთად დამთვალიერებლისათვის მეტად ორიგინალურ, მისტიკურ გარემოს შექმნის. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კლიენტები და პარტნიორები პირველები ნახავენ ჩუბიკას ქმნილებას. უახლოეს მომავალში ბანკი „რესპუბლიკა“ კიდევ ერთ ქართულ–ფრანგულ პროექტს წარადგენს.“

ქეთევან კინწურაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კრიტიკოსი: „ჩუბიკა თავისი ქმნილებებით ამოუცნობ შრეებში, ასოციაციებში, გაურკვეველ დროში, წარმოსახვის ლაბირინთებში გვამგზავრებს. მრავალი საუკუნის ხელოვნების წარსულიდან იბადება ჩუბიკასეული, სრულიად ინდივიდუალური ფორმები. მისი ტყავზე “ამოტვიფვრის”, ტყავში “ჩამოსხმის” ორიგინალური ტექნიკა არა ფორმასთან თამაშით, არამედ შინაარსთან, ასახვის მიზანთან ჭიდილითაა მიგნებული. ავტორმა იცის, რომ ლამაზი ფორმა მხოლოდ ცოცხალ საწყისში ჰპოვებს სათავეს.“

გამოფენა „მწერალთა სახლში“, მაჩაბლის 13–ში, 4 ოქტომბერს გაიხსნება და 3 დღეს გაგრძელდება.

ნინო ჩუბინიშვილის შესახებ:

1996 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია სცენის და კოსტიუმის დიზაინის განხრით. 2000 წელს პროფესიული სტაჟირება გაიარა კენზოსთან, პარიზში. 2005-06 წლებში სწავლობდა საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (პარიზი), როგორც საერთაშორისო პროგრამის სტიპენდიანტი. როგორც თეატრის მხატვარი, 1991 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრთან (რუსთაველის, მარჯანიშვილის, ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თბილისში, ჟული ნიოშთან პარიზში). 1996 წლიდან მონაწილეობს მოდის საერთაშორისო ჩვენებებში საქართველოში და საზღვარგარეთ (პარიზი, ამსტერდამი, მონტე-კარლო, მოსკოვი, ლუქსემბურგი და სხვა). 1999 წლიდან პერიოდულად აწყობს პერსონალურ პერფორმანსებს. 2010-11 წლებში მონაწილეობდა ქართული სცენოგრაფიის გამოფენაში პიერ კარდენის ცენტრში (პარიზი). გააფორმა დროებითი კონტრაქტი პიერ კარდენთან. მიღებული აქვს საერთაშორისო პრიზები.

ბანკი „რესპუბლიკა“

ბანკი „რესპუბლიკა“ 2006 წლიდან ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საბანკო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და საცალო და კორპორაციულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. თავისი უნივერსალური ბიზნესმოდელით ბანკი „რესპუბლიკა“ კლიენტების საიმედო, გრძელვადიანი ფინანსური პარტნიორია. ბანკს ქვეყანაში 39 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ.

ვებგვერდი: www.br.ge

სოსიეტე ჟენერალი

„სოსიეტე ჟენერალი“ ერთ-ერთი მოწინავე ევროპული საფინანსო ჯგუფია. უნივერსალური, დივერსიფიცირებული საბანკო მოდელი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს ჯგუფის ფინანსურ სიმტკიცეს და განვითარების მდგრად სტრატეგიას. „სოსიეტე ჟენერალის“ საბოლოო მიზანია, იყოს „ურთიერთობებზე ორიენტირებული“ ბანკი, ბაზრის აღიარებული ლიდერი, მაქსიმალურად დაუახლოვდეს მომხმარებელს და გამოირჩეოდეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმითა და მომსახურების ხარისხით. მსოფლიოს 76 ქვეყანაში 154 000-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურად 32 მილიონ კლიენტს ემსახურება. „სოსიეტე ჟენერალის თანამშრომლები ფიზიკურ პირებს, კორპორაციებს და ორგანიზაციებს საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას უწევენ.

ვებგვერდი: www.societegenerale.com

კომენტარი