ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა

არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები, ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმასაქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზესიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ კარგად არის ორიენტირებული რეგიონალურ ეკონომიკებში. პრემიერ-მინისტრმა, მმართველი გუნდის მიერ, საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა და დანი როდრიკის განვითარების თეორიის მნიშვნელობას შეეხო.

„ოთხი წლის წინ, როდესაც მე დავიკავე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც სჯერა საბაზრო ეკონომიკის და დღესაც ასეა, მე მქონდა ჩემთვის ჩამოყალიბებული საყოველთაოდ მიღებული თეორიები, რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა იმისთვის, რომ უზრუნველგვეყო ეკონომიკის სწრაფი განვითარება. თუმცა, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებისას ვხედავდით გარკვეულ მიმართულებებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სწორ ჩარევას საჭიროებდა, რათა ინდუსტრია ამუშავებულიყო, მთელი მიმართულება სიცოცხლისუნარიანი გაგვეხადა. მე ვთხოვე ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელიც გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შემოერთებოდა ჩვენს გუნდს და შეექმნა ინდუსტრიული განვითარების მიმართულება ეკონომიკის სამინისტროში. როგორც მას, ისევე მეც, გაგვაჩნია ის ცოდნა, რომელიც ორივეს მიღებული გვაქვს კარგ ბიზნესსკოლაში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისთვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს, სწორი დახმარების შედეგად, ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას. ნუგზარის ჯგუფმა შეისწავლა რამდენიმე მიმართულება და ჩვენ დავდეთ ძალიან სერიოზული ნაბიჯების გეგმები და რამდენიმე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ოთხი ჩარჩო-მიმართულება: განათლების სისტემის რეფორმირება, ეკონომიკური რეფორმები, სივრცითი მოწყობა, მმართველობის რეფორმა.

„ეს არის უპირველეს ყოვლისა, სწორი რეფორმები განათლების სისტემის მიმართულებით, რათა ჩვენი უმაღლესი განათლება უფრო მეტად იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, რათა ახალგაზრდები ოთხ წელს არ ატარებდნენ იმ პროფესიების სწავლაში, რომელიც შეიძლება, დღეს საქართველოში იმდენად მოთხოვნადი არ იყოს. ასევე, სწორი რეფორმები პროფესიული განათლების მიმართულებით და ჩვენ აქ გავიზიარეთ გერმანიის ორმაგი - დუალური განათლების მოდელი, როდესაც კერძო სექტორის ჩართულობით ვახდენთ ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათ მომზადებას იმ მიმართულებებით, სადაც დღეს დიდი საჭიროება არსებობს. მეორე უმთავრესი მიმართულებაა ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველო ეკონომიკური ზრდით დიდწილად დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და როდესაც რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ არის, რაც გამოწვეულია, ერთის მხრივ, ნავთობის ფასების კლებით და, მეორეს მხრივ, რეგიონული კონფლიქტებით, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს უკრაინაში კონფლიქტი, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საინვესტიციო რესურსის მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ, გამოვედით მოგების გადასახადის წლის გაუქმების რეფორმის იდეით. 2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი გაუქმებული იქნება. აქ ჩვენ ვისესხეთ ესტონური მოდელი, როდესაც რეინვესტირებული მოგება არ იბეგრება და მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება. ამით, ჩვენ ერთად ორ კურდღელს ვიჭერთ - ერთია შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზება და რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც ეკონომიკურად ლიბერალური ქვეყნის პრომოცია საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის რეფორმასა და სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება. პრემიერმა ისაუბრა სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფოს მოდელზე და ხაზი გაუსვა ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნის მნიშვნელობას.

„პარალელურად, ჩვენ ვქმნით ციფრულ სივრცეს, სადაც, ელექტრონული მმართველობის მოდელით, ნებისმიერ იურიდიულ პირს ყველა სერვისი მიეწოდება. ეს ძალიან ამბიციური რეფორმა უკვე დაწყებულია, კონცეფცია შემუშავებულია. წლის ბოლოს და მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ მის განხორციელებას. მმართველობითი რეფორმის მესამე ბლოკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩართულობა, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ბიზნესსაზოგადოება, ისე არასამთავრობო სექტორი ჩართულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები ამ მიმართულებით, როდესაც შევქმენით ინვესტორთა საბჭო, ევრობანკის ინიციატივით. იქ ჩვენ გვყავს ყველა საერთაშორისო დონორი, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და საბჭოს თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი. საბჭოში განიხილება ნებისმიერი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილების ინიციატივა, რათა გამოირიცხოს უარყოფითი სიურპრიზები ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეოთხე მიმართულება - ქვეყნის სივრცითი განვითარება და სწრაფი ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს კერძო სექტორის ჩართულობაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რათა სწორი ბალანსით, მიღწეული იქნას ერთის მხრივ ხარისხის ზრდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, ხოლო, მეორეს მხრივ, შემცირდეს ტვირთი ქვეყნის სუვერენულ ბალანსზე,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ფორუმში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტები: დანი როდრიკი - ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ჩარლზ სეიბელი - ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, რომლებიც წარმოადგენენ თავის ხედვებს და მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების საკითხებზე. გაიმართება დისკუსია ბიზნესის, საბანკო და აკადემიურ საზოგადოებასთან.

კომენტარი