„ჯეოსელის“ ხმალი და მომხმარებლის კისერი

საქართველოში ბიზნესმენებს მუშაობის თავისებური პრინციპი აქვთ. აქ არ არის ჯანსაღი კონკურენცია და ბაზარი ერთ ან მაქსიმუმ სამ კომპანიას აქვს მონოპოლიზებული. რატომ? იმიტომ, რომ ეს საქართველოა და როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი იტყოდა, აქ ყველაფერი „მოსულა“.
განსხვავებული სიტუაცია არც ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროშია. ამ მხრივ ნამდვილად აღნიშვნის ღირსია იასამნისფერ ფერებში გადაწყვეტილი კომპანია „ჯეოსელი“. „ჯეოსელის“ მიერ საუბარზე დაწესებული ტარიფები გაუმართლებლად მაღალია. თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასაც გავითვალისწინებთ, საქმე უფრო რთულადაა.
world development indicators database-ს (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ კვლევებმა დაადასტურა, რომ ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა საქართველოზე მეტად გაცილებით იაფია ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერ ყვეყნებში.
ფიჭური კავშირგაბმულობა ის სფეროა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მკაცრი რეგულირების ქვეშაა. ამისთვის საქართველოშიც არსებობს მარეგულირებელი, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მარეგულირებელი გიგანტი „ჯეოსელის“ არაჯანსაღი კონკურენციის განხორციელებას ხელს არ უშლის.
ამ შემთხვევაში არ არსებობს ხელისუფლების კეთილი ნებაც, რათა „ჯეოსელის“ დაწესებული ტარიფები საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური ფონის შესაბამისად დააბალანსოს.
მარეგულირებლის ასეთ უცნაურ და იმავდროულად გაურკვეველ დუმილს „აფბა“-ს პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ამგვარად ხსნის: `მარეგულირებლების დაბალი აქტიურობა გამოწვეულია იმით, რომ მარეგულირებელის დაფინანსება მთლიანად „ჯეოსელის“, ასევე „მაგთის“ შემოსავლებიდან ხდება. შესაბამისად, მას უძნელდება იმ ბიზნესის კონკურენტულ და ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა, რომელიც მის აპარატს არაადეკვატურად მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფს“.
ფიჭური კავშირგაბმულობის საკითხი „აფბა“-მ ნამდვილად წინ წამოსწია. ფიჭური კომპანიების თავგასულობაზე მოსახლეობის გარდა არავინ საუბრობს. საუბედუროდ კი, მოსახლეობას არ უსმენენ...
„ჯეოსელის“ ხელმძღვანელობა ალბათ კარგად ვერ ხედავს, ანდა ხედავს და თვალებს იბრმავებს, რომ მათი აღებული გეზით მომხმარებელი ზარალდება, რომელსაც არჩევანის საშუალება პრაქტიკულად არა აქვს. უალტერნატივობის გამო მოსახლეობა იძულებულია კარტერის წევრთა მიერ დაწესებული მაღალი ტარიფები იხადოს (მართალია, „ჯეოსელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა ირმამ, თავისი გრძელი რეგალიის მიუხედავად არ იცოდა, ტერმინ „კარტერის“ განმარტება, მაგრამ არა უშავს, დღეიდან ალბათ ეცოდინება. აი, ასეთი კეთილი საქმის გაკეთებაც შეგვიძლია ჟურნალისტებს).
„ჯეოსელის“ გარდა ბაზარზე ალტერნატივა არაა, თუ არ ჩავთვლით კომპანია „მაგთის“, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა იტყვიან, „უის გავეყარე და ვაის შევეყარეო“.
კომპანია „ჯეოსელმა“ საქართველოში დაწესებული მაღალი ტარიფებით გაასწრო იტალიას, კანადას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და სხვა მაღალ განვითარებულ ქვეყნებს. პარადოქსია, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
საერთაშორისო მასშტაბით დაბალი აქტივობის აბონენტებისთვის ფიჭურ კავშირგაბმულობაზე ფასები 28%-ით შემცირდა, ხოლო მაღალი აქტივობის აბონენტებისთვის კი - 32%-ით. მიუხედავად ამისა, საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ღირებულება ერთი თეთრითაც არ შემცირებულა. გამოდის, რომ „ჯეოსელი“ ე.წ. ზემოგებებზე მუშაობს და არ ითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს.
„ჯეოსელის“ შემოსავალი წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება. ამასობაში ტარიფები მყარად, კვლავ ძველ ნიშნულზეა გაჩერებული. არადა, მსოფლიო მასშტაბით ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობაში ფასების მკვეთრ შემცირებას აქვს ადგილი. ყურადღებამისაქცევია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული კომპანია საუბრის დამთავრების შემდეგ თუ წუთამდე რამდენიმე წამია დარჩენილი, წუთზე ამრგვალებს, ფაქტობრივად ხდება წუთობრივი დამრგვალება. ხომ წარმოგიდგენიათ, ურიცხვი აბონენტებიდან მოპარული წამებით რამდენ წუთს და საათს იღებს „ჯეოსელი“?!
„ჯეოსელის“ ტარიფები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რეალურ შემოსავლებთან და სოციალურ დაცულობასთან აშკარად შეუსაბამოა. მსოფლიოში ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფები გაიაფების ტენდენციისკენ მიდის, საქართველოში კი, როგორც ყოველთვის, ყველაფერი პირიქითაა.
გამოდის, რომ ქართველი ხალხის ხარჯზე გამდიდრების ზენიტს აღწევს კომპანია „ჯეოსელი“. ჩვენს ხარჯზე კაცმა არ იცის ვის ჯიბეში ილექება მილიარდები. კომპანია სულ ახლახან შვედურ-ფინური კომპანიის ხელში გადავიდა, სადაც რუსებს სოლიდური წილი აქვთ. შესაძლებელია საუბრის ასეთი სიძვირის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ რუსეთის ფაქტორიც აღმოჩნდეს.
„ჯეოსელის“ არც ისე მოქნილი პოლიტიკა ალბათ განპირობებულია იმითაც, რომ მათი მუშაობა არასაკმარისად გამჭვირვალეა. ეს მათ სადამფუძნებლო სტრუქტურასაც ეხება, სადაც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებია დარეგისტრირებული.
ამ თემაზე მუშაობა მას შემდეგ გადავწყვიტეთ, როცა რედაქციაში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის თხოვნები შემოვიდა. ხალხის ეს ნაწილი ზუსტად არაადეკვატური ტარიფებით ძარცვის პრაქტიკის შეწყვეტას მოითხოვს.
საქმის უფრო დეტალურად გარკვევისთვის კომპანია „ჯეოსელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ირმა ცქიტიშვილს დავუკავშირდით და შემდეგი კითხვით მივმართეთ, არის თუ არა „ჯეოსელის“ დაწესებული ტარიფები მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მაღალი.
პასუხი შემდეგი შინაარსის იყო: რა სისულელეა, ამაზე ჩვენი იურისტი, ბატონი სანდრო გაგცემთ სრულყოფილ პასუხსო. ვფიქრობთ, კითხვა სწორად იყო დასმული და აქ სისულელე ნამდვილად არაფერი ყოფილა. თუმცა რას გაიგებ, ზოგისთვის რეალობაა სისულელე.
ქალბატონო ირმა, თქვენთვის შესაძლებელია სისულელეა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს „სისულელე“ ხალხის ზურგზე გადადის და ისედაც მძიმე ეკონომიკურ ფონს უფრო ამძიმებს.
ჩვენ არ დავიზარეთ და „ჯეოსელის“ იურისტს, ვინმე „ბატონ სანდროსაც“ დავუკავშირდით, რომელიც თურმე მარეგულირებელს ხვდებოდა და კომენტარისთვის არ სცხელოდა. მისმა თანაშემწემ კი გვირჩია, ბატონ სანდროს ორშაბათს დავკავშირებოდით. „დრონი. ჯი“, რა თქმა უნდა, ორშაბათსაც ეცდება „ჯეოსელის“ მოუცლელ იურისტთან დაკავშირებას.
მედიაჰოლდინგი „დრონი. ჯი“ სერიულად, მომდევნო ნომრებშიც შემოგთავაზებთ კომპანია „ჯეოსელის“ შესახებ სტატიებს. სასაუბრო ნამდვილად ბევრია...
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი