პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა

4 ნოემბერს პაშა ბანკმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის სპეციალური მიღება მოაწყო. პაშა ბანკი წარმოადგენს რეგიონალურ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს აზერბაიჯანში, საქართველოში და უკვე თურქეთშიც.

პაშა ბანკი EU-Georgian Business Council-ის აქტიური წევრია და მათი მხრიდან დაორგანიზებულ ოფიციალურ ვიზიტს სათავო ოფისში (რუსთაველის გამზ.15) სიამოვნებით უმასპინძლა. იტალიის, თურქეთის, ლატვიის, საბერძნეთის, პოლონეთის, ირანის, ბულგარეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლებისთვის პაშა ბანკში სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ბანკის თანამშრომლებიც პირადად გაიცნეს.

განხილულ საკითხებს შორის იყო პაშა ბანკის ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრები, ბრიუსელის ბიზნეს კონფერენცია, ფორუმი Caspian Energy და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები, რომლებიც პაშა ბანკის სპონსორობით გაიმართა.

"ჩვენ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო და მასთან ასოცირებული კომპანიები დიდ ყურადღებას ვუთმობთ რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის. ამ ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაშა ბანკის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილება და ქართულ ბაზარზე შემოსვლა", განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ინტერესდებიან ისეთი რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტებით როგორიც პაშა ბანკია. უფრო მეტიც, ჩვენთვის დიდი პატივია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩვენს ოფისში მასპინძლობა და მათთვის საკუთარი თავის გაცნობა,“ განაცხადა პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, შაჰინ მამმადოვმა.

კომენტარი