ექსპერტები ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობას აფასებენ

დღეს საქართველო 75%-ით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. თუმცა საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბუნებრივი რესურსების საშუალებით ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. ხუდონჰესის პროექტის ირგვლივ დღეს აზრი ორადაა გაყოფილი.

რას ფიქრობენ ამ პროექტის შესახებ ექსპერტები და როგორია მათი არგუმენტები:

მერაბ კაკულია, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი:

- ცალსახად გეტყვით, რომ ხუდონჰესის პროექტს მხარს ვუჭერ და მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებლად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურად მივიჩნევ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკის და ზოგადად ეკონომიკური განვითარებისთვის უახლესი ათწლეულების განმავლობაში. ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ უნდა გვქონდეს სტაბილური და შედარებით იაფი ელექტროენერგია, არამარტო ადგილობრივი წარმოებისთვის, ექსპორტის თვალსაზრისითაც.


დემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი:

- უფრო უპრიანი იქნებოდა, გვეფიქრა თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებულ სულ სხვა პროექტზე, რომელიც ბუნებას არ შეუქმნის საფრთხეს და ეკლესიებისა და საფლავების დატბორვას არ გამოიწვევს. მთავრობამ უნდა გადასდოს თავი, რომ ასეთი პროექტი შემუშავდეს და არ მოახდინოს საბჭოური პროექტის მშენებლობა. უმჯობესია, სხვა ალტერნატივაზე იმუშაონ, რომელიც კვალიფიციური სპეციალისტების კვლევებით იქნება გაჯერებული და ქვეყანას მხოლოდ სარგებელს მოუტანს.

სოსო ცისკარიშვილი, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი:

ხუდონჰესის იდეა განხილვადია. ვფიქრობ, მეტი მოტივაცია და დამაჯერებლობა გვჭირდება, რომ მხარი დავუჭიროთ პროექტს. იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ჩემთვის არადამაჯერებლად ჩანს საუბრები ეკოლოგიასა და სოციალურ პრობლემებზე. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ასეთი გრანდიოზული მასშტაბის ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, არ მივესალმები ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ პროექტი განხორციელდება ამომწურავად გაკეთებული კვლევებისა და ანალიზების საფუძველზე, მაქსიმალურად დავუჭერ მხარს!

კომენტარი