კობა ბუჩუკურის საჩუქარი შალვა ნათელაშვილს

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
რელიგიურად ნათელმირონობა ადამიანებს ცხრა თაობით აკავშირებს, ორი თაობით ჩამორჩება მას გენეტიკური კოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნათესაურ კავშირზე გაცილებით მყარია ნათელმირონობით დაკავშირებული ურთიერთობები. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათელმირონობამ ერთ თაობასაც კი ვერ გაუძლო, მიზეზი პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობა გახლდათ.
ცნობილია, რომ ედუარდ შევარდნაძის ნათლულულები არიან ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია. ნინო ბურჯანაძეს ნათლიას არ ელაპარაკება. თავად ნინო ბურჯანაძე გუბაზ სანიკიძის შვილის ნათლიაა.
მართალია კოლეგები აღარ არიან, მაგრამ ნათესაური კავშირი დარჩათ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს. ,,ნარინჯისფერი რევოლუციის’’ მთავარი გმირი ნიკოლოზ სააკაშვილის ნათლიაა. ,,ქრისტიან დემოკრატების’’ საკრებულოს დეპუტატი, ინგა გრიგოლია ,,ნაციონალი’’ გიორგი ასანიძის შვილის ნათლიაა.
საქართველოში გავრცელებული აზრია, რომ ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება და ამის გამო არავინ ამბობს უარს ადამიანის მონათვლაზე, თუნდაც ნათლიამ აღებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლოს.
ხშირად, პოლიტიკოსები შვილებს პოლიტიკურ პარტნიორებს ანათლინებენ, თუმცა ,,პოლიტიკური მეგობრობის’’ დასრულებასთან ერთად, მათი ნათელმირონობაც სრულდება. პრეზიდენტისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ნათლული ,,ხალხის პარტიის’’ ლიდერის, კობა დავითაშვილის შვილია. თუმცა, მას შემდეგ რაც დავითაშვილისა და სააკაშვილის გზები გაიყო, პრეზიდენტს არ უნახავს თავის ნათლული. არც ირაკლი ოქრუაშვილი შეხმიანებია დავითაშვილების ოჯახს. ,,პრესა.ჯი’’-სთან საუბარში ,,ხალხის პარტიის’’ ლიდერი აცხადებს, რომ არ აპირებს შვილის სახელით პრეზიდენტს ნათლისღება მიულოცოს.
კიდევ ერთი, განსხვავებულად მოაზროვნე ნათლიმამა შალვა ნათელაშვილია, რომელიც ყოფილი ჩინოვნიკის, კობა ბუჩუკურის შვილის ნათლიაა.
ისინიც იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან, ვინც ნათელმირონობა დათმო პირადი კარიერისა და პოლიტიკური სურვილების სანაცვლოდ.
საუკეთესო სურვილებით ეხმიანება ნათლისღების დღესასწაულზე კობა ბუჩუკური ნათლიმამა ნათელაშვილს.
,,მიულოცეთ ჩემ მაგივრად ბატონ შალვას ნათლისღება. იყოს ბედნიერი და ჯანმრთელი თავის ოჯახთან ერთად. საჩუქარს პირადად გავუგზავნი, არ მინდა ყველამ იცოდეს ჩემი საჩუქრის შესახებ. გაუხარდება ვიცი.’’ – გვითხრა ბუჩუკურმა.

ვიდრე ნათელაშვილი ბუჩუკურის საჩუქარს მიიღებს, ,,პრესა.ჯი’’ ულოცავს ყველა მართლმადიდებელს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. სიკეთეს და ღვთისწყალობას გისურვებთ!


კომენტარი