სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელოს ახალი გუბერნატორი: შტრიხები პორტრეტისთვის

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა 57 წლის სენაკის ყოფილმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, გურამ მისაბიშვილმა დაიკავა, მისმა წინამორბედმა, ზაზა გოროზიამ კი სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი ჩაანაცვლა. ამ დღეებში გურამ მისბიშვილის შესახებ მას-მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მწირია და ახალი გუბერნატორის პიროვნული თვისებების, მისი მისწრაფებების, ოჯახის შესახებ ბევრს ვერაფერს ამბობს. დრონი.ჯი ამ სიცარიელის ამოვსებას გურამ მისაბიშვილის უფრო ახლოს გაცნობით შეეცდება.

გურამ მისაბიშვილს სენაკში ყველა იცნობს და თუ სხვა დეპუტატების მშობლიურ სოფლებშიც კი შეხვდებით თითოოროლა ადამიანს, რომელიც სასაყვედუროს მოძებნის, გურამ მისაბიშვილზე სენაკის რაიონში აუგს ვერავის დააცდევინებთ - სანდომიანი სახის, გულღიად მოსაუბრე და ყურადღებიანი მისაბიშვილი მათი ფავორიტია. ცოტა გადაჭარბებულივით გამოდის, მაგრამ საქართველოში დღეს თუ ვინმეზე ითქმის ეს სიტყვები, მათგან ერთ-ერთი სწორედ ბატონი გურამია. მისი ბოლო წლების ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

2002 წელს სენაკის საკრებულოს ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც იმავე წელს სენაკის რაიონის გამგებლად დაინიშნა. 2006 - 2008 წლამდე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. 2008 წლიდან კი საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ. ის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარების"-ის წევრი იყო. ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრიც.

სენაკელები დღესაც მადლიერებით იხსენებენ 2008 წლის აგვისტოს - როცა სენაკში ცოდვის ტირილი იდგა და ოკუპანტების ბომბდამშენები ხან სამხედრო ბაზას, ხან რკინიგზის სადგურს და ხანაც იმ სასტუმროს ბომბავდნენ, სადაც რუსულ დაბომბვებს აფხაზეთიდან ერთხელ უკვე გამოქცეული დევნილები ცხოვრობდნენ, სენაკის გამგებელი დღისითა და ღამით იქ ტრიალებდა, სადაც უნდა ყოფილიყო: ორივე ხელში მობილური ეჭირა და მაშინვე უკავშირდებოდა შესაბამის სამსახურებს, რომლებიც, ბუნებრივია, ოცდაოთხსააათიან რეჟიმზე ჰყავდა გადაყვანილი: მაშინაც კი ინარჩუნებდა სიმშვიდეს, სიმშვიდე კი, მოგეხსენებათ, გადამდებიცაა და ეგეთ დროს აუცილებელიც...

ახლა კი მოდით, გავიცნოთ გურამ მისაბიშვილი პოლიტიკისა და თანამდებობის მიღმა - როგორი მეუღლე, მამა და ბაბუაა, რა მოსწონს, რას განიცდის... ამაში „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებული ერთი ინტერვიუ დაგვეხმარება, რომელსაც ნანა მიშალაშვილი უძღვება:

გურამ მისაბიშვილი ამბობს, რომ შვილიშვილებთან არასდროს ჩხუბობს და ცდილობს, მათ ყველა სურვილი შეძლებისდაგვარად შეუსრულოს. 7 შვილიშვილის ბაბუა მიიჩნევს, რომ ყველა შვილიშვილი ხასიათით ან გარეგნულად მეტ-ნაკლებად ჰგავს, დეპუტატის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები კი შვილიშვილების დაბადებას უკავშირდება.

გურამ მისაბიშვილი ვერ იტანს ისეთ ადამიანს, რომელიც დამნაშავეა და მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მართალია. თავად მარტივად შეუძლია ბოდიშის მოხდა და არც წყენის გულში ჩადება უყვარს. რის გამო ჩხუბობდა ახალგაზრდობაში და რომელი სიმღერების შესრულებას ურჩევს მეუღლე? რატომ გაუშვეს რამდენიმე დღით სკოლიდან და როგორი ბავშვი იყო?

- საიდან ხართ მისაბიშვილები?

- ჩვენი გვარი სამეგრელოდან არის, თუმცა, სამეგრელოსთვის ცოტა უცნაურად ჩანს. მისაბიშვილები პატარა გვარია, ყველა სამეგრელოში ცხოვრობს. როგორც ვიცი, ყველანი ვართ სენაკის რაიონის სოფელ თეკლათიდან. რაც შეეხება გვარს, რამდენიმე ოჯახი ფოთში ცხოვრობდა, რამდენიმე - აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმში. ასე რომ, მეგრელები ვართ.

- თუმცა, რადგან თქვენი გვარი შვილზე მთავრდება, ამით მეგრული გვარებისგან განსხვავდება?

- შვილზე რომ მთავრდება, ეს ყოველთვის კითხვას იწვევს, სამეგრელოში ცხოვრობთ და შვილზე რატომ მთავრდებაო? სხვათა შორის, ეს კითხვა ბევრჯერ დაუსვამთ ჩემთვის. ამ დროს მეგრული გვარია.

- სოფელ თეკლათთან ამჟამად რაიმე გაკავშირებთ?

- ჩემი ნათესავები ცხოვრობენ, მამაჩემის ბიძაშვილები.

- რამდენი შვილი გყავთ?

- სამი შვილი მყავს: ეკა, გურანდა და გივიკო. ოჯახი ადრეულ ასაკში შევქმენი, მეუღლე 18 წლისამ მოვიყვანე. სამივე შვილი ჩემს გზას გაჰყვა და 18 წელს არ გადააცილა ოჯახის შექმნა. მყავს შვიდი შვილიშვილი. ეკას ჰყავს სამი შვილი: ბექა, მარიამი და 4 თვის ალექსანდრე. გურანდას ჰყავს ორი შვილი: ვანო და თეკლა. გივიკოს ჰყავს ორი შვილი: ანანო და ნანო.

- ბაბუის მოსახელე არც ერთი შვილიშვილი არ არის. რატომ?

- ჩემმა ქალიშვილებმა უპირატესობა გივიკოს მიანიჭეს, მესამე შვილს როცა გააჩენენ, მას დაარქმევენ.

- როგორი ბაბუა ხართ შვილიშვილების მიმართ, ყველა სურვილს უსრულებთ?

- ნამდვილად ასეთი ბაბუა ვარ. ყველანაირად ვცდილობ, რაც შეიძლება შეძლებისდაგვარად ვასიამოვნო. მათი ყოველდღიური სიხარულით ვხარობ, მათ პატარა ტკივილსაც კი განვიცდი. ვერ წარმომიდგენია, შვილიშვილებთან როგორ უნდა ვიჩხუბო.

- ძირითადად, რას ითხოვენ ბაბუისგან შვილიშვილები?

- ხან სათამაშოებს, ხან „მაკდონალდსში“ წაყვანას.

- „მაკდონალდსში“ ხშირად დაგყავთ?

- კი, ხშირად დამყავს. ძალიან უყვართ „მაკდონალდსში“ წასვლა, საინტერესოდ ერთობიან.

- სხვა რა თხოვნები აქვთ შვილიშვილებს, უფროსი შვილიშვილი რას გთხოვთ?

- უფროსი შვილიშვილი, ბექა, 18 წლის არის, სტუდენტია, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლობს. ბექას დიდი სურვილი აქვს, რომ ავტომობილი ჰყავდეს. ჯერჯერობით ამ საკითხს ვერ ვუწყვეტთ და დედამისის მანქანით დადის.

- ანუ ბაბუას ავტომანქანის ყიდვას სთხოვს?

- იცის, რომ მარტო ბაბუა ვერ გასწვდება. ორივე ბაბუას გვთხოვს, რომ ერთმანეთს შევუამხანაგდეთ და ერთი ახალგაზრდული მანქანა ვუყიდოთ. ვნახოთ...

- ხასიათით რომელი შვილიშვილი გგავთ?

- მეტ-ნაკლებად ყველა შვილიშვილი მგავს, თუმცა, 4 თვის ალექსანდრეს თვისებებზე ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი.

- ემოციური ხართ?

- კი, ემოციური ვარ.

- პარლამენტში რომ არ გამოგივლენიათ?

- შემიძლია ემოცია გამოვხატო, შემდეგ, როდესაც ანალიზს ვაკეთებ, უცებ ვსტაბილურდები. ერთ მომენტში შეიძლება ვიფიცხო, მაგრამ ეს არის წუთიერი მომენტი. ზედმეტი ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან, რაც მეტს ლაპარაკობ, მეტ შეცდომას უშვებ. თუმცა, არის მეორე მომენტიც, რაც ბევრს ლაპარაკობ, უფრო გამოხატავ საკუთარ აზრს. ისე, საკუთარი აზრის გამოხატვა ცოტა ლაპარაკითაც შეიძლება.

- წყენის გულში ჩადება იცით?

- არა, ნამდვილად არ ვიცი. ბოღმიანი ადამიანი არასოდეს ვყოფილვარ. თუ ოდესმე ჩემთვის ვინმეს უწყენინებია, ეს წყენა უცებ დამვიწყებია.

- ბოდიშის მოხდა მარტივად შეგიძლიათ?

- დიახ, თუ ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, ბოდიშის მოხდა არ მიჭირს. საერთოდ, ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოდიშის მოხდა შეუძლიათ. ვერ ვიტან ადამიანს, რომელიც დამნაშავეა, მაგრამ მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მართალია. ადამიანში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება შეცდომისა და დანაშაულის აღიარებაა. თუ ვინმეს გულს ატკენ, ბოდიშიც უნდა მოიხადო. სავალდებულო არ არის, რომ მაინცდამაინც სიტყვა "ბოდიში" წარმოთქვა, განმარტებაც საკმარისია, რომ მისკენ გული მოგიტრიალდეს.

- თქვენ სხვადასხვა თანამდებობაზე გიმუშავიათ. როგორი უფროსი იყავით, მკაცრი?

- მომთხოვნი ვარ. არ მიყვარს, როდესაც ადამიანი სამუშაო დროს არარაციონალურად იყენებს. ადამიანში ძალიან ვაფასებ პროფესიონალიზმს. ვინც ზარმაცია და ვინც შრომობს, მათ შორის გამორჩეულობის პრინციპმა უნდა იმუშაოს. ადამიანში შრომისმოყვარეობას ძალიან ვაფასებ. პროფესიონალიზმი ყველაზე დასაფასებელი მომენტია.

- გულწრფელად თქვით, თანამშრომლებისთვის გიყვირიათ?

- ჩემს ხასიათში არ არის, რომ 24 საათი ვყვიროდე ან ვჯუჯღუნებდე, მაგრამ, ყოფილა მომენტი, როდესაც ემოცია გამომიხატავს. მე ასე მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელის სტილი არ არის ყვირილი, ადამიანს სიტყვით უნდა გააგებინო, როდესაც რაიმეს აშავებს.

- თქვენ ჩაის ფაბრიკის დირექტორი იყავით. საინტერესო იყო ამ სამსახურში მუშაობა?

- დაახლოებით 10 წელი ვიყავი ჩაის ფაბრიკის ხელმძღვანელი, სადაც მზადდებოდა ქართული ჩაი. სხვათა შორის, ჩვენ მიერ დამზადებული ჩაი გაჰქონდათ საექსპორტოდ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ინდოეთშიც ვაგზავნიდით.

- ეს რომელ წლებში იყო?

- 90-იანი წლების ბოლოს. ინდოეთს ჰქონდა დაინტერესება, ასევე "ლიპტონის" ფირმასთან ვთანამშრომლობდით, ძირითადად ჩვენგან მიჰქონდათ ჩაი, რომელიც შემდგომ ერთჯერადი ჩაისთვის გამოიყენებოდა.

- დამზადებულ ჩაის როდესაც მიირთმევთ, გემოვნებით ხვდებით, მაღალი ხარისხის არის თუ არა?

- როდესაც ჩაის ფაბრიკის დირექტორი გავხდი, შევისწავლე და კვალიფიკაცია მივიღე, უხეშად რომ ვთქვა, ჩაის დეგუსტატორის. ჩაის როდესაც დავაგემოვნებ, ვხვდები, მაღალი ხარისხის არის, საშუალო თუ დაბალი. ჩაი ძალიან მიყვარს.

- განსაკუთრებით რომელი ჩაი მოგწონთ?

- ყველაზე მეტად ინგლისური ჩაი მიყვარს, ასევე ქართული ჩაი. ჩვენი ჩაი ბევრ ისეთ კომპონენტს შეიცავს, რომელიც მახასიათებელი არ არის სხვა ქვეყნის ჩაისთვის, მაგრამ ჩვენთან ძველი დროის ტექნოლოგიაა შემორჩენილი, ჯერ თანამდროვე ტექნოლოგიები არ არის დამკვიდრებული. ფოთოლი ეკოლოგიურად სუფთაა, ჩვენი ნიადაგიდან გამომდინარე, სუფთა პროდუქტია, მაგრამ ფოთლოვან, დაგრეხილ ინგლისურ ჩაის უფრო ვეტანები.

- ალკოჰოლურ სასმელებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ძალიან მიყვარს ქართული ღვინო, განსაკუთრებით - რქაწითელი, საქეიფოდ კარგია. ქეიფის მოყვარული კაცი ვარ.

- როგორც თქვენი კოლეგები ამბობენ, საკმაოდ კარგი თამადა ყოფილხართ...

- რა ვიცი, ვცდილობ... საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი, როგორი თამადა ვარ. ბედნიერ წუთებად ვთვლი, როდესაც ჩემს საახლობლო წრეში ვარ და ვქეიფობ. ძალიან ცუდია, როდესაც თამადა წინასწარ სადღეგრძელოს დაგეგმავს. სიტუაციის მიხედვით უნდა მოვიდეს სადღეგრძელო.

- სუფრიდან ვინმე გაგიძევებიათ?

- არა, არა, ღმერთმა დამიფაროს. თამადა, რომელსაც თუნდაც ერთი ტონით ხმის აწევა დასჭირდება, რომ ვინმემ მოუსმინოს, ჩათვალეთ, რომ ის თამადა თამადა არ არის. თამადის დამსახურება ის არის, რომ ყველას სურდეს სადღეგრძელოს მოსმენა და იმ დოზით, რა დოზითაც თამადა სვამს, სხვებმაც ფეხი აუწყოს.

- ე.ი. სუფრის წევრებს ღვინოს აძალებთ?

- არა, დაძალებით არავის ვაძალებ, უბრალოდ, სადღეგრძელოთი ისეთი მიგნება უნდა გააკეთო, რომ სუფრაზე განწყობა შექმნა და ადამიანს თავად მოუნდეს სადღეგრძელოს შესმა. ყველა სასმელი მიყვარს, ყველას მეტ-ნაკლებად მივირთმევ, მაგრამ უდიდეს პატივს ვცემ კახურ ღვინოს.

- ახალგაზრდულ ასაკში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ნასვამს გიჩხუბიათ?

- რომ გითხრათ, სტუდენტობის პერიოდში არ მიჩხუბია და ფრთაშესხმული ანგელოზი ვიყავი-მეთქი, არავინ დამიჯერებს. ახალგაზრდობაში სიმთვრალეშიც ყოფილა ჩხუბი და სიფხიზლეშიც.

- ქალის გამო გიჩხუბიათ?

- რა თქმა უნდა, ძირითადი ჩხუბის მიზეზი ქალი იყო. ახალგაზრდობაში თუ ჩხუბი ხდება, მაინც მიზეზი ქალია. ერთი მიზეზია ქალი და მეორე - გაუგებრობა ან შეუთანხმებლობა. ჩემს ასაკში იმიტომ ვქეიფობ, რომ კარგად მოვილხინო. ბავშვობაში ბევრი ისეთი მეგობარი მყავდა, რომლებსაც, როდესაც თვრებოდნენ, აუცილებლად უნდა ეჩხუბათ. ქართული სუფრა იმიტომ არის შექმნილი, რომ ადამიანმა უნდა მოილხინო, გვერდით მჯდომ ადამიანებს უნდა აგრძნობინო ის ეშხი და პეწი, რაც დამახასიათებელია სუფრისთვის.

- თამადას უხდება, როდესაც თავად არის სიმღერის წამომწყები ან მუსიკას როდესაც აჰყვება. თქვენს შემთხვევაში ეს როგორ ხდება?

- მუსიკას ვყვები.

- ანუ სიმღერას არ ჩაშლით?

- არა, სიმღერას არ ჩავშლი. ქალაქური სიმღერების მოყვარული ადამიანი ვარ. ზოგჯერ მიკროფონსაც ვიღებ და ვმღერი, ოღონდ, მხოლოდდამხოლოდ - სიმთვრალეში.

- ანუ რამდენი ჭიქის შემდეგ?

- 5 ჭიქაც კი საკმარისია განწყობაზე მოსაყვანად და ასამღერებლად. გარკვეული სიმღერები მაქვს, რომლებიც მიყვარს. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, მათ კარგად ვასრულებ.

- რომელი სიმღერების შესრულება გიყვართ?

- ჩემი დროის სიმღერაა "მწყერი", რომელიც ადამიანის ცხოვრებაზეა მორგებული და კარგი მუსიკაა შერჩეული, ასევე ვასრულებ სიმღერას "თოვლი მოსულა თბილისში".

- თქვენი რეპერტუარი გქონიათ...

- კი, ქალაქური სიმღერების მომღერალთა წრეში თუ მოვხვდები, აუცილებლად ავყვები.

- სპეციალური მუსიკალური განათლება არა გაქვთ?

- არა. მეუღლე მყავს მუსიკის მასწავლებელი.

- თქვენ თქვით, რომ მეუღლე ადრეულ ასაკში შეირთეთ. როგორ გაიცანით ის?

- მე და მანანას ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მეშვიდე-მერვე კლასიდან. როდესაც სკოლა დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, რამდენიმე თვეში ოჯახი შევქმენი.

- მეუღლე გირჩევთ, რომელი სიმღერა შეასრულოთ?

- ხანდახან. უფრო ახალგაზრდები როდესაც ვიყავი, მანანა უკრავდა და მე ვყვებოდი. მეუღლესთან ერთად რამდენიმე სიმღერას ვასრულებ დუეტში.

- მეუღლე როგორ მოხიბლეთ?

- როდესაც მანანა ვნახე, მის მიმართ გარკვეული სიმპათია გამიჩნდა. საერთოდ, ისეთი ვიყავი, თუ რაიმეს ჩავიფიქრებდი, აუცილებლად ვასრულებდი. დღე და ღამე მანანას გარშემო ვტრიალებდი. ამით დავაინტრიგე და დავაინტერესე.

- ხომ არ მოიტაცეთ?

- არა, მოტაცება არ დამჭირვებია. იმ წლებმა, როდესაც შეყვარებულები ვიყავით, თავისთავად დაგვაახლოვა. ურთიერთშეთანხმების ნიადაგზე შევქმენით ოჯახი.

- რაც შეეხება თქვენს ბავშვობას, როგორი ბავშვი იყავით, ცელქი, ხმაურიანი თუ ზომიერი?

- ცელქი, ძალიან ცელქი.

- რაში გამოიხატებოდა თქვენი სიცელქე?

- ბავშვურ სიცელქეებში, მასწავლებელს ვაჯავრებდი, ხანდახან სკოლასაც ვაცდენდი.

- სკოლა სენაკში დაამთავრეთ?

- კი. მასწავლებლების გარკვეული კატეგორია იყო, რომლებსაც პატივს ვცემდი, იყო გარკვეული მომენტები, როდესაც ვცელქობდი.

- რომელი საგნები არ გიყვარდათ?

- ტექნიკური, მათემატიკა.

- ქართული გიყვარდათ?

- პირველი სპეციალობით ფილოლოგი ვარ, ამდენად, ქართული, ისტორია ძალიან მიყვარდა.

- "შპარგალკა" არ გამოგიყენებიათ?

- რომ გითხრათ, არ გამომიყენებიაო, ტყუილი იქნება, მაგრამ, ისეთი საგნები იყო, სადაც "შპარგალკა" ნამდვილად არ მჭირდებოდა. განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა.

- სენაკში "შატალოზე" სად მიდიოდით?

- ხან სად, ხან - სად. ერთხელ შელაპარაკება მომიხდა მასწავლებელთან და სკოლის დირექტორმა დამსაჯა, რამდენიმე დღე სკოლაში არ მიშვებდა. მაშინ მთელმა კლასმა ორგანიზებულად მიატოვა გაკვეთილები, დირექტორის სახელზე განცხადება დაწერეს, თუ გურამს არ დააბრუნებთ, მაშინ არც ჩვენ მოვალთ სკოლაშიო, სოლიდარობა გამომიცხადეს და სკოლაში დამაბრუნეს.

- რა კარგი კლასი გყოლიათ...

- კი, ერთადერთმა კლასელმა არ მოაწერა ხელი, თუმცა, ახლა მის სახელსა და გვარს არ ვიტყვი. დანარჩენმა, მთელმა კლასმა მოაწერა ხელი.

- რა დააშავეთ ასეთი, რომ სკოლაში აღარ გიშვებდნენ?

- უბრალოდ, მასწავლებელს შევეკამათე და ამის გამო სკოლაში არ მიშვებდნენ რამდენიმე დღე.

- სამხედრო სამსახური სად გაქვთ მოხდილი?

- ჯარში არ მიმსახურია, შვილები შემეძინა, თან ინსტიტუტში ვსწავლობდი, თუმცა, შემდეგ თბილისში სამხედრო შეკრებაზე ვიყავი.

- თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები როდის იყო?

- ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ჩემი უფროსი შვილიშვილი ბექა გაჩნდა. შემდეგ ყველა შვილიშვილის გაჩენა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. როდესაც შვილები შემეძინა, ახალგაზრდა ვიყავი და ისე ვერ გავითავისე, როგორც შვილიშვილები. როდესაც ჩემი შვილიშვილი, ალექსანდრე, გაჩნდა, რომელიც ჯერ 4 თვის არ არის, ეს იყო ზეამაღლებული ბედნიერება. ეტყობა, ასაკში რომ შედიხარ, უფრო ითავისებ და აღიქვამ, რომელია ბედნიერი წუთები.

- პარლამენტში, დეპუტატებს შორის ახლობლები თუ გყავთ?

- არა, დეპუტატებიდან ნათესაური კავშირი არავისთან მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრთან ვმეგობრობ.

- მინისტრებს შორის ნათესავი გყავთ?

- არა.

- ბევრი ნათლული გყავთ?

- კი, ნათლულები მყავს. ჩემთვის ნათელ-მირონი სათუთი ცნებაა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ნათელ-მირონს შორის უთანხმოებაა, რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება. ჩემი ნათლიები ახლა ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ, მათ ოჯახებთან ვკონტაქტობ, ვახლობლობ. ჩემი შვილებისა და შვილიშვილების ნათლიებთანაც ვმეგობრობ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100