„ხელოვნება არის ძლიერი ინსტრუმენტი, იმისათვის რომ მსოფლიოს დაანახო რა ქვეყანა ხარ“

ჩვენს რედაქციამდე საინტერესო ინფორმაციამ მოაღწია, გავიგეთ, რომ აშშ-ში ქართველი მხატვრის გამოფენა მოეწყო და რა თქმა უნდა ამ ამბით დავინტერესდით.

როგორც აღმოჩნდა ნიუ-იორკში, Chelsea Market-ში გამოფენილი ნახატების ავტორი გიორგი ჩხეიძე გახლავთ, 32 წლის ქართველი ხელოვანი, საქართველოს სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, რომელიც მხატვრობით ჯერ კიდევ ბავშვობაში, სკულპტორი ბაბუის, ივანე ჩხეიძის სახელოსნოში „დაავადდა“ და მას შემდეგ ხელოვნება მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

დეტალების გასარკვევად droni.ge თავად გიორგის დაუკავშირდა და მასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც ჩავწერეთ.

-ქართველი მხატვრისთვის აშშ-მდე ჩაღწევა ალბათ ძალიან რთულია, როგორ მიხვედით ამ წარმატებამდე?

-ეს ყველაფერი ერთდროულად რთულიც არის და მარტივიც. ჩემთვის შედარებით მარტივი იყო, რადგან არ მივეკუთვნები იმ ხელოვანთა რიცხვს, რომლებიც კომუნიკაციას საკუთარ თავზე არ იღებენ და მიაჩნიათ, რომ მხატვარი სახელოსნოში უნდა იჯდეს და საორგანიზაციო საკითხები მისი საქმე არ არის. თანამედროვე სამყაროში ეს მიდგომა მცდარია და ამიტომაც მე ის უარვყავი. რა თქმა უნდა მყავს აგენტები, მათ შორის ერთ-ერთი ამერიკელია და აშშ-ში ჩემი ნახატები დიდი ხანია რაც იყიდება. რაც შეეხება გამოფენას ნიუ-იორკში, ის ქართული მხარის მიერ იყო ორგანიზებული და უცხოელებისგან მან იმაზე ბევრად უფრო მაღალი შეფასებები მიიღო ვიდრე ველოდი.

-სხვა ქვეყნებშიც თუ იცნობენ თქვენს ხელოვნებას?

-დიახ, ავსტრალიის გარდა ყველა კონტინენტზეა ჩემი ნახატები გაყიდული.

-საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელებაზე გიფიქრიათ თუ მაინც საქართველოში გინდათ?

-საქართველოში მინდაზე არ არის, უბრალოდ აქ ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან რეალურად ვითომ თავისუფლები ვართ, მაგრამ თან მაგარი შეზღუდულები ვართ. ჩარჩოებში მაინც ვართ და ეს ჩარჩოდან გაღწევის პროცესი, ძალიან საინერესოა ჩემთვის. რაღაც გარდატეხები ხდება ხოლმე ადამიანში და განსაკუთრებით ხელოვანში ამ დროს და ეს პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის საქართველოში მუშაობა ძალიან მიმზიდველია. ეს ჩარჩოები შემოქმედებითად გზრდის.

უცხოეთში ძალიან რთულია, მხოლოდ შორიდან ჩანს ადვილი. მართალია, ნიუ-იორკში ერთ გამოფენას გააკეთებ, გაიყიდება უცებ და ცხოვრებას აიწყობ, მაგრამ თვითმიზანი ხომ არ არის ნახატების გაყიდვა. იქ იმდენია შენნაირი, იქ იმდენი მიდის რაღაც წერტილამდე სადაც შენ გინდა დგომა, რომ წარმოუდგენლად დიდი კონკურენციაა. საქართველოში სიმშვიდეა ამ კუთხით. საქართველოსნაირი ქვეყნები არის ევროპაშიც, მაგრამ ამერიკა, ინგლისი, გერმანია იმდენად გახსნილები არიან, რომ იქ რთულია საკუთარი თავის პოვნაც კი, სავარაუდოდ.

წასვლაზე არ მიფიქრია იმ მიზეზითაც, რომ აქ არის ჩემი ოჯახი, წარსული, ისტორია და ალბათ მომავალიც. არ ვიცი ზუსტად, მომავალი ისე იქნება, როგორც იქნება საჭირო.

-მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 4 გამოფენა გქონდათ, საზღვარგარეთაც იცნობენ თქვენს ნამუშევრებს, ჩვენს ქვეყანაში მაინც ტელეწამყვანი გიორგი ჩხეიძე უფრო იციან. რატომ მოხდა ასე?

-აი ეგ არის ჩემი კარიერული წარსულის შეცდომა. არ მომწონს ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ჟურნალისტებს ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. ვთვლი, რომ ტელევიზია ჩემი საქმე არ არის. ბავშვობაში რეჟისორობა მინდოდა და კამერასთან სიახლოვით ვცადე ამ ოცნების კომპენსაცია, შედეგად აღმოვჩნდი კამერის წინ. სინამდვილეში კი, მე ვარ ხელოვანი.

გარდა ამისა საქართველოში მხატვრობას არ ექცევა დიდი ყურადღება, არ არის ეს სფერო პოპულარული, ბევრი ნიჭიერი მხატვარია, რომელიც ვერ ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას.

-ამის მიზეზი არის ის, რომ მხატვრობა არის დაბალშემოსავლიანი საქმე დღეს საქართველოში?

-არა, ეს უკავშირება იმას, რომ არცერთი მთავრობა არ დაინტერესებულა, ვერ ხვდებიან იმას, რომ ხელოვნება არის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი, მსოფლიოს დაანახო რა ქვეყანა ხარ. ვერავინ ვერ მოიცალა ხელოვნებისთვის, რადგან არ მინახავს საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანი, რომელმაც ხელოვნება იცის, ეს არის უდიდესი მინუსი. შეიძლება უყვარდეს რაღაც კონკრეტული ნახატი ან არტისტი, მაგრამ ხელოვნება არავინ არ იცის, არც სააკაშვილმა იცოდა, არც ამათმა იციან. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, სახელმწიფოს მხრიდან არის მინიმალური მხარდაჭერა მხატვრების და განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. წარმოუდგენელია აქ იარსებო იმით, რომ იჯდე შენს სახელოსნოში და უბრალოდ ხატო.

-სამომავლო გეგმებზე რას მეტყვით?

-ხელოვნება არ არის ერთი კონკრეტული ნამუშევარი, ეს არ პროცესი. შეიძლება ძალიან ფიგურატიული მხატვარი იყო და შეიძლება ერთ ხაზს ავლებდე ტილოზე ლურჯს ან წითელს და ესეც ხელოვნება იყოს, ეს უკვე შენი საქმეა. ჩემთვის მთავარია პროცესი, ჩემი მიზანი არის ვიყო პროცესში და ეს არის ჩემი გეგმაც.

კომენტარი