“მტაცებელი” მცენარე დარლინგტონია

ჩვენს პლანეტაზე არა მხოლოდ მტაცებელი ცხოველები, ან ფრინველები, არამედ მტაცებელი მცენარეებიც არსებობს. ეს უკანასკნელნი სხვადასხვა სახის მწერებით იკვებებიან. ერთ-ერთი მათგანია დარლინგტონია. მცენარის სამეცნიერო, ლათინური სახელწოდებაა Darlingtonia californica.

მწერიჭამია მცენარე სარაცენიასებრთა ოჯახის წარმოადგენს. აქვს ყვითელი ყვავილები და კოლოფი, ასევე როზეტისებურად შეკრებილი ფოთლები, რომელთა სიგრძე 1 მეტრს აღწევს. სწორედ ეს ფოთლებია მწერების დასაჭერ ხაფანგებად გარდაქმნილი.

ფოთლის შიგნითა ზედაპირზე ჯირკვლებია, რომლებიც ნექტარს გამოყოფს. ფოთლის კედლები დაფარულია ბუსუსებით, რაც მწერს ხაფანგიდან ამოსვლის საშუალებას უსპობს. მწერი იღუპება ფოთლიდან გამოყოფილ სითხეში, შემდეგ კი იხრწნება ბაქტერიების მოქმედებით.

დარლინგტონია გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ კალიფორნიიდან სამხრეთ ორეგონამდე. ხარობს ჭაობიან ნიადაგებზე.

კომენტარი