COVID-19-ის გავრცელების სპეციალური რუკა, რომელიც აჩვენებს, სად და როდის შეიძლება იფეთქოს ინფექციამ - კავკასია ზამთარში რისკის ზონაშია

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელებასა და კლიმატურ პირობებს შორის კავშირი დაადგინეს და სპეციალური რუკა შექმნეს, რომელიც აჩვენებს, სად და როდის შეიძლება იფეთქოს ინფექციამ, წერს გამოცემა Daily Mail–ი.


გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა მსოფლიოს რვა ქალაქი, რომლებშიც ყველაზე მეტად გავრცელდა COVID–19, იმ 42 ქალაქს შეადარეს, სადაც დაავადებულთა რაოდენობა ძალიან დაბალია.

პირველ კატეგორიაში შევიდა ქალაქები: ტეგუ (სამხრეთ კორეა), კომი (ირანი), მილანი, პარიზი, მადრიდი, სიეტლი, უჰანი და ტოკიო.


სწავლულები აცხადებენ, რომ ამინდის პროგნოზის ევროპული ცენტრის მონაცემებით, ამ ქალაქებში იანვარ–მარტის პერიოდში მსგავსი კლიმატური სურათი იყო: ჰაერის ტემპერატურა 4–9 გრადუსს შორის მერყეობდა — დაბალი ტენიანობის ფონზე.

გამომდინარე მიღებული შედეგებიდან, ანუ კორონავირუსის გავრცელებასა და კლიმატურ სურათს შორის კავშირიდან, მეცნიერები აცხადებენ, რომ ზამთარში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არსებობს ისეთი ტერიტორიებისთვის, როგორებიცაა: კავკასია, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა, დიდი ბრიტანეთი, აშშ–ის ჩრდილო–აღმოსავლეთი და დასავლეთი, და ასევე ბრიტანეთის კოლუმბია.


კომენტარი