თვალაბმული ზვიადისტები

ჩატარებული არჩევნების შემდეგ გუნდმა, რომელსაც მათი ლიდერის სახელის მიხედვით, პირობითად „მიშისტებად“ უხმობენ, დათმო პოზიციები. გუნდმა, რომელსაც პირობითად „ბიძინისტები“ შეიძლება ვუწოდოთ, განიცადა გამარჯვება. მაგრამ რასაც რეალურად ჰქვია დამარცხება - დამარცხებულნი უკვე მერამდენედ „ზვიადისტები“ აღმოჩნდნენ!

მოგეხსენებათ, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ პოპულაციას, რომელსაც კრემლმა „ზვიადისტები“ უწოდა სამშობლოს თავისუფლების იდეალებისადმი პრეზიდენტის გეზის ერთგულების გამო, აღარსად დარჩა დასავანებელი. ამიტომაც, ყოველი ახალი ეროვნული ძალის გამოჩენას სულმოუთქმელად ელოდება ხოლმე და როცა ასეთს ვერ ხედავს, ვარაუდებზე აგებს თავის მოლოდინს.

ახალი არჩევნების წინ, რადგან საკუთარი რესპექტაბელური ორგანიზაცია არ გააჩნდათ, ყოფილი ზვიადისტების ცდუნებული ნაწილი ძირითადად ორ ბანაკში გადანაწილდა - ლეიბორისტებში, შალვა ნათელაშვილის ურაპატრიოტული გამოსვლებით ფრთაშესხმული და ფორუმელებში, მათ რიგებში მყოფ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან მოსული გუბაზ სანიკიძის მიზეზით.

მწარედ მოტყუვდნენ კი - ნათელაშვილმა რის ვაი-ვაგლახით ერთი პროცენტი ძლივს მოაგროვა და ისევე დარჩა პარლამენტს გარეთ, როგორც აქამდეც რჩებოდა, ხოლო გუბაზ სანიკიძე პარლამენტში უსაზღვრო გავლენის მოპოვების ნაცვლად, გაჭირვებული და ცხრა მთას იქით გადაკარგული თვისტომის მანუგეშებლად გაამწესეს. დარჩნენ ზვიადისტები ყურებჩამოყრილნი.

იმისათვის, რათა სინანული და წუხილი გავუნელოთ, შეგვიძლია ვანუგეშოთ ისინი, რომ არაფერი დაუკარგავთ, რადგან, კარგად რომ გამოეძიებინათ, აღმოაჩენდნენ, რომ არც ერთი იყო ზვიადისტი და არც მეორე - კიდევ მეტი: არაფრადაც არ უღირდათ მათთვის საფიცარი სახელი. ამ სიტყვების დასტური შევეცდებით ქვემოთ წარმოგიდგინოთ:

ნათელაშვილი - გამორიცხვის მეთოდით

ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთი ნაწილის მთავარი ფალავანი შალვა ნათელაშვილი თავის დროზე საერთოდ არ გაკარებია ზვიადისტურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას - სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის კურსგავლილი, ჯერ გენერალურ პროკურატურაში ნუშაობდა 1992 წლამდე და შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ყურმოჭრილი ყმის მოვალეობას ასრულებდა პარლამენტში.

ამჟამად კი ნათელაშვილი უპირისპირდება ქართველი ერის მაგისტრალურ ხაზს, ნატოში შესვლასთან დაკავშირებით - იგი არ მალავს, რომ მისი მიზანია ნატოში შესვლაზე უარის თქმა, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება არ უნდა ჰქონდეს საქართველოს: „არ გვინდა ნატო და არ გვსურს ამერიკელი მრჩევლები“ - აცხადებს ლეიბორისტთა ლიდერი. ცხადია, საკუთარ განცხადებას იგი დემაგოგიაზე აგებს, რადგან აქსიომაა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა თავად უნდა განაგებდეს საკუთარ ბედ-იღბალს, მაგრამ საქართველოში ბავშვმაც კი იცის, ვიდრე არსებობს ცივი ომის სულისჩამდგმელი რუსული მოდერნიზებული იმპერია, ერთადერთი გზა მასთან გამკლავებისა არის კოლექტიური უსაფრთხოება, რასაც სწორედ ნატო ახორციელებს. მაშასადამე ადამიანი, რომელიც ამ დაპირისპირების ჟამს ბარიერის მეორე ნაპირზე დგას, სწორედ იმ მეორე ნაპირის ნაწილია. ამდენად, პოლიტიკოსი, რომელიც უპირისპირდება ერის სასიცოცხლო ინტერესებს, ეროვნული თავისუფლების შენარჩუნების გეზს - ვერ იქნება ზვიადისტების თანამოაზრე და სამშობლოს ინტერესების დამცველთა რიგებში მისი ყოფნა ავტომატურად გამოირიცხება.

იმისათვის, რომ გავერკვეთ ნათელაშვილის პოლიტიკური ვექტორის ჭეშმარიტ მიმართულებაში, შეგვიძლია მოვიხმოთ ეკონომიკური პრიორიტეტები და ამოვხსნათ მისი გამონათქვამების ქარაგმა, როდესაც ის ამბობს, რომ „ყველაზე დიდი საფრთხე არ არის რუსეთი“ და რომ საქართველოს მთავარი მოვალეობაა რუსეთისაკენ მიმავალი სავაჭრო გზების აღდგენა, სტალინის სახელის განზრახ ოდიოზური შეხსენებით. ამდენად, ლეიბორისტების სოციალისტურ მიმართულებებს და დეკლარირებულად მხარდაჭერილ უფასო ჯანდაცვას, განათლებასა და სოციალ მომსახურებას პროლეტარიატის დიქტატურის დროინდელი ლოზუნგით - „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“ („Грабь награбленное“) აქვთ მკვეთრად გამოხატული რუსული მიმართულება. მაგრამ აქვე იბადება ბუნებრივი კითხვა: თუ იგი რუსული ინტერესების გამტარებელია, მაშ რად ებრძვის ასე თავდაუზოგავად მასავით რუსეთის ადეპტ ივანიშვილს, ხომ არ არის აქ რაიმე თვალთმაქცობა? არავითარი თვალთმაქცობა არ არის! საქმე ის გახლავთ, რომ ივანიშვილი რუსეთის მემარჯვენე ძალთა - „ედინაია როსია“-ოლიგარქების ბლოკის წარმომადგენელია და ნათელაშვილი დაპირისპირებულია მათთან, როგორც ნებისმიერი სხვა რუსი მემარცხენე - მთავრობასთან ლოიალური ზიუგანოვიდან დაწყებული - რადიკალ ლიმონოვითა და უდალცოვით დამთავრებული. ასე რომ ნათელაშვილის ერთობა ოლიგარქ ივანიშვილთანაც გამოირიცხება.

მაშ ვის და რას წარმოადგენს ნათელაშვილი? გამორიცხვის მეთოდით იგი გახლავთ იმის მოიმედე პოლიტიკოსი, რომ სულ მალე რუსი მემარცხენეები მოაწყობენ „გეკაჩეპეს“, დაამხობენ „ედინაია როსია“-ოლიგარქების დიქტატურას, აღადგენენ საბჭოთა კავშირს და ერთიან მძლე კავშირში გაწევრიანებულ საქართველოში ნათელაშვილს დანიშნავენ ცეკას მდივნად!

მემკვიდრეობითი სიძულვილი ზვიად გამსახურდიას მიმართ

არა მარტო „ფორუმთან“, არამედ „ოცნებასთან“ დაახლოებასაც ბევრი ზვიადისტი იმით ამართლებდა, რომ მასში გაწევრიანებული იყო გუბაზ სანიკიძე, რომელსაც მემკვიდრეობით ჰქონდა ჩაბარებული პატრიოტიზმი. ბევრს არ ახსოვდა ალბათ, რომ გუბაზ სანიკიძეს მემკვიდრეობითვე გადმოეცა იდიოსინკრაზია ზვიად გამსახურდიას სახელის მიმართ.

ჯერ კიდევ 1992 წელს, ახლად გადატრიალებულ საქართველოში, მამამისმა, ცნობილმა ისტორიკოსმა ლევან სანიკიძემ, რომლის არაერთი წიგნის თანაავტორი ბრძანდება ბატონი გუბაზი, დაბეჭდა წიგნი, სახელწოდებით „309 ქართული სირცხვილი“, რომელსაც ეპიგრაფში „პანსირცხვილით“ იწყებდა:
„ქრისტეს შობითგან 1992, - უკვე მესამე წელიწადია, რაც საქართველო „ბრწყინავს“...მწვერვალსა ზედა სირცხვილისასა...

ე რ ი („ეთნოს“, „ნაციო“) - აღარ არის ერი;
აღარც - ხ ა ლ ხ ი („დემოს“, „პოპულუს“);
არამედ, უკვე - ბ რ ბ ო („ოხლოს“, „ვულგის“);

რ ო გ ო რ განმეორდა „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობათა“ კრახი და სირცხვილი საუკუნის დასაწყისისა საუკუნის დასასრულს: მაშინ საქართველოს მამის მკვლელობა, ახლა - თვითონ საქართველოსი; მკვლელები - მაშინაც თვითონ ქართველები, ახლაც თვითონვე...

რ ო გ ო რ „აღტაცებით“ და „გატაცებით“ (87%!) აირჩია უკვე „ხალხად“ ჩამოქვეითებულმა ერმა თავისი „პრეზიდენტი“; ხოლო, ამ „იდეალურმა პრეზიდენტმა“ როგორ დაჰყო და დაანაკუწა „ერი თვისი“, სრული კაცთმოძულეობით, „მტრებად“ და „მოყვრებად“, „აგენტებად“ თუ „კონტრაგენტებად“. როგორ მოუწოდა შიშით ატანილმა თავის „მოყვარე საქართველოს“ თავის „მომტერე საქართველოს“ წინააღმდეგ სისხლის საქცევად“. (ხაზი ჩემია - ვ.კ.)

აი, ასეთი ანდერძი დაუტოვა მამამ გუბაზ სანიკიძეს და ისიც, რა შვილი იქნებოდა, თვალთახედვა გაემტყუნებინა მამისათვის - ჟურნალ „გზისთვის“ (№41, 2007 წ.) მიცემულ ინტერვიუში იგი რიხით აცხადებდა: „ამ ქვეყანას ყველა პრეზიდენტი სულელი ჰყავდა“. (ხაზი ჩემია - ვ.კ.)
გასაგებია, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის დამცველებად ზვიადისტები არ გამოდგებიან, მაგრამ როგორ შეუძლიათ შეეგუონ ზვიად გამსახურდიას „სულელობას“, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია!

კომენტარი