სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დასავლეთი დაჟინებით მოსთხოვს რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანას“

ამ ბოლო დროს სხვადასხვა სახელმწიფოების მაღალჩინოსნები გააქტიურდნენ და ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ საქართველოს. ჰილარი კლინტონის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სიკორსკის შემდეგ, საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვია. "არ იფიქროთ რომ დაგვავიწყდა საქართველო, ეს არასდროს მოხდება", – განაცხადა კუშნერმა საქართველოში ვიზიტისას. კუშნერი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი აუცილებლად უნდა დაიწყოს. ამას წინათ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მზადაა თანამშრომლობისთვის, სხვათა შორის იგივე განცხადებით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი ტელეკომპანია "მირი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

საინტერესოა, რას უკავშირდება საქართველოს მიმართ სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსანთა გახშირებული ვიზიტები, რას უნდა ველოდოთ ამ ვიზიტებისგან, რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დაიწყოს მოლაპარაკებები, მოუწევს თუ არა ოკუპანტს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა, აი, ამ საკითხებზე "დრონი.ჯი" ექსპერტ სოსო ცინცაძეს ესაუბრა:
– ბატონო სოსო, ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერები ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ საქართველოს. კლინტონის შემდეგ საქართველოს კუშნერი ეწვია, რით არის ეს განპირობებული და რას შეიძლება ველოდოთ ამ ვიზიტებისგან?
– ამ ვიზიტებით ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ევროპის ინტერესი რეგიონისადმი, კერძოდ საქართველოსადმი სტაბილური, მყარი და საკმაოდ მზარდია. როგორც ჩანს, რუსეთზე დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის ახალი ეტაპი იწყება. ერთია ვთქვათ რასაც ვიზიტორები ღია კამერებთან აცხადებენ და სულ სხვაა ის, რასაც ისინი კონფედენციალურ შეხვედრებზე, ვთქვათ პრეზიდენტთთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელებთან ამბობენ. რასაკვირველია, საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემას – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რუსების ჯარების გაყვანას გვერდს ვერავინ აუვლის. შეხვედრებზე ეს საკითხები იქნებოდა განხილული, თუმცა მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდნენ სხვადასხვა ლიდერები, რომ მოესმინათ კიდევ ერთხელ ქართული პოზიცია-მეთქი ვერ ვიტყვი და ესეც არ იქნებოდა სწორი. რასაკვირველია, ევროპას აქვს თავის ხედვები და სწორედ ნაწილობრივ ამაზე ისაუბრა კუშნერმა, რომლის ვიზიტიც ევროპელი ვიზიტორებისგან ყველაზე მნიშვნელოვანია.

– კუშნერმა განაცხადა, საქართველომ რუსეთთან დიალოგი აუცილებლად უნდა დაიწყოს, რაშიც დაგეხმარებით კიდეცო, თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყება?

– საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მშვენივრად იცის, რომ საქართველოს პოზიცია პრინციპულია, ანუ, კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან, მაგრამ რუსეთს არ სურს მოლაპარაკება სააკაშვილთან, ხომ? თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებისთვის ეს არგუმენტი ვერ იქნება, რომ რა ვქნათმ არ სურს რუსეთს საუბარი სააკაშვილთან და ჩვენ აქ ვერაფერს ვიზამთო.
ვინაიდან იგივე საფრანგეთს მშვენივრად ახსოვს, რომ თავის დროზე ვაშინგტონი ვერ იტანდა დეგოლს, მაგრამ ამის მიუხედავად არც რუზველტი, არც კენედი და არც ნიქსონი არ ამბობდნენ, დეგოლთან არ გვექნება ურთიერთობაო. ყველა ეს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი პირადი სიმპატია დეგოლისადმი არ ჰქონიათ, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მასთან და მეტიც, კენედი და ნიქსონი პარიზშიც კი ეწვივნენ დეგოლს. ასე რომ, ევროპელებთან საუბრისას რუსეთის პოზიცია, რომ აი, მე სააკაშვილს არ ველაპარაკები, არგუმენტად არ გამოდგება. ამიტომ ვფიქრობ, რომ რასაკვირველია, იგივე საფრანგეთის მხრიდან რუსეთზე იქნება პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა, რათა რუსეთიც წამოვიდეს დიალოგზე.
ქართული მხარე მზად არის დიალოგის დასაწყებად. აქ იყო კიდევ ერთი მომენტი – ის, რომ ვთქვათ, ოკუპაციის ტერმინს სხვადასხვანაირად უდგება იგივე ბოლო დღეების მაგალითით კლინტონი და საფრანგეთის ხელისუფლება. კლინტონმა სამჯერ ახსენა ტერმინი "ოკუპაცია", თეთრი სახლის განცხადებაშიც ნახსენები იყო ტერმინი "ოკუპაცია", მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია ასეთია, რომ ეს არაფერს მოგვცემს. და კიდევ ერთი მთავარი რამ ის არის, რომ იწყება მოლაპარაკებები ევროკავშირში ასოცირებაზე, რასაკვირველია, ეს მნიშვნელოვანი მოვლენებია. ჩემი აზრით, შედეგს ჩვენ რამდენიმე თვეში სადღაც შემოდგომაზე, წლის ბოლოსთვის დავინახავთ, ჩემი პროგნოზი ასეთია: რუსეთის მხრიდან აუცილებლად იქნება რაღაც პოზიციების დათმობა.

– ანუ აშშ-ის და იგივე საფრანგეთის ზეწოლით რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა მოუწევს, რეალურად შესაძლებელია, რომ ოკუპანტის ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორიები?
– დასავლეთი დაჟინებით მოსთხოვს რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას და რუსეთს მოუწევს ჯარების გაყვანა. რუსეთი, ადრე თუ გვიან, იძულებული იქნება წავიდეს ამ პროცესზე და წავა კიდეც. რუსეთი ჯარებს აუცილებლად გაიყვანს. ყოველ შემთხვევაში, ჯარის დიდ ნაწილს მაინც. მაგრამ ამას ხვალ და ზეგ არ უნდა ველოდოთ, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება და დროში შეიძლება გაიჭიმოს კიდეც. მაგრამ შედეგი მაინც ასეთი იქნება, რადგან გულახდილად რომ ვთქვათ, თვითონ რუსეთშიც არ იციან რა უყონ, როგორ მოექცნენ ამ რეგიონებს, პირველ რიგში, ვთქვათ, ცხინვალის რეგიონს, ხო, რა უყონ? ხომ არ შეიძლება 50, 100 წლით მოსკოვმა თავის კმაყოფაზე აიყვანოს ცხინვალის რეგიონი, არა? და იქ რამდენი მექრთამე, ბანდიტი პრეზიდენტი მოვა, არჩინოს ის თავისი კლანით, ამას რუსეთი არა და ვერც იზამს. ამიტომ თვითონ რუსეთიც იძულებული გახდება შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგას, რათა როგორმე თავი დააღწიოს ამ მძიმე პოზიციას, რომელიც თავისი სულელური გადაწყვეტილებით აიკიდა.
ერთი სიტყვით, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი ძალიან მალე დაიწყება, რაც, რასაკვირველია, აუცილებელია. არ შეიძლება, იცით, 21-ე საუკუნეში ორ მეზობელ ქვეყანას შორის იყოს სულ სამხედრო დაძაბულობა და ერთი ქვეყანა მეორეს ავიწროებდეს და გლეჯდეს ტერიტორიებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100