პრეზიდენტი: „ქართველი ხალხი ცხენი არ არის, ლაგამი ამოსდო და კისერი აქეთ-იქეთ ატრიალებინო...“

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ქართული საზოგადოება ცხენი არ არის, ლაგამი ამოსდო და თავი საითაც გინდა, იქით მიატრიალებინო".

ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს მარნეულში ახალი საავადმყოფოს გახსნის შემდეგ ადგილობრივების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩემთვის ეს საავადმყოფოები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს თანასწორობის იდეის ყველაზე კარგი განხორციელებაა. ადრე მარნეულიდან თბილისში უნდა წასულიყავი, იქ უნდა გეცადა, თუმცა საავადმყოფოები იქაც არ ვარგოდა. ვინმე ექთნისთვის, სანიტრისთვის, ექიმისთვის ჯიბეში ფული უნდა ჩაგედო, გეხვეწნა და ძალიან ხშირად იმას ვერ იღებდი, რაც გჭირდებოდა. დღეს აქ არა მარტო საავადმყოფოს ვათვალიერებ, არამედ მთავარ მოედანზე სუპერმარკეტს, პოლიციის შენობას ვხსნი. აქ იუსტიციის ულამაზესი სახლი შენდება. ამასწინათ სპორტდარბაზი და სპორტული ცენტრი გავხსენით.

ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ, რომ მარნეული სადღაც შორს იყო, საცოდავი, მესამეხარისხოვანი, დღეს კი მარნეული ულამაზესი ქალაქი ხდება. ეს არის, რაც "ვარდების რევოლუციამ", ჩვენმა ერთობლივმა შრომამ და იმან მოიტანა, რომ საქართველოში მეორეხარისხოვანი ხალხი, ადგილები, ეთნიკური ჯგუფი, აღმსარებლობის წარმომადგენელი არ არსებობს. აქ ყველა თანასწორია. ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვქმნით და ჩვენს ბავშვებს საუკეთესო პირობებში გავზრდით. ჯერ კიდევ უჭირს ქვეყანას, სკოლები, საავადმყოფოები საუკეთესო უნდა იყოს.

გზები ყველგან ძალიან მაგარი უნდა მივიდეს, უნდა იყოს იმაზე მაგარი, ვიდრე ჰოლანდიაშია, ამერიკაშია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ვინც არ უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ძველ წყობაში არასდროს დავბრუნდებით. მასში კარგი არაფერი იყო. ძველი წყობა ასოცირებული იყო სიღარიბესთან, უთანასწორობასთან, გამოძალვასთან, მოსყიდვასთან და ა.შ. ასეთ საავადმყოფოებში მხოლოდ მილიარდერები და მილიონერები მკურნალობდნენ. ჩვენ მილიონერები არ ვართ, მაგრამ ღირსება გაქვს, საუკეთესო ჯანდაცვა, განათლება და უკეთესი ცხოვრება გვჭირდება. ჩვენ ყველანი ერთად უკეთეს ცხოვრებას გავაკეთებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ყოველდღე მე იმას კი არ ვფიქრობ, რას იტყვის ჩემზე ვინმე ცხვირაწეული, ან მშრომელი, ან უცხოელი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას დიდი ავტორიტეტი აქვს, რაც იმან განაპირობა, რომ მთავრობა მხოლოდ ხალხზე ფიქრობს, ხალხს ემსახურება, კორუფცია მოსპო და ყველა, ვინც საჯარო სამსახურშია, იმაზე ფიქრობს, აბა, დღეს მე ჩემს ხალხს რა გავუკეთე, რა გავუკეთე თბილისელებს, ბოლნისელებს, მარნეულელებს, ჩხოროწყუელებს და ყველა დანარჩენს? ამას ვერავინ წაგვართმევს და უკან ვერ მიგვატრიალებს, იმიტომ, რომ წარსულისკენ ჩვენი მიტრიალება რომც უნდოდეთ, ქართველი საზოდადოება ცხენი არ არის, ლაგამი ამოსდო და თავი საითაც გინდა, მიატრიალებინო. თუ ვინმე ამას მოინდომებს, ცხენი მხედარს ჩამოაგდებს. ჩვენ ღირსებით აღსავსე საზოგადოება ვართ, რომელიც წინ მიდის", - განაცხადა სააკაშვილმა.

მარნეულში გახსნილი საავადმყოფო სადაზღვევო კომპანია "ირაოს" მიერაა აშენებული. 25 საწოლიან საავადმყოფოში ასამდე ადგილობრივი სპეციალისტია დასაქმებული. კლინიკა მომხმარებელს ამბოლატორიული, სტაციონარული, სამშობიარო და სხვა სახის მომსახურეობას სთავაზობს.

საავადმყოფოს გახსნის შემდეგ სააკაშვილმა მარნეულში სუპერმარკეტი და პოლიციის შენობას გახსნა, ასევე იუსტიციის სახლის მშენებლობაც დაათვალიერა.

"პოლიციის შენობას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ქვეყნის მთავარ არქიტექტორად ვანო მერაბიშვილი ხომ არ გადაგვეყვანა, მაგრამ როგორც ვხედავ, მას ადეიშვილის სახით კონკურენტი ჰყოლია. მერე ებრძოლონ ჩვენს შუშის შენობებს, ხიდებს. ეს ახალი ეპოქაა და ამას უკან ვერავინ შეაბრუნებს", - დასძინა სააკაშვილმა.


კომენტარი