მოსკოვში, მანეჟის მოედანზე 100-ზე მეტი შეიარაღებული პირი დააკავეს

მოსკოვში, მანეჟის მოედანზე - კრემლთან ახლოს დაახლოებით ასი ადამიანი დააკავეს. პოლიცია იუწყება, რომ დაკავებულები შეიარაღებული იყვნენ ტრავმატული იარაღით, „მოლოტოვის კოქტეილებითა“ და საკვამლე რაკეტებით, ასევე თან ჰქონდათ რკინის ნაჭრები.

ამმ მასობრივი დაკავებით სამართალდამცველებმა 8 ოქტომბერს მოსკოვის ცენტრში დაგეგმილი არასანქცირებული აქციის ჩატარება აღკვეთეს.

როგორც შსს-ს მოსკოვის სამმართველო იტყობინება, დაკავებულები მოსკოვის სხვადასხვა განყოფილებაში გადაანაწილეს. მათ „პროფილაქტიკური საუბრები“ ჩაუტარეს.

როგორც „ინტერფაქსმა“ შეიტყო, მანეჟის მოედანზე არასანქცირებული აქცია იყო დაგეგმილი, რომელიც არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის (ცსკა-ს) ფეხბურთელთა გუნდის 18 წლის ფანატის მკვლელობას უკავშირდებოდა.

მის მკვლელობაში აზერბაიჯანის მოქალაქეა ეჭვმიტანილი, თუმცა, საგამოძიებო ორგანოები ეროვნულ ნიადაგზე მკვლელობას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი ჩხუბში თავისი რუსი მეგობრის დასაცავად ჩაერია.

კომენტარი