პატრიოტული ბანაკები - დასვენებისა და განათლების საუკეთესო საშუალება

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თაოსნობით, უკვე ხუთი წელიწადია, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდები საზაფხულო პატრიოტულ ბანაკებში ზაფხულს ერთად ატარებენ. შარშან, აგრესორების წინააღმდეგობის მიუხედავად, პროექტში აფახაზი და ოსი ბავშვების ჩართვაც მოხერხდა, ეს ახალგაზრდები დღემდე ურთიერთობას აგრძელებენ. პატრიოტული ბანაკები ბევრ ქვეყანაშია უკვე აპრობირებული და საქართველოშიც დიდი წარმატებით სარგებლობს, ვინაიდან, ახალგაზრდების დასვენების გარდა, ამ ბანაკებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა გააჩნია. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის პროექტის ძირითადი მიზანი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიცემა გახლავთ. სპეციალურად მოწვეული სპეციალისტები, ახალგაზრდებს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდების მეშვეობით, წარმატების მიღწევის ხერხებს ასწავლიან. შედეგად, ამ ადამიანებს უადვილდებათ წარმატების მიღწევა, ვინაიდან, მათ უკეთ იციან ბიზნესი, კანონმდებლობა, ეკონომიკა, საქართველოს ისტორია, ადამიანის უფლებები და რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთთან ურთიერთობა.
როგორც კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სულხან სიბაშვილი ამბობს, პატრიოტულ ბანაკში წასვლის მსურველი ყოვეწლიურად ძალიან ბევრია, თუმცა რაოდენობა შეზღუდულია და პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ხელმოკლე ოჯახებს ენიჭებათ: "მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ფინანსებით გაემგზავრონ დასასვენებლად, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი საშუალებას აძლევს პატრიოტული ბანაკები უსასყიდლოდ დაისვენონ და იმავე დროს, საკუთარი ცოდნაც გაიღრმავონ. ვინაიდან, დასვენების გარდა, პროექტს საგანმანათლებლო ფუნქციებიც გააჩნია. პატრიოტულ ბანაკებში ახალგაზრდებს, საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტები სხვადასხვა თემაზე სემინარებსა თუ ტრენინგები უტარებენ და ისინი მსოფლიო ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებებს ეცნობიან. სწავლობენ როგორც აგრობიზნესისა თუ მეცხოველეობის საკითხებს (თემატიკა შეზღუდული არ არის), ასევე საქართველოს ისტორიას, კულტურას, პოეზიას, რათა ახალგაზრდებს პატრიოტული სულისკვეთება აუმაღლდეთ და გახდნენ კიდევ უფრო წარმატებულები, ვიდრე ბანაკში მისვლამდე იყვნენ", - ამბობს სულხან სიბაშვილი.
სემინარების გარდა, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათთვის საყვარელ ხელოვანებს, მწერლებს, ბიზნესმენებსა და უამრავ ცნობილ და წარმატებულ ადამიანს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ. ისინი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და წარმატების მიღწევის ხერხებს ასწავლიან.
დასვენებისა და გართობის პარალელურად, "პატრიოტები" ადგილობრივ, იმ კუთხის ღირშესანიშნაობებსაც დაწვრილებით ეცნობიან, სადაც ისვენებენ. ამით, მათ საკუთარი სამშობლოს უკეთ შესწავლის შესაძლებლობაც ეძლევათ.

როგორც სულხან სიბაშვილი ამბობს, გასულ წელს, პატრიოტულ ბანაკებში 30 000-მა ახალგაზრდამ დაისვენა. წელს, პროექტი 1 ივლისიდან დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. პატრიოტული ბანაკები წელს ვარციხეში, ყვავილნარში, საგარეჯოში, სქურსა და შაორში განლაგდა და ამჯერად ბანაკებში, 17-დან 22 წლამდე ასაკის, 7 000 ახალგაზრდა დაისვენებს. აღსანიშნავია, რომ პატრიოტულ ბანკებში უკვე 150 ქართული ოჯახიც შეიქმნა.
პატრიოტულ ბანაკებში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდაც ისვენებს. მათ უმრავლესობას ბუნდოვნად ახსოვს საკუთარი ისტორიული სამშობლო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, გასულ წელს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და სამასმა ეთნიკურმა ოსმა და აფხაზმა ახალგაზრდამ, საქართველოს პატრიოტულ ბანაკებში ქართველ ბავშვებთან ერთად დაისვენა. როგორც ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, ახალგაზრდების მხრიდან სურვილი წელსაც დიდია, თუმცა, ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება მათ ამის უფლებას არ აძლევთ. "ახალგაზრდებს, რომლებსაც შესაძლოა არ ახსოვდეთ სამაჩაბლო და აფხაზეთი, პატრიოტულ ბანაკებში დოკუმენატალურად, ისტორიული წყაროების მიხედვით შეასწავლიან, რომ ეს მათი სამშობლოა, რათა არასოდეს დაივიწყონ აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რათა გაიაზრონ, რომ აფხაზებიც და ოსებიც მათი მოძმეები არიან, რათა ამ ახალგაზრდებს ჩავუნერგოთ რწმენა, რომ საქართველო მათი საერთო სამშობლოა.
ამ ბავშვებს არ ახსოვთ ომი და ამიტომ მათთვის ძალიან ადვილია აფხაზ და ოს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება. მაშინ როდესაც საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ჯარები იყო განლაგებული, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ქართველი და ოსი ბავშვები გადმოვიყვანეთ და ქართულ პატრიოტულ ბანაკებში დავასვენეთ. ეს ახალგაზრდები დამეგობრდნენ და დღესაც აგრძელებენ ურთიერთობას".
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, პატრიოტულ ბანაკებში სემინარების გარდა, სხვადასხვა გასართობი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება, რათა ახალგაზრდებს ყველანაირი პირობა ჰქონდეთ ათი დღის განმავლობაში სრულყოფილად დაისვენონ და საკუთარი ცოდნაც მაქსიმალურად გაიფართოვონ.

აღსანიშნავია, რომ პატრიოტული ბანაკები ახალგაზრდების დასაქმების კუთხითაც მნიშვნელოვანია, ბანაკის ლიდერებად თუ ტრენერებად დაახლოებით 500 ახალგაზრდაა დასაქმებული. დასვენების პარალელურად, ისინი საკუთარი შრომის საზღაურსაც იღებენ.

სულხან სიბაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალ პროექტზეც საუბრობს, რომელიც საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების გადამზადების საშუალებას იძლევა. "მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ახალგაზრდების გადამზადების ცენტრები გაიხსნება, სადაც ახალგაზრდებს შეასწავლიან, თუ როგორ შეიძლება დაწერონ პროექტები, მიიღონ გრანტები, მათ ჩაუტარდებათ ლექციები, სემინარები.
პროექტი სექტემბრიდან დაიწყება, მანამდე კი, ზაფხულის განმავლობაში, კომფორტული გარემო, ჯანსაღი ჰაერი, კეთილმწყობილი საზაფხულო კოტეჯები, უამრავ ახალგაზრდა "პატრიოტს" საუკეთესო დასვენებისა და განათლების მიღების საშუალებას აძლევს.

კომენტარი