სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოღაიდელის პოლიტიკური რეგენერაცია

გარდა იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკური რეგენერაცია მოდურია, კარგად აპრობირებული მეთოდიცაა.
პოლიტიკური რეგენერაციის პარალელურად ცდილობენ, რაც შეიძლება უცოდველები გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე. ამის საუკეთესო მაგალითი გასული წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციები იყო.
2009 წლის 9 აპრილის ორგანიზატორი თოთხმეტამდე პოლიტიკური პარტია გვერდიგვერდ დგომასა და ერთმანეთისთვის ძველი ცოდვების მოკითხვას მანამ არ აპირებდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა და სააკაშვილს „სახლში არ გაუშვებდა“. მიზანი მიუღწეველი დარჩა და დადგა დრო ერთმანეთისთვის ძველი ცოდვების მოკითხვისა.
„ვაპირებთ მანამდე ვიდგეთ ერთად და ერთმანეთის გვერდით, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, შემდეგ კი გავიხსენებთ იმ კითხვებსა და ბრალდებებს, რაც ერთმანეთისთვის გვაქვს“, - აცხადებდნენ „რადიკალები“ გასული წლის გაზაფხულზე, 9 აპრილამდე ხუთი დღით ადრე.
თუმცა არავის არაფერი მოჰკითხვია, ისე მიეტევათ ძველი შეცოდებები. ცოდვების მოკითხვის ადრესატები ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი იყვნენ.
მაშინ ოპოზიციას დათმობაზე წასვლა მოუწია, რადგან რუსთაველზე მათთან ერთად ნინო ბურჯანაძეს უწევდა გამოსვლა. ცოდვათა სიმძიმის გამო კი საპროტესტო აქციებზე ყოფნა ზურაბ ნოღაიდელმა ვერ მოახერხა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით უკომპრომისო ლეიბორისტული პარტია იყო. „ლეიბორისტები“ ის ხალხია, რომელთა ინიციატივითაც „ეროვნული საბჭოს“ შეკრება და მის თავმჯდომარედ ზურაბ ნოღაიდელის არჩევა მოხდა. დღეს ლეიბორისტულ პარტიასა და ნოღაიდელს შორის სრული ჰარმონიაა.
ერთი წლის წინ კი ნოღაიდელის მიმართ „მშრომელებს“ ამგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ:
შალვა ნათელაშვილი: „აქციაზე მივალ და დავდგები მომიტინგეებთან ერთად, რადგან ჩემთვის ბურჯანაძესთან, ნოღაიდელთან და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩამოყალიბებულ პარტიებთან ერთად დგომა მიუღებელია“.
ნესტან კირთაძე: „იმ ადამიანებთან დგომა, რომლებიც ქვეყანაში მეორე და მესამე პირები იყვნენ, ჩემთვის მიუღებელია. ზურაბ ნოღაიდელი იყო მეორე პირი ქვეყანაში, ამის გამო თავისი ცოდვებისთვის უნდა მოეკითხოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს ბურჯანაძეს აქვს მორალური უფლება იდგეს აქ და ქართველ ხალხს სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებდეს? ვფიქრობ, რომ არა“.
სოსო შატბერაშვილი: „ნოღაიდელს რომ ბიუჯეტი ჩააბარო, ეს იგივეა, სტუმრად წახვიდე და სახლი ყაჩაღებს დაუტოვო. როცა დაბრუნდები, დაგხვდება რამე? - არც არაფერი! ასე ეპყრობოდა ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს ბიუჯეტს“. ახლა ეს ადამიანები ერთად ცდილობენ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას.
ზურაბ ნოღაიდელი დღეს სხვანაირად ჭიკჭიკებს რუსეთის თემაზე, ეკონომიკურ ჩავარდნებზე და ბიზნესტერორზე. არადა, ეს ის ზურაბ ნოღაიდელი არ არის, რომლისთვისაც „ნატოში“ შესვლა პრიორიტეტს წარმოადგენდა? რომლისთვისაც რუსეთი დაუძინებელი მტერი იყო? ახლა გახდა ჩრდილოელი მეზობელი ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი, მხსნელი და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი?
ახლა კი თავად ნოღაიდელის განცხადებებს გადავხედოთ და შევადაროთ, რამდენად ადეკვატურია მისი განცხადებები დღევანდელ რეალობასთან.
ზურაბ ნოღაიდელის 2009 წლის განცხადება: „ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დავიწყებთ რუსეთთან მოლაპარაკებებს. ბუნებრივია, ეს სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. თავი არავის უნდა მოატყუებინო, ჩვენი პოლიტიკა შეურაცხყოფების მიყენება და ქედის მოხრა არ იქნება. დასათმობი აღარაფერი გვაქვს“.
ნოღაიდელმა რუსეთთან მოლაპარაკებები მანამდე დაიწყო, ვიდრე მთავრობაში ისევ დაბრუნდებოდა, რადგან მიხვდა, რომ მის ხელისუფლებაში მოსვლას „ცოტა“ დააგვიანდებოდა. მეორეც, განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას აუცილებლად დაამხობდა, თუნდაც ამისთვის რუსული ტანკების გამოყენება დასჭირვებოდა. ეს დანაშაულია, სახელმწიფოს ღალატზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ეს არის უკომპრომისო მოლაპარაკებები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, როცა მისი ვიზიტები რუსეთში მხოლოდ ერთ მიზანს, სააკაშვილის შეცვლას ემსახურება?
ხშირად ისმის ბრალდებები ყოფილი პრემიერის მიერ ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკების მისამართით, რომ ისინი სახელმწიფოს ფულს ჰპარავენ და საკუთარ სახელისუფლებო გავლენას თავიანთი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ იყენებენ. ყველასათვის ცნობილია, რომ ქართველ მილიონერთა შორის ზურაბ ნოღაიდელი მეოცე ადგილზეა.
ყველამ კარგად იცის, თუ როგორ აგროვებდა ფულს ნოღაიდელი სახაზინო ვალდებულებების გაყიდვით და როგორ უწყობდა ხელს ამაში `ეროვნული ბანკი~. შევარდნაძის მთავრობიდან მოყოლებული, ზურაბ ნოღაიდელი საფინანსო სისტემაში ყოველთვის სერიოზულ ბერკეტებს ფლობდა და დღეს არავის უკვირს, საიდან აქვს ფული. ნოღაიდელი წილში ეჯდა „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ და თითოეული მოქალაქისგან გაღებული ფული - ელექტროენერგიის საფასური - მის ამოუვსებ ჯიბეში მიედინებოდა. ზურაბ ნოღაიდელის ქონება 75 მილიონი დოლარია, რომელიც ნოღაიდელმა პრემიერმინისტრობის დროს დააგროვა.
ექს-პრემიერი ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებისგან ძალადობის ფაქტებს, არადა ყველას კარგად ახსოვს, როგორ გადაუხადა მადლობა პოლიციას რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევისათვის, სადაც სპორტსმენები და ოპოზიციის წარმომადგენლები ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის და ძიუდოისტის დაკავებას აპროტესტებდნენ.
ზურაბ ნოღაიდელი: „ყველამ, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხი უნდა აგოს. მნიშვნელობა არა აქვს, იქნება ეს პოლიტიკოსი, სპორტსმენი თუ ა.შ. არ შეიძლება ხელისუფლებასთან ულტიმატუმების ენით საუბარი. ჩვენ გადაწყვეტილებას შანტაჟის ქვეშ არ მივიღებთ“.
საზოგადოებას ახსოვს ისიც, მთავრობის კანცელარიის მეთერთმეტე სართულიდან როგორი დაცინვით პასუხობდა ნოღაიდელი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ გარემოვაჭრეებს, რომლებიც სალარო-აპარატების დადგმას აპროტესტებდნენ.
„გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება. ის ფიქსირებული გადასახადები, რომლებსაც მოვაჭრეები მანამდე იხდიდნენ, ბიუჯეტამდე ვერ აღწევდა. ბაზრობებზე სიტუაცია სალარო-აპარატების მეშვეობით უნდა შეიცვალოს“, - აცხადებდა ნოღაიდელი.
გასული წლის საპროტესტო აქციების დროს, ყოფილი პრემიერი ქუჩის ოპოზიციასთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებდა. ეს იმ განცხადების ფონზე, რომლითაც იგი მისი პრემიერმინისტრობის დროს გამოვიდა.
„ეს არაა ის მთავრობა, რომელთანაც ქუჩის საპროტესტო აქციების გზით ლაპარაკია შესაძლებელი“.
დღეს რუსეთის სახელისუფლებო ძალებთან სრულ ჰარმონიაში მყოფი ნოღაიდელი რამდენიმე წლის წინ აცხადებდა, რომ რუსეთი ქართველი ხალხის ჩიხში მოსაქცევად ყველაფერს აკეთებდა. „ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვა რუსეთის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მათი ეს ნაბიჯი „ეკონომიკური ემბარგოა“. ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სხვა ბაზრებზე ადგილის დასაკავებლად“.
ექს-პრემიერი ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მმართველი გუნდის მიერაა დღეს ყველა ნაციონალური არხი მართული და რომ ჟურნალისტები ცენზურის ქვეშ იმყოფებიან. თავის დროზე კი, როცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ პროტესტის გამო დატოვა, ნოღაიდელმა ამ თემის გარკვევაზე თავიც კი არ აიტკია და დასძინა, რომ ჟურნალისტსა და დამოუკიდებელ ტელევიზიას შორის ურთიერთობები მხოლოდ მათი გადასაწყვეტია და ის ამ საქმეში არ ჩაერეოდა.
დღეს რადიკალურად კურსშეცვლილი ნოღაიდელი რუსეთში გავლენიან პოლიტიკურ ძალებთან ვიზიტს ვიზიტზე და შეხვედრას შეხვედრაზე მართავს. მას მიაჩნია, რომ სწორედ რუსეთის დახმარებით შეიძლება მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
არადა, ცოტა ხნით ადრე, ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე განთავსებულ რუს სამშვიდობოებს ნოღაიდელი თავხედებს უწოდებდა.
„ცხინვალის რეგიონში რუსი სამშვიდობოების როტაცია „თავხედური“ საქციელია. ამით რუსეთმა დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ საქართველოსთან დადებული შეთანხმებები არ აინტერესებს“.
მმართველი გუნდის წევრთა მიერ სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები ზურაბ ნოღაიდელის მისამართით, რომ მოღალატეა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ნოღაიდელი გაკვირვებულია ხელისუფლების წევრთა ამგვარი კომენტარებით და ამბობს, რომ მისი საქციელით საქართველოს ზიანს არ აყენებს.
თავის დროზე კი, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი ამ ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდა, არ იშურებდა ამგვარ კომენტარებს მათთვის, ვისი პოლიტიკაც მიუღებელი იყო.
„ემზარ კვიციანი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც განიარაღებული და დაპატიმრებული იქნება მის მხარდამჭერ სხვა ბანდიტებთან ერთად. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნას“, - განმარტავდა ნოღაიდელი.
ამგვარი განცხადებების ავტორს რატომ უკვირს დღეს ხელისუფლებისა და საზოგადოების კრიტიკული და უარყოფითი დამოკიდებულება?
საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დღეს ასეთი ვითარებაა: ნაწილი ოპოზიციისა ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს, ნაწილი კი კვლავ ქუჩის აქციებისთვის ემზადება.
სრულიად ოპოზიციური სპექტრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და ამიტომ პრევენციულ ღონისძიებებს ქუჩის აქციებისთვის წინასწარვე ატარებენ.
ზურაბ ნოღაიდელისთვის არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალის მოსვლა მიუღებელი იყო და ამგვარი განცხადებებით გამოდიოდა: `პოლიტიკოსებმა მოსახლეობის მანდატი შეიძლება მხოლოდ არჩევნების გზით მოიპოვონ. ოპოზიცია საპროტესტო აქციების გზით ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე. ასეთი მექანიზმებით საქართველოში ვერაფერი გადაწყდება და არც გადაწყდება“. დღეს კი ექს-პრემიერს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს.
და ბოლოს... რუსეთის ხელისუფლებასთან ესოდენ დაახლოებული ნოღაიდელისთვის პროდასავლური კურსი მომხიბვლელი აღარ არის. მისთვის უფრო საინტერესო პრორუსული კურსით სვლაა და მიიჩნევს, რომ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება ქვეყანას სასიკეთოს არაფერს მოუტანს.
ადრე კი ნოღაიდელის დამოკიდებულება ამგვარი იყო: `საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად უნდა იმუშაოს „ნატოსთან“ დიალოგის ფარგლებში რეფორმების გასატარებლად. საქართველო რაც შეიძლება მალე უნდა გახდეს „ნატოს“ წევრი, რაც საშუალებას მოგვცემს და გარანტიებსაც, რათა ვიცხოვროთ უსაფრთხო გარემოში“.
ბოლოს კი, ნოღაიდელი ისე გათავხედდა, რომ პოლიციასთან შელაპარაკებისას ასეთი ფრაზა თქვა: „მალე ბიშკეკი მოგენატრებათ“. ბიშკეკი, სადაც ოპოზიციამ ხელისუფლება დაამხო, სადაც 70 ადამიანზე მეტი დახვრიტეს, სადაც რუსეთმა თავისი სისხლიანი გადატრიალების იმპორტი შეძლო. როგორც ჩანს, ახალი „როზა“ ნოღაიდელის სახით უკვე საქართველოშიც არსებობს, თუმცა, იმედია, ვიდრე ჩვენ, სრულიად საქართველოს „ბიშკეკი“ მოგვენატრება, მანამდე ნოღაიდელს მოენატრება თავისუფლება...
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100