კონგრესი ობამას საკუთარ მოთხოვნებს უყენებს

ბარაკ ობამას აშშ–ის კონგრესთან პრობლემები აქვს. წარმომადგენლობითი პალატა პრეზიდენტ ბარაკ ობამასაგან ლიბიის ოპერაციაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის შესახებ ანგარიშს ითხოვს.

„პრეზიდენტს შანსი აქვს, გამოაწოროს მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე კონგრესი აიღებს“ – აცხადებს პალატის სპიკერი. პარლამენტარებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი ბერკეტები აამუშავონ და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, უბრალოდ, არ მისცენ დაფინანსება ოპერაციისათვის. კანონმდებლები იმუქრებიან, რომ უახლოეს მომავალში, დამატებით ღონისძიებებს მიმართავენ, თუმცა რა იგულისხმება ამ ღონისძიებებში, არ დაუკონკრეტებიათ.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობითი პალატის წევრები ლიბიის მისიის დასრულებას არ ითხოვენ. მათი ნაწილი, უბრალოდ, წინადადებას იძლევა, რომ შეწყდეს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა ამ კონფლიქტში, 15 დღის განმავლობაში. თუმცა, მსგავსმა მოსაზრებამ ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. კონგრესმენების უკმაყოფილება გამოიწვია არა ამერიკელი სამხედროების მონაწილეობამ სამხედრო მოქმედებებში, არამედ იმან, რომ პრეზიდენტმა თავად, მათთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეგრეთწოდებული კანონი სამხედრო უფლებამოსილების შესახებ მოქმედებს. ეს კანონი 1973 წელს, ვიეტნამის კამპანიის ეპოქაში იქნა მიღებული. უცხოეთის ოპერაციებში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობის მაქსიმალური ვადა, კონგრესის თანხმობის გარეშე, 60 დღეა. ობამამ ეს რუბიკონი 20 მაისს გადალახა. თავად აშშ–ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ლიბიის მისია ამ კანონის მოქმედებას არ კვეთს. ის ახსენებს ოპონენტებს, რომ ვაშინგტონის მონაწილეობა ამ კამპანიაში შეზღუდულ ხასიათს ატარებს, მეთაურობა კი ნატოს ხელშია.

მაგრამ თეთრი სახლი მაინც ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს მოხსენება იმის შესახებ, კონკრეტულად, რა ღონისძიებები იქნა გატარებული ლიბიაში, რაში უწევთ ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს ფინანსების გაღება. ამის შესახებ კონგრესმენებმა რეზოლუცია უკვე მიიღეს.

კომენტარი