ზურაბ აბაშიძის სიტყვით გამოსვლა ბალტიის ასამბლეის რიგით 33-ე და ბალტიის საბჭოს რიგით 20-ე სესიაზე

24 ოქტომბერს, ქალაქ ტალინში გაიმართა ბალტიის ასამბლეის რიგით 33-ე და ბალტიის საბჭოს რიგით 20-ე სესია. სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, სესიას ესწრებოდა ბალტიის ასამბლეის სამივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, სკანდინავიის საბჭოს, ბენილუქსის პარლამენტის, ვიშეგრადის ქვეყნებისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან.

სესიაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა რეგიონის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ციფრული ხელმოწერების დანერგვა, ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა, უსაფრთხო საზოგადოება და რეგიონალური უსაფრთხოება, ბალტიის ქვეყნებისა და ნატოს 10 წლიანი თანამშრომლობა.

მიწვეული დელეგაციებიდან სიტყვით გამოვიდნენ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ბენილუქსის პარლამენტის თავმჯდომარე მარსელ ობერვაისი და უკრაინის პარლამენტის წარმომადგენელი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში რუსტამ რაუპოვი.

ზურაბ აბაშიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ბალტიის ასამბლეის მრავალწლიან მეგობრობას სუამ-ის ქვეყნებთან. მან აღნიშნა, რომ ბალტიის ასამბლეა ყოველთვის პოლიტიკურად გვერდში ედგა სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს და თავის ოფიციალურ განცხადებებში ყოველთვის მხარს უჭერდა სუამის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას აგრეთვე ხაზი გაუსვა ვიზის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და შეახსენა სესიის მონაწილეებს, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესის დაჩქარება.

ბალტიის ასამბლეის სამი ქვეყნიდან ორმა რესპუბლიკამ ლიტვამ და ლატვიამ უკვე მოახდინეს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. ესტონეთი კი რატიფიკაციას უახლოეს მომავალში მოახდენს.

კომენტარი