ინა გუდავაძე სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში ერთვება...

პეტერბურგელი ალექსანდრე ებრალიძე ისევ აქტიურობს. ამ დღეებში ებრალიძე პეტერბურგში ქართველ ხალხთა კონგრესის მორიგ შეხვედრას აწყობს და გულისამაჩუყებელი სლოგანიც სახელდახელოდ გამოაცხო: „გავერთიანდეთ დემოკრატიისთვის და ისტორიული სამშობლოს ტერიტორიული გაერთიანებისთვის“.
ეს სლოგანი სამუშაო დევიზად იქცა კონგრესისთვის. ებრალიძე რომ ადრეც ატარებდა ასეთ თავყრილობებს, ეს სიახლე არ არის, მაგრამ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, ამჯერად ებრალიძეს თავის შავბნელ გეგმაში უცხოეთში მცხოვრები ქართული სათვისტომოების ჩართვა სურს.
ამ გეგმის განხორციელებაში, მედიის ცნობით მას ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე ეხმარება. გუდავაძემ თავად შესთავაზა ებრალიძეს დიასპორებთან ურთიერთობის მოგვარებაში დახმარება.
ინა გუდავაძე სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში საკუთარი ნებით ჩაერთო ან ჩართეს, თუმცა როცა მისმა ოლიგარქმა მეუღლემ ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკურ მორევში თავით გადაშვება, ფეხიც წაუცდა და თავიც დაკარგა.
ამჯერად შურისძიების წყურვილით მისი ქვრივია ანთებული და ებრალიძეს ქართული დიასპორის გადაბირებაში ეხმარება. ნუგზარ წიკლაური სთავაზობს კოლეგებს შეიმუშავონ მოწოდების ტექსტი ქართული დიასპორისადმი, რომ არ აღმოჩნდნენ კრემლის მზაკვრული გეგმის მსხვერპლი.

„მივმართოთ ქართულ სათვისტომოებს, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ რუსეთის აგრესიის დროს 2008 წლის აგვისტოში, ორი კვირის წინ პუტინის ვიზიტის გასაპროტესტებლად პარიზის ქუჩებში ვინც გამოვიდა, არ მიიღონ მონაწილეობა ამ კონგრესის მუშაობაში, არ იქონიონ კავშირი ებრალიძესთან“, - განაცხადა წიკლაურმა.

კომენტარი