ეკა ბესელია პარლამენტში შედის?!

ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის საიდუმლო მოლაპარაკებით უკვე საბოლოოდ გადაწყდა – თავდაცვის ექს-მინისტრი პარლამენტის ექს-თავმჯდომარის ბანაკში გადადის. იქმნება ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომლის თანახმადაც, ბურჯანაძე-ოქრუაშვილი, ერთ დროს ერთმანეთის მტრები და მოქიშპეები ერთად შეუტევენ ხელისუფლებას.
მათი ურთიერთშეხების წერტილი მხოლოდ ხელისუფლებისადმი სიძულვილია, მაგრამ ახალმა პოლიტიკურმა ქორწინებამ, ოპოზიციაზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა.
კერძოდ, „დრონი.ჯი“ უკვე წერდა, რომ ბესელია ოქრუაშვილს დაემუქრა, თუ ნინოში გამცვლი, პარლამენტში ვდურთავ თავსო.
მართალია, ბესელია ფეხებს აბაკუნებს, რა პარლამენტი, რის პარლამენტიო, თუმცა, დრონი.ჯი-ს წყაროს ინფორმაციით, იგი ამ დღეებში შეხვდება ერთ-ერთ პოლიტიკურ ფიგურას, რომელმაც ექს-ადვოკატს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ ხელისუფლებიდან გარანტიები უნდა შესთავაზოს.
ბესელია, თურმე, იმდენად გაკაპასებულა, როდესაც ნინოსა და ირაკლის პოლიტ-ქორწინების შესახებ ამჯერად უტყუარი ინფორმაცია მოუპოვებია, რომ დაუქადნია: თუ ხელისუფლება ჩემი ოჯახის წევრებს გაათავისუფლებს, პარლამენტში კი არა, იმის იქითაც წავალო (შეგახსენებთ, რომ ბესელიას ძმა ხულიგნობის ბრალდებითაა დაჭერილი).
ასე რომ, გამორიცხული არაა, პარლამენტს კიდევ ერთი დეპუტატი შეემატოს. საკითხავია, ვინ იქნება შემდეგი?!


კომენტარი