"Москва-Сити"-ს მთავარი კოშკი, „ფედერაცია“ იწვის და მისი ჩამოშლის საფრთხე იზრდება (ვიდეო)

მოსკოვის ცენტრში ამ მასალის გამოქვეყნების დროსაც იწვის "Москва-Сити"-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოშკი „ფედერაცია“. ხანძარი უკვე სამ საათზე მეტია, მძვინვარებს და იმის მიუხედავად, რომ იქ მობილიზებულია საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსა და მეხანძრეების გაძლიერებული შემადგენლობა, ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ხანძრის გაჩენისთანავე მას ხუთბალიანი შკალიდან მეორე კატეგორია მიანიჭეს, მოგვიანებით კი ხანძრის საშიშროება უკვე 4 ბალით განსაზღვრეს. საერთო ჯამში, საღამოს 10 საათისთვის ხანძარი მოდებული იყო 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ხანძრის კერა 67-ე სართულზე მდებარეობს და უკვე მოიცვა 66-ე და 65-ე სართულებიც. ეს ის სართულებია, სადაც ნაგავი და ბრეზენტის გროვებია განთავსებული.

ხანძრის ალის შემჩნევა მოსკოვის ცენტრის ნებისმიერი ტერიტორიიდანაა შესაძლებელი. ბლოგერები წერენ, რომ ცეცხლის ალი თითქოსდა გვირგვინივით ადგას შენობას. მოსკოვის ცენტრისკენ უკვე გაემართა ვერტმფრენი, რომელიც წყალს მდინარე მოსკოვიდან იღებს. რამდენიმე წუთის წინ, კოშკის დანგრევის მზარდი საშიშროების გამო სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიის ალყა გააფართოვეს და იქ არავის უშვებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი ცემენტის საზელი მოწყობილობის გადახურებამ გამოიწვია. თავდაპირველად მოსკოველებმა შავი ბოლი დაინახეს, მალე კი შენობიდან ცეცხლის ენებიც ამოიკლაკნა.

„მოსკვა სიტი“ ქალაქის ცენტრში, 60 ჰა ფართობზე გადაჭიმული სამშენებლო მოედანია და ელიტარულ, საქმიან ნაწილადაა ჩაფიქრებული. ის რამდენიმე მაღალი კოშკისგან შედგება და ერთ-ერთი მთავარი სწორედ ალმოდებული „ფედერაციაა“.

წყარო

კომენტარი