დიმიტრი მედვედევი საქართველოს ისევ ემუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მორიგი აგრესიული განცხადება საქართველოს ხელისუფლების მისამართით ფილმ ” რვა აგვისტოს” გადამღებ ჯგუფთან შეხვედრაზე გააკეთა.

დიმიტრი მედვედევმა საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებაში და თქვა, რომ მსგავს შემთხვევაში რუსეთი 2008 წლის ანალოგიურად მოიქცევა.

რუსეთის საგარეო პოლიტიკა კვლავ მტაცებლური და დაპყრობითია, – ასე აფასებენ თბილისში რუსეთის მხრიდან გახშირებულ მუქარის შემცველ განცხადებებს.

რუსი ჟურნალისტის ოლეგ პანფილოვის თქმით, კრემლი თავისი რიტორიკით საქართველოს მიმართ დამპყრობლურ პოლიტიკას განაგრძობს და ამით შიდა არეულობის გადაფარვას ცდილობს.

ქართველი დეპუტატები კი რუსი მაღალჩინოსნების მხრიდან აგრესიულ გამონათქვამებს წინასაარჩევნო კამპანიასა და რუსეთში არსებულ უკონტროლო სიტუაციას უკავშირებენ. პოლიტიკოსების თქმით, რუსეთმა დღემდე ვერ გააცნობიერა ის ფაქტი, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მის პოლიტიკაში ჩარევის უფლება არავის აქვს.

კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები ბოლო პერიოდში გახშირდა. პუტინის რიტორიკას უკვე პრეზიდენტი მედვედევი და ”ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი აგრძელებენ.

კომენტარი