სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის პატრიარქმა ილორის ტაძრის გამო ბოდიში ნინო ბურჯანაძეს მოუხადა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პატრიარქისგან წერილი მიიღო, სადაც "კირილე მეორე ბოდიშს იხდის დაპირების შეუსრულებლობის გამო და სინანულით აღნიშნავს , რომ ქართული მხარის პასიურობისა და დაუინტერესებლობის მიზეზით, დღემდე ვერ მოხერხდა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკითხის დარეგულირება".

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დღემდე არც საქართველოს საპატრიარქოსათვის, არც "დემოკრატიული მოძრაობისთვის" და არც რუსეთის საპატრიარქოსთვის არ მიუწოდებია არანაირი ინფორმაცია ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის იმ სახეცვლილებების შესახებ, რომელიც მან არასწორად ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განიცადა.

"დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ცინიკურია საკუთარი პოლიტიკური ავანტურებისთვის გამოიყენო ეკლესიის თემა, როგორც ამას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს.

"რომ იყოს რეალური სურვილი და ნება საქართველოს ხელისუფლებისა ილორის სახელობის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის პირვანდელი სახის აღდგენისთვის, ქართული მხარე რუსეთის პატრიარქის დაპირებას დიდი ხნის წინ გამოეხმაურებოდა, ვინიდან ყველასთვის ნათელია, რომ აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ვერც იუნესკო და ვერც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მოახერხებს, უშუალოდ რუსეთის საპატრიარქოს გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

"დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე რუსეთის პატრიარქს 2010 წლის 23 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრაზე ბურჯანაძემ, სხვა საკითხებთან ერთად, აფხაზეთში არსებულ XI საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკითხი დააყენა, რომელსაც ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რის შედეგადაც ძეგლის ავთენტურობა დაირღვა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზევე კირილ მეორემ საპატრიარქოს წარმომადგენელს დაავალა, დაუყოვნებლივ სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნობა და საკითხს დეტალურად შეისწავლის. რუსეთის პატრიარქმა დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარის ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის საპატრიარქო აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად დაგმობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. რუსეთის პატრიარქმა შეხვედრაზე ასევე განაცხადა, რომ ტაძრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად თხოვნით ქართულ მხარესაც მიმართავს.

"თბილისში დაბრუნებისთანავე ნინო ბურჯანაძე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს შეხვდა და რუსეთის პარტიაქთან შეხვედრის დეტალები გააცნო. პატრიარქმა ბურჯანაძეს რუსეთის პატრიარქთან ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საკითხის დაყენებისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის პატრიარქის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა.

2010 წლის 28 დეკემბერს "დემოკრატიულმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა ღია წერილი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიმართა, რომ უმოკლეს ვადაში, მედიის საშუალებით, საჯარო გაეხადათ ან საქართველოს საპატრიარქოსთვის მიეწოდებინათ სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმ სავალალო სახეცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამ ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განიცადა, რათა აღნიშნულ საკითხზე რუსეთის პატრიარქის პოზიციას ხელი შეეწყო პრობლემის მოგვარებისთვის",-ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100