სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს არის ორგანიზებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ - ბურჭულაძე ქართველო სამხედროს საქმეზე

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ იციან რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცის პერსონალურ ინფორმაციას და ზრუნავენ სამხედროებზე. მისი აზრით, საწინააღმდეგო "კამპანია" ოპოზიციური მედიის მიერაა პროვოცირებული.

ბურჭულაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს უთხრა, რომ ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც "ასეთ პროვოკაციას აწყობს".

"ჩვენ გავავრცელეთ განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეები ჩვენთან არ ინახება, ჩვენ დავიწყეთ მაინც მოკვლევა - სამხედრო პოლიციამ, რომ დავაზღვიოთ ანალოგიური რისკები. ჩვენ დროს დავხურეთ ჩვენ ისეთი ინფორმაციაც კი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, რაც შეიცავდა ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ა.შ ჩვენ ვზრუნავთ, ჩვენ ვიცით რა მნიშვნელობა აქვს ჯარისკაცების პერსონალურ ინფორმაციას.

თუმცა ჩემი აზრით, ეს კამპანია არის პროვოცირებული ჩვენი ოპოზიციური მედიის მიერ, რომ იცოდეთ, მე მინდა გირჩიოთ, რომ ჩვენი გენერლები, ამ კვირას მე მივანიჭე ორ ადამიანს გენერლობა, ერთს გენერალ-მაიორობა, ეს ხალხი ომის დროს, ერთ-ერთი მათგანი კახა ტაბატაძე ასრულებდა მაშინ პირველი ბრიგადის მეთაურის მოვალეობას, იყო არტილერიის ბატალიონის მეთაური, ეს ხალხი, ჯარისკაცები ჩვენ არ მოგვყავს, ჯარი ზოგადად ისეთი სტრუქტურაა, სადაც არიან დიდი ხნის განმავლობაში და ეტაპობრივად მიმდინარეობს დაწინაურება, ჩვენ არ მოგვიყვანია აქ ჯარისკაცები და თქვენ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ როდესაც ასეთ პროვოკაციებს აწყობთ, არ უნდა შეეხოთ ჩვენ ჯარისკაცებს, ჩვენ გმირებს. ეს არის ორგანზიებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული", - თქვა ბურჭულაძემ.

მან მედიას ურჩია სტუდიებში სამხედრო ექსპერტებად ისეთი ადამიანები არ მიიწვიონ, ვინც ჯარის სახელი არ იცის. ამის მაგალითად მინისტრმა ენმ-ს წევრი, დევი ჭანკოტაძე და "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე მოიყვანა.

"5 წელია უკვე შეიცვალა და ჩვენი ჯარის სახელი არ იციან, ჩვენ ჯარს დღეს ჰქვია თავდაცვის ძალები და არა შეიარაღებული ძალები, თქვენამა სტუმრებმა, რესპოდენტებმა სახელიც კი არ იციან რა ჰქვია ჩვენ ჯარს. [...] ამ ხალხს ეხლა აინტერესებს ჩვენი ჯარისკაცების ბედი, ამ ხალხს მხოლოდ აინტერესებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის დესტრუქციის მოწყობა", - თქვა მან.

ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" მოამზადა რეპორტაჟი, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვიდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში. სამინისტრო ამბობს, რომ შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100