საქართველო "წითელ ზონაშია" - 7 იანვრიდან ბულგარეთში შესვლის ახალი წესები ამოქმედდება

2022 წლის 7 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში შესვლას ვეღარ შეძლებენ. შესაბამის განცხადებას საელჩო ავრცელებს და წერს, რომ საქართველო "წითელ ზონაში" რჩება.

ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება 5 იანვარს გამოსცა. ახალი წესების მიხედვით, "წითელი ზონის" ქვეყნებიდან ბულგარეთში შესვლა აკრძალულია, გარდა შემდეგი გამონაკლისებისა:

ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ან/და ბინადრობის უფლების მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები;
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, საკუთარი პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად შემოსვლის შემთხვევაში;
მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მოწოდებით დაკავებული პირები;
სახელმწიფო პირები (ქვეყნის მეთაურები, სახელმწიფო დელეგაციების წევრები), დიპლომატები და საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ტექნიკური პერსონალი (მათი ოჯახის წევრებით), ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად შემოსვლისას;
ჰუმანიტარული მიზნებით მოგზაური პირები;
სასოფლო-სამეურნეო და ტურიზმის სფეროს სეზონური მუშაკები;
უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან ბულგარეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მისაღებად, ბულგარეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული აღნიშნულის დამადასტურებელი წერილით;
ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული პირები, D კატეგორიის სასწავლო ვიზით;
ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის მიერ ქვეყანაში შემოსვლაზე გაცემული წერილობითი ნებართვის მქონე პირები.
გამონაკლისების სიაში მყოფ პირებს, ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსასვლელად მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად.

ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია. ამ შემთხვევაში, COVID-19-თან დაკავშირებული დოკუმენტების (სერტიფიკატი/PCR) წარმოდგენა არ მოითხოვება.

კომენტარი