სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა უთხრა ბრალდებულის მამამ "კურიერს" ექსკლუზიურად - ახალი დეტალები 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეში

ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამამ, 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე, ოჯახის პოზიცია "კურიერს" ექსკლუზიურად გააცნო. - თუ ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავეა, მშობელი მზადაა, რომ მისმა შვილმა კანონის წინაშე პასუხი აგოს.

"კურიერი" მამაკაცის ვინაობას საგანგებოდ არ ასაჯაროებს, იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება "რუსთავი 2" ფრთხილობს არ მოხდეს მოზარდის იდენტიფიცირება.

მამა მკვლელობის დეტალებზე ვერ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ დაინტერესებულია გამოძიებით და სამართალდამცველებთანაც მაქსიმალურად თანამშრომლობს, როგორც თავად, ასევე მისი შვილიც.

არასრულწლოვნის შესახებ მართლმსაჯულების კანონი ითვალისწინებს, რომ ბრალის წარდგენის პროცესს, ადვოკატთან ერთად მშობელიც დაესწროს, სწორედ ამ მიზეზით მივიდა დაკავებული მოზარდის მამა დღეს წინასწარი მოთავსების იზოლატორთან.

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე, გამოძიება პირველივე დღეს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაიწყო. მოზარდებს, დღეს ოფიციალურად ბრალი სწორედ ამ მუხლებით წარედგინათ. მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, მეორე დაკავებული კი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან, სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და ადასტურებს, რომ მკვლელობის დღეს, შემთხვევის ადგილას თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა.

რა მოხდა 4 დეკემბერის ღამეს სანზონაში და რის გამო გაუსწორდნენ ფიზიკურად არასრულწლოვნები ერთმანეთს - ეს გამოძიებამ სავარაუდოდ უკვე იცის, თუმცა ამ დრომდე მკვლელობის ოფიციალური მოტივი უცნობია, ასევე უცნობია გაიზრდება, თუ არა დამნაშავე პირთა წრე, რადგან "კურიერთან" საუბარში თვითმხილველები იხსენებენ, რომ ინციდენტში 10-ზე მეტი პირი მონაწილეობდა.

პოლიციამ უკვე ამოიღო მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული თითქის ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, სადაც სავარაუდოდ, კონფლიქტის დაწყების დრო და ინციდენტში მონაწილე პირების გადაადგილება ჩანს.

15 წლის დავით კრავეიშივილი სანზონაში, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. "კურიერის" ინფორმაციით, მას საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ორი პირი ელოდებოდა, ამის შემდეგ კი არასრულწლოვნები ლიახვის ქუჩისკენ წავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ ე.წ გარაჟებთან დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე მეტრში, მკვლელობით დასრულდა. სამართლდამცველებმა ცხელ კვალზე იმ ღამეს ორი პირი დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100