კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი არ არის - როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელმაც 17 დღე იშიმშილა, საკვების მიღებას სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნიუ ჰოსპიტალსის” შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ქანთარიამ განუცხადა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპისთვის ელენე ხოშტარია საკვებ დანამატზე იმყოფება.

ექიმის ინფორმაციით, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები, ამიტომ კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი არ არის.

" ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ვიტალური პარამეტრები გაკონტროლებულია, ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან კვლავ ვლინდება გარკვეული ცვლილებები ელექტროლიტურ ბალანსში, რომლის კორექციაც მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შემდგომი კონტროლით და ისევ კორექციით.

რაც შეეხება კვების საკითხს, ჯერ საკვებზე არ გადასულა. ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა. ამ ეტაპამდე საკვებ დანამატზეა, რომელიც არჩეულია ჩვენს მიერ, ამით ხდება მკაცრი კონტროლი იმ კალორაჟისა, რომელსაც ვაწვდით. ვინაიდან, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები კვების კალორაჟის მიღების პარალელურად , ამიტომ საჭიროებდა ეს ვითარება მაქსიმალურ კონტროლს. ალბათ, პაციენტის გაწერაზე საუბარი ჯერ ადრეა. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელი რისკები გვაქვს, რომ განვითარდეს კვების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული გართულებები, როგორც ელექტროლიტური. ასევე სხვა " ,- აღნიშნავს ქანთარია.

კომენტარი