თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის მაჩვენებელი და პირბადეების გამოყენების პროცენტი ძალიან დაბალია. ამაზე ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს

თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის აზრით, წინ რთული პერიოდი გველოდება, რამაც შესაძლოა კლინიკურ სექტორზე სერიოზული გავლენა იქონიოს. „ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ საგანგაშოა. 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარი