უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში არ შეუშვეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პარლამენტში განცხადების გასაკეთებლად არ შეუშვეს. ქალმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თქვეს, რომ მათზე საშვები დაშვებული იყო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება საკანონმდებლო ორგანოს გარეთ გააკეთეს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, პარლამენტში შეეშინდათ, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს განცხადება გაეკეთებინათ. სიმონიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

"სამარცხვინოა, ის რაც პარლამენტში მოხდა და რაც ჩვენ ვიხილეთ, სამარცხვინოა მათ შორის, ის რაც დღეს ხდება, რომ ამ განცხადების გაკეთების საშუალება პარლამენტში არ მოგვეცა და პარლამენტში შეეშინდათ იმის, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევსულიყავით და იქ გაგვეკეთებინა განცხადება.

ჩვენ ვგმობთ ყველანაირ განცხადებას, სირცხვილია ძალადობა, სირცხვილია ქალზე ძალადობა და აქედან გამომდინარე ვგმობთ ყველაფერს და მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები",- თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით 18 ივლისს პარლამენტში შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ. ვახტანგ გომელაურის გამოსვლისას, ჟურნალისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნით ტრიბუნასთან ბანერები მიიტანეს, რასაც მმართველი გუნდის დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

18 ივლისს სასესიო დარბაზში, სავარაუდო ძალადობის ფაქტს ადგილი 3 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატის მიმართ ჰქონდა. ოპოზიციის წევრებმა საკითხის შესასწავლად პარლამენტის ეთიკის საბჭოსაც მიმართეს.

კომენტარი